მთავრობამ ანტივირუსული წესები სპორტსმენებსაც დაუდგინა

მთავრობამ ანტივირუსული წესები სპორტსმენებსაც დაუდგინა

საქართველოს მთვარობამ სპორტისთვისაც მოიცალა და ის წესები დაადგინა, რომელიც სპორტსმენებმა ვარჯიშისა და ასპარეზობისთვის უნდა დაიცვან. აქტიური სპორტული ღონისძიებები ჯერ არათუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით არ აღდგენილა, მაგრამ მზადება უკვე მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრმა პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, არაკონტაქტური და კონტაქტური სპორტის სახეობებისთვის ვარჯიში ღია სივრცეში უნდა ჩატარდეს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო დახურულ სივრცეში 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით და ერთდროულად მაქსიმუმ 5 პირის მონაწილეობით. ამასთან, უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით).

დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან_და საშხაპე სივრცეების გამოყენება. სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ. ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.).

კიდევ უფრო მკაცრი წესებია ღია და დახურულ აუზებზე, რომლებსაც არა მარტო ვარჯიშის მოყვარულნი, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც ხშირად სტუმრობენ. შეზლონგებს შორის მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული. იგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. რეკომენდირებულია, აუზის ყოველ 6 კვ_მ ფართობზე 1 ადამიანის დაშვება, ამასთან, დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე. მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი, რომელიც გამოყენების შემდეგ ადგილზე დარჩება.

დოკუმენტის თანახმად, საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას. აღნიშნული რეკომენდაციები ვრცელდება სასტუმროს ღია და დახურულ აუზებზეც.

რეკომენდაციებისა და შემუშავებული წესების გამოცემიდან უმალ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის განაცხლების თარიღი გამოქვეყნდა. უმაღლესი ლიგის თამაშები 25 ივნისს აღდგება. მის განახლებამდე ეროვნული ჩემპიონატში მონაწილე ათივე გუნდის ფეხბურთელებს ტესტირება ჩაუტარდებათ.

საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას“. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება. სეზონის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ეცნობა ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა კლუბს.

სეზონის განახლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. აღნიშნული ითვალისწინებს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რაც აუცილებელია ეროვნულ ლიგაში ჩართული ყველა პირის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.