საქართველოს ახალარჩეულმა მთავრობამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს თავის გრძელვადიან წვლილს ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში 2014 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც უცხოური სამხედრო შენაერთების უმეტესობა იქაურობას დატოვებს.
ქართული ჯარი საკვანძო ძალაა ნატოს ავღანეთის მისიაში, სადაც საქართველომ, მისი პოპულაციის გათვალისწინებით, უფრო მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე მისიის სხვა მონაწილე ქვეყნებმა. მას შემდეგ, რაც საქართველო (2009 წელს) მისიას შეუერთდა, დაიღუპა 18 ქართველი სამხედრო, აქედან 7 – წელს.
ამჟამად ავღანეთში ქართველებს დაახლოებით 1,570 სამხედრო ჰყავთ, რაც სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყანას, რომლის მოსახლეობა სულ 4.5 მილიონს შეადგენს, ნატოს ავღანეთის მისიაში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად ხდის. ქართული შენაერთების უმეტესობა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მსახურობს და მხოლოდ რამდენიმე ათეული სამხედროა დისლოცირებული ქაბულში.
საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ალასანია, ამას წინათ ეწვია ავღანეთში ქართულ ჯარს და იქ ნატოს მაღალჩინოსნებს და ავღანეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა. ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს სურს ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის დახმარება და 2014 წელს, როდესაც საერთაშორისო ჯარების უმეტესობა დატოვებს ავღანეთს, ქართველი სამხედროები დაეხმარებიან ავღანელებს უშიშროების ჯარების წვრთნაში.
„ჩემი ვიზიტი ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ავღანეთში არის მხარდაჭერა მათი მისწრაფებისა, უზრუნველყონ, ერთი მხრივ, საქართველოს უშიშროება და, მეორე მხრივ, გლობალური უსაფრთხოება“, უთხრა მან „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურს. „თითოეული ეს ოპერაცია და ჩვენი თავსებადობა ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან, ძალიან მნიშვნელოვანია“.
ნატოს საჭიროებანი
ოქტომბერში, საქართველოს დედაქალაქ თბილისს კავკასიის რეგიონში ნატოს წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეწვია. მან განაცხადა, რომ ქართულ ჯარს საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ავღანური ძალების წვრთნის პროცესში.
„ჩვენ არ გვსურს არაფრის დაგეგმვა საქართველოს მონაწილეობის გარეშე“, განაცხადა მან. „საქართველომ შეიძლება მოისურვოს თავისი ჯარების გაგზავნა ავღანეთში 2014 წლის შემდეგ და ეს წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია“.
საქართველოს ინტერესი პრაგმატულიცაა და ისტორიულიც.
მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, საქართველოს ნატოს ალიანსში გაწევრიანების ამბიცია აქვს და ალასანიამ განაცხადა, რომ ავღანელები, ისევე როგორც ქართველები, წარსულში საბჭოთა ბატონობას ებრძოდნენ.
„ჩვენც ვიცით რა ძნელია საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება – ქართველებმაც გამოიარეს ეს გზა და ეს ყველაფერი უფრო მჭიდრო კავშირს აყალიბებს ჩვენსა და ავღანელ ხალხს შორის, ჩვენი მათდამი სიმპათიის მიზეზია“, განაცხადა ალასანიამ.
თუმცა ქართველი ოფიციალური პირები აცნობიერებენ, რომ ავღანეთის მისია ნატოში გაწევრიანების გარანტიას ვერ ქმნის.
„არავინ გასცემს ბილეთს ნატოში გასაწევრიანებლად“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობს. ჩვენ უნდა შევეგუოთ ამ ფაქტს, რადგან გაწევრიანებისთვის 28 ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო“.
საქართველოს სარგებელი
საქართველოს სპეციალისტი ჯონ ჩიკი ვაშინგტონის თავდაცვის უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მოგება ნახოს.
„ავღანეთში თავისი ჯარების დისლოცირებით საქართველო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის ნატოს უსაფრთხოების სისტემაში პროვაიდერის როლს ასრულებს. მას სურს და შეუძლია გააგზავნოს თავისი ჯარი რთულ ადგილებში ისეთი შეზღუდვების გარეშე, როგორსაც ნატოს ზოგიერთი წევრი აწესებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯარი ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე ქართული“, განაცხადა მან.
ჩიკი ამბობს, რომ ჩართულობა ავღანეთში, საქართველოს ვაშინგტონთან უკეთესი დიპლომატიური ურთიერთობებისკენ წაიყვანს, რადგან საქართველო შეავსებს სიცარიელეს, რომელიც 2014 წელს, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ შეიქმნება.
საქართველოს შეიარაღებული ჯარები აგრეთვე გაივლიან საერთაშორისო წვრთნას ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში და, ამავე დროს, ისწავლიან მულტინაციონალურ კოალიციაში მონაწილეობას, ამბობს ჩიკი.
თუმცა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის აზრით, საერთაშორისო მისიებში ძალიან დიდი ცოცხალი ძალა იხარჯება.
„თუ პოლიტიკურ ელიტას შეუძლია, იმავე მიზანს ორი ჯარისკაცით მიაღწიოს, მაშინ მესამე ჯარისკაცი უკვე ზედმეტია“, ამბობს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე.
ქართველი ჩინოვნიკების თქმით, 23 წლის კაპრალის ამასწინანდელი სიკვდილი ავღანეთში იმის სასტიკი შეხსენებაა, თუ რა მსხვერპლს სწირავს ქვეყანა.
„ძალიან ძნელია მისიისა და პოლიტიკის გაგრძელებაზე ლაპარაკი, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მამაცი ჯარისკაცი დავკარგეთ“, განაცხადა ამას წინათ ალასანიამ. „ეს ის ტვირთი და ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ აიღო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
foreignpress.ge