ხუდონჰესის ბედი გაირკვა. უფრო სწორად გაირკვა ის, რომ გიგანტური ჰესი სვანეთში ვეღარ აშენდება და სახელმწიფომ ინვესტორთან არსებული ხელშეკრულების მოშლის მოსამზადებელი პროცედურები დაიწყო. ადგილობრივების უმწვავეს პროტესტს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოში ისეთი ეკონომიკური კრიზისია, ამხელა პროექტის უზარმაზარი ინვესტიციის ჩასადებად ინვესტორის პოვნა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
ხუდონჰესის ასაშენებლად კონტრაქტი „ტრანს ელექტრიკასთან“ 2011 წელს დაიდო, თუმცა ვერც წინა და ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ დაარწმუნა ადგილობრივები ჰესის იმდენად საჭიროებაში, რომ საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან მიგრაციაზე დათანხმებულიყვნენ.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ ხელშეკრულების მოშლის მოსამზადებლად, საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-ს 118 000 ევროს გადაუხდის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეკონომიკის სამინისტროს Hogan Lovells-თან ამ ხელშეკრულების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლება მთავრობის მიერ 2020 წლის 27 თებერვალს მიღებული განკარგულების საფუძველზე მიეცა.
შეთანხმების მოშლის შემთხვევაში, პროექტის განხორციელებას ინდური კომპანია ოფიციალურად ჩამოსცილდება. ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა კი ამბობს, რომ თავად ინვესტორმა გადაწყვიტა პროექტიდან გასვლა.
„ეს არის ცივილური ფორმა, რომ კომპანია და სახელმწიფო ერთმანეთთან საუბრობენ გასვლის ხელშეკრულების შედგენაზე. ეს არ არის კონფლიქტი და ბევრმა ინგლისური თარგმანი ისე წაიკითხა, თითქოს კომპანიასთან ომს იწყებდეს სახელმწიფო. ასე არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკება, ხუთეულის აუდიტორები შეაფასებენ იმ დანახარჯებს, რაც კომპანიამ გასწია, ეს მშვიდობიანად დამთავრდება და დაიწყება ახალ ინვესტორზე ფიქრი.
რაც შეეხება გაყრის მიზეზს: კომპანია 2008 წელს შემოვიდა. პირველი 4 წელი არაფერი უკეთებია, 2012 წელს დაიწყო ინტენსიური მუშაობა, ველზეც გაკეთდა უამრავი სამუშაო, ეს არის გეოლოგიური შესწავლები თავიდან, ტექნიკური პროექტის თავიდან გადახედვა, ასევე, სეისმური დარაიონების რუკის და ა.შ... ეს უამრავი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ ვერ მოხერხდა მრავალი მიზეზის გამო, რომ პროექტი მშენებლობის ეტაპზე გადასულიყო, აქედან გამომდინარე, ინვესტორისთვის ეს ძალიან რთული აღმოჩნდა და მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გავიდეს ქვეყნიდან“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ მირცხულავამ.
მას არ დაუკონკრეტებია, დაახლოებით, რა ხარჯი გასწია წლების განმავლობაში „ტრანს ელქტრიკამ“ ამ პროექტის განვითარებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ პროექტის გადადება, არამედ შეწყვეტაა, რადგან ის იმთავითვე არარეალური იყო. გარემოზე ზიანის გარდა, სხვა დამაბრკოლებელი ფაქტორებიც არის მნიშვნელოვანი, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას ახლდა.
„მთავარი პრობლემა ამ ჰესთან მიმართებით, რომლის პროექტიც დიდად რეალურიც არც არის, სასოფლო-სამეურნეო მიწებია. ეს პროეტქი, უბრალოდ, ვეღარ შედგება. თემში შემავალი სოფლების აყრაზეა საუბარი. აქედან ზოგი დატბორვაში ხვდება და ზოგი გარესამყაროს უნდა მოწყდეს და ამიტომ მოუწევთ გადასახლება. ლაპარაკია 2000-მდე ადამიანზე.
მშენებლობის პროცესის მთავარი შემაფერხებელი კი, ბუნებრივია, ყოველთვის იქნება სვანების ფიცი, რომ არაფრის ფასად დათმობენ საკუთარ სახლებს, საგვარეულო ეკლესიებს და წინაპრების საფლავებს, რომელიც დატბორვის ზონაშია პროექტის მიხედვით“, - განაცხადა ჭიპაშვილმა.
ხელშეკრულების მოშლის პროცედურები ორივე მხარის შეთანხმებით მალე დაიწყება.