2013 წლის ბიუჯეტის პროექტი

2013 წლის ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს პარლამენტს მომავალ სასესიო კვირაში მოუწევს 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რადგან წლის ბოლომდე დარჩენილი მცირე დრო განხილვის გადადების საშუალებას აღარ იძლევა. ახალმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პროექტი შემჭიდროებულ ვადებში მიუსადაგა საკუთარ საარჩევნო პროგრამას. შედეგად, მისი წინამორბედისგან დაპირებული გადასახადების შემცირება აღარ მოხდება, მაგრამ იქნება საყოველთაო დაზღვევა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 9 მილიარდი ლარია. გაზრდილი ხარჯები ძირითადად იმ სოციალური და ეკონომიკური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის პრიორიტეტებს წარმოადგენს - მაგალითად, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევას და პენსიების გაზრდას. მაგრამ ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ექსპერტი ლაშა დოლიძე ირწმუნება, რომ ბიუჯეტში ჩადებული თანხები საკმარისი არ არის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სრულფასოვნად დასაფინანსებლად:

”2013 წლის პირველი იანვრიდან რომ დაიწყოს ამის განხორციელება და დაიხარჯოს ფული და შესრულდეს დაპირება, ჩვენ გვაქვს შეფასებული რა უნდა მოხდეს, რომ ეს შესრულდეს. დაახლოებით 625 მილიონი ლარია საჭირო ამისთვის, როგორც დამატებითი რესურსის გამონახვა.”

ეს განცხადება ლაშა დოლიძემ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” მოამზადა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე განმარტავს, რომ დაზღვევის პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება, ამიტომ მას ბიუჯეტში ჩადებული თანხები თავისუფლად გასწვდება:

”თებერვლიდან შემოდის ერთ ეტაპზე, შემდეგ კიდევ, ზაფხულიდან კიდევ იზრდება. ჩვენ მთლიანად მოვიცავთ, ოღონდ ეტაპობრივად. ბიუჯეტში ეს გაწერილია”.

დავით ებრალიძის მიერ ნახსენები დაზღვევის გარდა, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” სხვა სოციალური ხარჯებიც შეისწავლა და დაასკვნა, რომ გაცილებით მეტი ფულია საჭირო სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და სხვა პროგრამებისთვის.

მიუხედავად ამ შენიშვნისა, ცენტრის ექსპერტი ლაშა დოლიძე მიესალმება ბიუჯეტის პრიორიტეტულობის უფრო მეტად გამოკვეთას და მათ შორის სოფლის მეურნეობის მოხვედრას. ამ სფეროს დაფინანსება დაახლოებით 50 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა კი გაურკვეველი რჩება სოფლის მეურნეობისთვის დაპირებული 1 მილიარდის საკითხი, რომლის გამოყოფის პირობას დებდა მმართველი ძალის ლიდერი და ამჟამად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ეკონომისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობაში ჩადებული სახსრების ეფექტს მოსახლეობა მყისიერად ვერ იგრძნობს.

 სოციალური პრიორიტეტების გამოკვეთისა და გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, ბიუჯეტი ხელს არ უწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, - აცხადებს ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ექსპერტი ლაშა დოლიძე:

 ”რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს განზრახვა, რომ უზრუნველვყოთ სოციალური სამართლიანობა და ჩვენი მოქალაქენი ცხოვრობდნენ უკეთ, სამწუხაროდ, ამის რესურსი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქართველოს არ აქვს. ის რესურსი, რაც გვაქვს, უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხალხი თავად დასაქმდეს და თავად მიხედოს თავის თავს. ჩემი აზრით, ეს უფრო მისაღები იქნება. მით უმეტეს, ინფრასტრუქტურა გვაკლია, მაინცდამაინც განვითარებული არ არის. ინფრასტრუქტურა საჭიროა იმისთვის, რომ რეალურად გაიაფდეს საქონელი, კონკურენციის ხარისხი გაიზარდოს და კიდევ ერთი მომენტი ის იქნება, რომ დასაქმებას გაზრდის. კარგია სოციალური ხარჯები იმ აზრით, რომ მოქალაქეები უკეთ ცხოვრობდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის ვერ დაუკავშირდება ზრდას”.

ლაშა დოლიძის აზრით, სოციალური პროგრამების განხორციელების სურვილი წინააღმდეგობაში მოდის სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევის მიზანთან. უფრო კრიტიკული შეფასება გააკეთა ოპოზიციაში გადასული «ნაციონალური მოძრაობის» საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:

”ძალიან ბევრი პრობლემაა ამ ბიუჯეტში. ეს პრობლემები არის ბიუჯეტის ბუნდოვანება, ბიუჯეტის არაორიენტირებულობა ქვეყნის ზრდაზე და ეკონომიკის ზრდაზე. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ჩვენ, ფაქტობრივად, უარს ვამბობთ იმ სტრატეგიაზე, რომ ხვალ-ზეგ ჩვენი ეკონომიკა იყოს მეტი და მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული. ის ბიუჯეტი, რაც დღეს არის წარმოდგენილი, ეს დასაქმებას ვერ შეუწყობს ხელს, სამწუხაროდ, და ეს დასკვნა ცალსახად შეგვიძლია გავაკეთოთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის დასაქმება და ცალსახად უნდა ვთქვათ, პრიორიტეტი 2013 წელს, სამწუხაროდ, ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, იქნება არა ის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, არამედ ოღონდ ის სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს, რაც დღეს არსებობს”.

პოლიტიკური ძალა, რომელსაც გიორგი ვაშაძე მიეკუთვნება, ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყნის მოსახლეობას 2013 წლის მანძილზე გადასახადების შემცირებას ჰპირდებოდა. ახლა გადასახადების ლიბერალიზაციის პროცესი შეჩერდება, - აღნიშნულია «ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის» კვლევაში. ასეთი დასკვნის საფუძველს ის იძლევა, რომ, საპარლამენტო არჩევნებამდე მთავრობაში მომზადებული პროექტის მიხედვით, 20-დან 18 პროცენტამდე მცირდებოდა საშემოსავლო გადასახადი. ასევე უნდა გაუქმებულიყო დივიდენდის 5 პროცენტიანი გადასახადი. ამ ცვლილებების შეჩერებასთან ერთად მომავალ წელს «როიალტის» გადასახადი, ნაცვლად 15-ისა, 20 პროცენტი იქნება.

გამარტივება შეეხება მხოლოდ ეგრეთ წოდებულ დაუბეგრავ მინიმუმს. 6000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე პირების თანხის ნაწილი - კერძოდ, 1800 ლარი - საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება. ეკონომისტების შეფასებით, მოქალაქეები, რომლებსაც ეს ცვლილება შეეხება, ყოველდღიურად 98 თეთრს დაზოგავენ.