ახალი რკინიგზა ჯერ კიდევ უცნობი საფრთხეებით

ახალი რკინიგზა ჯერ კიდევ უცნობი საფრთხეებით

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით ახალი მთავრობაც ძალიან დაინტერესებულია. რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამინისტროში მისვლისთანავე დაინტერესდა პროექტის მიმდინარეობით და ხარვეზები არც აღმოუჩენია. სამაგიეროდ, ამ სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებით საკმაოდ დიდ ლაფსუსებს ამჩნევენ ტრანსპორტის სფეროს ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ამოქმედებით საქართველოს პორტებს 3 მლნ ტონამდე ტვირთი დააკლდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება 2014 წლამდე გადაიდო. მიზეზი რთულ რელიეფურ უბნებზე სამშენებლო სამუშაოების შეყოვნება გახდა. თვეების განმავლობაში რკინიგზის მშენებლობა გაჩერებული იყო და ამის რეალურ მიზეზად, არა რთული უბნები, არამედ აზერბაიჯანიდან დაფინანსების გაჩერება სახელდებოდა.

რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები ერთ-ერთ მაღალ უბანზე მიმდინარეობს და ექსპლოატაციის ვადებმა ამ უბნის სირთულის გამო გადაიწია. მინისტრმა აღნიშნა, რომ ფინანსები უკვე გამოყოფილია აზერბაიჯანული მხარის მიერ და პროექტი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„როგორც კი სამინისტროში მივედი, ამ საკითხით დავინტერესდი და ვნახე, რომ სამუშაოები ახლა რთულ უბანზე მიმდინარეობს და გვირაბი კეთდება“, - ამბობს ნარმანია.

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის პირველმა პირებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით „თბილისის დეკლარაციას რეგიონული თანამშრომლობის ერთობლივი ხედვის შესახებ“ ხელი 2007 წელს მოაწერეს. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის ხელშეკრულებების ხელმოწერას ისტორიული მოვლენა უწოდეს.

რკინიგზის გახსნის ისტორიული მომენტი კი არა და არ დადგა.  ბაქო-თბილისი-ყარსის ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი აგერ უკვე მეორედ გადაიდო და შესაძლოა, არც 2014 წელი აღმოჩნდეს საბოლოო ვადა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტისადმი თურქეთის აქტიური მხარდაჭერა მისი გეოსტრატეგიული ინტერსებითაა ნაკარნახევი და ირიბად გულისხმობს ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონებისა და მიმდებარე ნავსადგურების (სამსუნი, ტრაბზონი, რიზე) განვითარებას. ამ ნავსადგურებში თურქეთის მხრიდან დამატებითი ინვესტიციების განთავსება, რომელიც სადღეისოდ აქტიურად მიმდინარეობს, გამოიწვევს საქართველოს ნავსადგურებიდან ტვირთნაკადის გადადინებას და პერსპექტივაში შავი ზღვის ამ სეგმენტში მათ კონკურენტ ნავსადგურებად ჩამოყალიბებას.

როგორც ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს ფოთის ნავსადგურისათვის მნიშვნელოვანი საკონტეინერო ნაკადის ყარსი-თბილისის მიმართულებით გადართვა. აზია-წყნარი ოკეანის და ჩრდილოეთ-სამხრეთ ამერიკიდან სახაზო საკონტეინერო გემები, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი პირდაპირი რკინიგზის არსებობის შემთხვევაში, კონტეინერების ფიდერულ გემებზე გადაუტვირთავად, თურქეთის ხმელთაშუა ზღვის არსებულ ნავსადგურებს მიანიჭებენ უპირატესობას.

ამ თვალსაზრისით, ფოთი დაკარგავს მისთვის პრიორიტეტულ, მაღალტარიფიან, საკონტეინერო ნაკადს. უპირველეს ყოვლისა, ამ ნაკადის დაკარგვა მტკივნეულად აისახება ქართველ საავტომობილო გადამზიდავებზე.

სავარაუდო გათვლებით, პაატა ცაგარეიშვიის აზრით, თურქეთ-საქართველოს სარკინიგზო პროექტის ამოქმედებით, საქართველოს ნავსადგურებს 2,5-3,0 მლნ ტონამდე ტვირთი დააკლდება, რაც ჩვენი ნავსადგურების მიერ სადღეისოდ გადამუშავებული მშრალი ტვირთების 30-35%-ს შეადგენს.