რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა დიდი სისწრაფით მყარდება და სავალუტო ბაზარზეც პოზიტიური მოლოდინი შეიქმნა. უკვე ყველა საუბრობს, რომ მოლოდინი მხოლოდ უკეთესობისკენაა, რამაც ლარს პოზიციები საგრძნობლად გაუმყარა. კურსი თანდათან უბრუნდება იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიის პირველ დღეებში იყო.
„თიბისის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას აზრით, ლარის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის, თუ როგორ თანაფარდობაშია დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოლოდინი, რომელიც იმაზე უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო.
„ბოლო პერიოდში დოლარმა დათმო პოზიციები როგორც ევროსთან, ასევე თურქულ ლირასთან და რუბლთან, ხოლო ლარზე ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის, თუ როგორ არის დოლარი ამ ვალუტებთან მიმართებით. ბაზრებზე გაუჯობესება ნამდვილად შეინიშნება, ნავთობზე ფასები იზრდება, ასევე ეკონომიკის გახსნაც პოზიტიურ მოლოდინს აჩენს.
მართალია, აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ჩემი აზრით, შეიძლება უარესიც ყოფილიყო იმ გამოწვევის ფონზე, რაც გვაქვს. ასევევ ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც აპრილში 42.3%-ით შემცირდა, თუმცა მაისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჯამში, დიდ ოპტიმიზმზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჩვენს გარშემო ქვეყნებში ყველგან არასახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ მცირე პოზიტივი მაინც გვაქვს, იმასთან შედარებით, რაც 1-2 თვის წინ იყო“, - განაცხადა „ბიემთან“ ნადარაიამ.
ეკონომისტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ თუ რა არის მიზეზი იმისა, რის გამოც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით უკვე რამდენიმე დღეა მყარდება. ლაშა გოცირიძე ამბობს, რომ ლარი ნელ-ნელა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება. ამის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანიკის შესუსტებაა.
„ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გამყარების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. როდესაც 3,20 ნიშნულს გადასცდა, დიდი ალბათობით, ეს იყო პანიკის შედეგად მიღებული იმაზე დიდი გაუფასურება, ვიდრე რეალურად უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე, ლარი ნელ-ნელა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება.
რას იზამს მომდევნო დღეებში ლარი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ისევე როგორც, ასე მალე რეალური, სიღრმისეული მიზეზების დადგენა და დასკვნების გაკეთება. უბრალოდ, ფაქტი ერთია, კორონავირუსით გამოწვეული ზედმეტი პანიკა შედარებით ჩაცხრა და ეს ლარზეც შესაბამისად აისახა“, - განაცხადა გოცირიძემ.
ლარის კურსის რყევებს აღარ ელოდებიან უმხვილესი ბანკირებიც. როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, კურსის სტაბილურობას ხელი ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა უნდა შეუწყოს.
„რასაც ჩვენ ვუყურებთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, გაცილებით აქტიური არის ეროვნული ბანკი, ვიდრე ის ისტორიულად აქამდე ყოფილა. ამასთან, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის შემცირებაზე, აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე აკუმულირებული არის მილიარდ ნახევარი დოლარი, რომელიც პირდაპირ წავა ბიუჯეტში, ეროვნულ ბანკში. მისი ნაწილი კი შეიძლება გამოყენებული იყოს ბაზარზე გამოსასვლელად და კურსის გასამყარებლად.
მოკლევადიანი გამყარებისა და ზოგადად, ერთდღიანი ან ორდღიანი რყევების მიზეზებზე საუბარი რთულია. ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მე მაინც მას ბიზნესებისა და ეკონომიკის ამოქმედებას დავუკავშირებდი“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ბოლო 3-4 დღეში ეროვნული ვალუტა ერთბაშად 12 პუქტით გამყარდა და თანდათან 3,0-იან ნიშნულს უახლოვდება.