თბილისის ფულიან გამგებლებს “ოცნების” მაჟორიტარებს უპირისპირებენ

თბილისის ფულიან გამგებლებს “ოცნების” მაჟორიტარებს უპირისპირებენ

უგულავამ და ნაციონალების კონტროლქვეშ მყოფმა საკრებულომ თბილისის 2013 წლის ბიუჯეტს თავის თარგზე მოჭრეს. გამგეობების დაფინანსება და როლი იმ დონეზე იზრდება, რომ მათ ფონზე მაჟორიტარი დეპუტატები არაფრად გამოჩნდებიან. 

საერთოდაც, ბიუჯეტი მთლიანად ნაციონალური მოძრაობის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს არის მორგებული. მერიამ ოთხჯერ გაზარდა გამგეობების ფინანსური შესაძლებლობები, ამ გადაწყვეტილების მიზანი კი იმ მაჟორიტარების როლის დაკნინებაა, რომლებმაც თბილისში “ქართულ ოცნების” სახელით არჩევნები მოიგეს.

“გამგებლები იქნებიან მაჟორიტარების გამანეიტრალებელთა როლში, რადგან ამ ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, ისინი უპრეცედენტო რაოდენობის ბიუჯეტის განმკარგავნი ხდებიან. ამასთან, რამდენიმე ათეული მილიონით იზრდება ამხანაგობების დაფინანსებაც. ეს ის ჯგუფებია, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა წელს აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი”, - განაცხადა გაბუნიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, თუ 2012 წელს გლდანი-ნაძალადევის გამგეობის დაფინანსება 480 ათასი ლარი იყო, გაისად ამისთვის 2 მილიონ 124 ათასი ლარი იქნება გამოყოფილი.  დიდუბე-ჩუღურეთის -  555 ათასი იყო და 1 მილიონ 360 ათასი გახდება. ვაკე-საბურთალოს გამგეობის დაფინანსება 2012 წელს 422 ათასი იყო და დაგეგმილია 1 მილიონ 747 ათასამდე გაზრდა და ა.შ.

ქრისტიან-დემოკრატებს შენიშვნები 100-ლარიან ვაუჩერებთან, სკოლების სამეურვეო საბჭოებში თვითმმართველობში წარმომადგენლეთა ხელფასებთან და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით აქვს.

სანამ თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს, საკრებულოს წევრი, პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა ბიუჯეტში თავშესაფრის გარეშე მყოფთა პრობლემების დროებით მოსაგვარებლად 1 მლნ ლარის გათვალისწინებას მოითხოვს.

როგორც კუკავა აცხადებს, “ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია მრავალი მილიონი ისეთი პროექტების დაფინანსებისთვის, როგორიცაა გარეგანათების ბოძებზე ქოთნის ყვავილების მოწყობა, ცენტრალურ მაგისტრალებზე სპეციალური საყვავილე კონსტრუქციების განთავსება, ყვავილების, ბუჩქების და ხე-მცენარეების შესყიდვა და ა.შ და ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული თანხები ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტებისთვის, როგორიცაა თავშესაფრის გარეშე მყოფი მოქალაქეების დახმარება და თბილისის გარეუბნებში არსებული გეტოების პრობლემის მოგვარება.

“სააკაშვილის მმართველობის წლებში თბილისში რეალურად გაჩნდა ე.წ. მე-13 რაიონი - გეტოების ერთობლიობა, სადაც მოსახლეობის უღატაკესი ფენებია შეფარებული. სამარცხვინოა გამწვანებასა და სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე ფიქრი, როცა ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არსებობა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, გათბობის და საკვების გარეშე უწევს. გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ამ გეტოების დროებით საცხოვრებლებად მოწყობა მანამდე, სანამ ქვეყნის მთავრობა რამე გადაწყვეტილებას არ მიიღებს თავშესაფრის გარეშე მყოფთა პრობლემების საბოლოოდ მოსაგვარებლად”, - აცხადებს კუკავა.

დედაქალაქის მერიისა და მისი ბიუჯეტის პრობლემა ამით არ ამოიწურება. პრობლემაა ყველგან და ყველაფერში, სადაც კი უგულავას უფლებამოსილება ვრცელდება. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია  მერიის სარეზერვო ფონდიდან 11 მილიონი ლარის გაფლანგვაზე საუბრობს და ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით ქდმ-ს წევრმა ზაზა გაბუნიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მან სამინისტროში შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინა, რაც მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას ადასტურებს.

გაბუნიას განცხადებით, 2010, 2011 და 2012 წლებში თბილისის მერის სარეზერვო ფონდის საერთო მოცულობა 17 მილიონ 500 ათასი ლარი იყო, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ 6 მილიონ 700 ათასის ხარჯვაზე არსებობს, დანარჩენი 11 მილიონამდე ლარის ხარჯვის პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა და არ არის ცნობილი რაში დაიხარჯა.

“გამოთხოვილ დოკუმენტაციაში სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობის მხოლოდ ერთი ნაწილის ხარჯვის შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების მიზნით თანხების გადარიცხვას ეხება. ჩანს, რომ მერია 11 მილიონამდე ლარის ხარჯვის შესახებ ინფორმაციას მალავს და სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა სად დაიხარჯა 11 მილიონამდე ლარი?” - აღნიშნავს გაბუნია.

მისი თქმით, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები მხოლოდ ფორსმაჟორული სიტუაციების დროს უნდა იქნას გამოყენებული. 2012 წლის მაისში ორთაჭალაში მომხდარი წყალდიდობის დროს ფონდში არ აღმოჩნდა სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხები, რადგან ფინანსური რესურსი წლის შუა ნაწილშიც კი არამიზნობრივად გახარჯული იყო.