დახმარება ორი მიმათრულებით - შეღავათს მიიღებენ მშენებლებიც და მოქალაქეებიც

დახმარება ორი მიმათრულებით - შეღავათს მიიღებენ მშენებლებიც და მოქალაქეებიც

მშენებლებს და ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მსესხებელთა სუბსიდირების პროგრამა წარადგინა. ახალ მსესხებლებს, რომლებიც იპოთეკური სესხის მეშვეობით გადაწყვეტენ უძრავი ქონების შეძენას, სახელმწიფო წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას შესთავაზებს.

ამ დროისთვის პროგრამის ბიუჯეტი ცნობილი არაა, თუმცა ის საკმაოდ სოლიდური იქნება, რომელმაც, ერთი მხრივ, სამშენებლო სექტორს უნდა უშეღავათოს და მეორე მხრივ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.

„ერთ-ერთი სექტორი, რომელმაც სერიოზული ზარალი მიიღო, არის დეველოპმენტი და მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა მშენებლებისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც შეეხება როგორც კომპანიებს, ისე მოქალაქეებს, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ, ან ამ პროცესში შესული არიან, პირველადი შენატანი აქვთ გაკეთებული ან უკვე დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა, ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მიერ იქნება დაზღვეული.

დღეიდან და წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და წლის ბოლომდე მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ყველაფერი კეთდება, რომ არ მოხდეს იმ კრიზისის გამეორება, რაც მოხდა 2008 წელს და რისი კვალიც არის ქალაქში“, - განაცხადა გახარიამ.

დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძის აზრით, თანადაფინანსების მექანიზმის გავრცელება, მხოლოდ ლარში ნომინირებულ სესხებზე უნდა მოხდეს.

„ფაქტია, რომ მოთხოვნა შემცირდება უძრავი ქონების ბაზარზე. შემცირდება ფასებიც, თუმცა იმის გამო, რომ თავის დროზე სწორი საზედამხედველო პოლიტიკა იქნა გატარებული, 2008 წლის კრიზისისგან განსხვავებით, ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ბუშტი არ შეიმჩნევა. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ კორექტირება იქნება ისეთი, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

ჩვენ გამოვაქვყენეთ მომზადებული მაკროეკონომიკური პროგნოზები და იქ საბაზო პროგნოზში მივუთითეთ, რომ წელს ლარში უძრავი ქონების ფასი, საშუალოდ, 5%-ით შემცირდება. ამავე დროს იგეგმება სამთავრობო ინიციატივები, რომლებიც ამ სექტორის დახმარებას ითვალისწინებს. ისინი განიხილება და უახლოეს მომავალში გაცხადდება.

ჯამში, მაინც მთავრობის გადასაწყვეტია, თუ რომელ მოწყვლად ჯგუფს და რა ფორმით დაეხმარება. ის ფაქტი და ღონისძიება, რომელიც გაზრდის მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ბინებზე - იპოთეკური სესხების სუბსიდირება - ზოგადად გააუმჯობესებს მსესხებლების ფინანსურ მდგომარეობას და გადახდისუნარიანობას. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის საკრედიტო აქტივობას აღდგენს ამ მიმართულებით.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ის გავრცელდეს ლარის სესხებზე მხოლოდ, რათა წახალისდეს ლარიზაცია და შემცირდეს სავალუტო რისკები. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გაცხადდება ეს ინიციატივა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ეკონომისტები ბოლომდე აღფრთოვანებულნი არ არიან ახალი ინიციატივით. ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუკი მოსახლეობისთვის თანხა გამოიყოფა, რათა მათ თავისი სურვილისამებრ შეძლონ მისი გამოყენება: ვისაც მოესურვება სესხს დაფარავს, ვისაც მოუნდება - მიმდინარე გადასახადებს.

„სასესხო ნაწილის დაფინანსება, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, შეეხება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვისთვისაც ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ზოგადად, სოციალურ პოლიტიკაში ყველაზე სწორი მიდგომა არა რაღაც კონკრეტული სესხების დაფინანსებაა, არამედ ხალხისთვის თანხის მიცემა. ისინი კი თავად გადაწყვეტენ, რას მოახმარონ მიღებული ფული - სესხის გადახდა იქნება, წამლის ყიდვა, კომუნალური გადასახადები თუ სხვა.

თუ გვინდა, სიღარიბეში ჩავარდნილ ადამიანს სწრაფად დავეხმაროთ, ეს არის თანხის ჩუქება. ამაზე სწრაფი გზა სამყაროს ჯერ არ მოუგონია“, - აღნიშნა ყიფიანმა.