თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, თუმცა ამ პროცესს ოპოზიციონერი დეპუტატებიდან მხოლოდ ორი, დამოუკიდებელი დეპუტატი კახა კუკავა და „ახალი მემაჯვენე“ მამუკა კაციტაძე ესწრებოდნენ და მათაც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. შესაბამისად, ბიუჯეტი 29 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. დანარჩენმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი საკრებულოს სხდომა ბიუჯეტის დამკტიცებამდე დატოვეს.
დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას თბილისის მერი, გიგი უგულავა არ დასწრებია, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. თავდაპირველად ამასთან დაკავშირებით პროტესტი ქრისტიან-დემოკრატმა ჯაბა სამუშიამ გამოთქვა. მისი თქმით, ამით უგულავამ ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს იგნორირება გაუკეთა. ჯაბა სამუშიამ საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ სამადაშვილს მოსთხოვა, ბიუჯეტის განხილვაზე გიგი უგულავა მიეყვანა და ამ უკანასკნელს საკრებულოს წევრების უმნიშვნელოვანეს შეკითხვებზე პასუხი გაეცა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არის მორგებული.
ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისის“ თავმჯდომარემ, გიორგი მუსხელიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტი ბუნდოვანი და კორუფციულია. მისი თქმით, დასუფთავების სამსახურისგან ითხოვა დეტალურად განემარტათ რაში დაიხარჯებოდა დამატებით მოთხოვნილი 10 მლნ ლარი, რომელიც მომავალ წელს უნდა გამოიყოს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
კონკრეტულად რა პრეტენზიები და პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ ოპოზიციონერ დეპუტატებს თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის მიმართ, ამაზე for.ge საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ წევრს, მაკა გვარამიას ესაუბრა.
მაკა გვარამია: „ჩვენი პირველი პრეტენზია იმას უკავშირდება, რომ ბატონმა უგულავამ საჭიროდ არ ჩათვალა, ბიუჯეტი ჩვენთვის პირადად გაეცნო და ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მოგვცა. მეორე - ბიუჯეტი ისეა გაწერილი, რომ ისევ „ნაცმოძრაობას“ და მის ინტერესებზე არის მორგებული. ამის მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ პროექტი „თბილისის კორპუსი“, რაზეც 2013 წლის ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული.
კონკრეტულად რა ხარჯებია ამ პროექტში გათვალისწინებული?
- აქ არის ამხანაგობების ხელმძღვანელების, ანუ ე.წ. კორპუსის თავმჯდომარეების ხელფასები. მოგეხსენებათ, ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები არიან. ამდენად, მთელი ეს თანხა სწორედ „ნაცმოძრაობის“ ინტერესებს მოხმარდება.
კიდევ ერთი თემა, რომელმაც ჩვენი პროტესტი გამოიწვია, არის ბიუჯეტის მუხლი „სხვა ხარჯები“, რომელიც 110 მილიონს მოიცავს და არავინ იცის, რაში დაიხარჯება ეს ფული. აქვე გეტყვით, რომ საერთოდ არ არის დაკონკრეტებული, რა იგულისხმება ამ სხვა ხარჯებში.
საკრებულოს სხდომაზე თუ დასვით კითხვა ბიუჯეტის ამ მუხლთან დაკავშირებით და თუ აგიხსნეს, რაში შეიძლება ეს თანხა დაიხარჯოს?
- რა თქმა უნდა, ჩვენ დავსვით ეს კითხვა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. როგორც წესად ჰქონდათ საკრებულოში, სწორედ იგივე მეთოდებით სურდათ ბიუჯეტის მიღება. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას ვერ მივიღებდით და აქედან გამომდინარე, დავტოვეთ სხდომა. როდესაც დედაქალაქის მერი, რომელიც მოსახლეობის ნდობის 15%-ით სარგებლობს, ბიუჯეტს გვიგზავნის და არც კადრულობს, რომ ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიგვაღებინოს, მიგვაჩნია, რომ 15%-ან მერს იმის უფლებაც კი არ აქვს, რომ ბიუჯეტი გამოგვიგზავნოს.
ქალბატონო მაკა, როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი ბიუჯეტის კიდევ ერთმა მუხლმა გამოიწვია, რომელიც გარეგანათების საკითხს ითვალისწინებს.
- დიახ, საუბარია 19 მილიონ ლარზე, რომელიც ისე არის გაწერილი, რომ როდესაც სპეციალისტები ამ გათვლებს ეცნობიან, უბრალოდ გაოცებულები რჩებიან. ამ პროექტში გარეგანათების ბოძების რაოდენობა და სანათების რაოდენობა ისე იყო გათვლილი, რომ ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, 100 სანათი იყო გათვლილი 400 ბოძზე. ამდენად გამოდის, რომ თითო ბოძზე 2.5 ნათურა არის გაანგარიშებული, რაც, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ გაკეთდება.
ეჭვი გაქვთ, რომ ეს გაბერილი თანხებია?
- რა თქმა უნდა, და არა მხოლოდ ეს, მთლიანად ბიუჯეტი არის საოცრად გაბერილი.
თქვენთან ერთად საკრებულოს სხდომა კახა კუკავასა და მამუკა კაციტაძის გარდა ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა?
- დიახ, მაგრამ კახა კუკავამ და მამუკა კაციტაძეც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.