ვინ აკონტროლებს სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მანდატურებს?

ვინ აკონტროლებს სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მანდატურებს?

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ქართულმა სკოლებმა ინგლისური ენის შესწავლისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით წინსვლას მიაღწიეს. დღეს, ხელისუფლებაში პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება განათლების სისტემის რეფორმირების სფეროში ახალი ამოცანების გადაწყვეტას შეუდგა. კერძოდ, საქმე ეხება სკოლებში „მანდატურის“ ინსტიტუტის რეორგანიზაციას. მანდატურები ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

მანდატურთა ინსტიტუტი (სკოლებში წესრიგზე ზედამხედველი პირები), რომელიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2010 წელს ამოქმედდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფია. მანდატურები მხოლოდ დერეფნებში წესრიგზე ზედამხედველები არ იყვნენ, მათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეგვარებინათ ისეთი დიდი ხნის პრობლემა, როგორიც იყო სკოლებში ძალადობის და დაშინების პრობლემა. თუმცა, ზოგიერთი ოპონენტი შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ ზედამხედველთა სამსახურის მუშაობა სხვა მიზანსაც ემსახურებოდა, კერძოდ, ის ეხმარებოდა შინაგან საქმეთა ძალოვან სამინისტროს სასკოლო ადმინისტრაციის და პედაგოგების გაკონტროლებასა და იმაში, რომ განათლების სისტემას მოქმედი ხელისუფლების ინტერესებში ემოქმედა.

ამ პროგრამის წინააღმდეგობრივი ხასიათის მიუხედავად, საქართველოს განათლების ახალი მინისტრი მის რეფორმირებას ამჯობინებს და არა დახურვას. სასკოლო ზედამხედველების იდეას საფუძველი გააჩნდა, აღნიშნა მან EurasiaNet.org-თან ინტერვიუში, მიუხედავად იმისა, რომ მისი „განხორციელება“ პოლიტიზებული იყო.

განათლების ექსმინისტრმა, რომელიც ამ პროგრამას ახორციელებდა, საქართველო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, არჩევნებისა, რომელშიც სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა. მასთან კომენტარისთვის დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზედამხედველები „არ იყვნენ ერთგვარი სასკოლო „კაგებეშნიკები““, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ ინსტიტუტის მართვის სისტემაში ცვლილებების შეტანა და სკოლის მოსწავლეებისთვის იმის შესაძლებლობის მიცემაა, რომ მათ მანდატურებისთვის უნიფორმა შეიმუშაონ, ამბობს გიორგი მარგველაშვილი, წარსულში თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მისი თქმით, მშობლებიც და სკოლებიც მხარს უჭერენ განათლების სამინისტროს ზედამხედველების გამოყენებას სკოლებში მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

სკოლის მანდატურები, EurasiaNet.org-თან საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნავდნენ იმას, რომ მათი მუშაობის შედეგად სიტუაცია რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში (და ზოგიერთ კერძო სკოლაში) გაცილებით დამშვიდდა. 1 400 მანდატურის ანგარიშის თანახმად, ჩხუბების რაოდენობა 2011-2012 სასწავლო წელს 45,8%-მდე შემცირდა.

თბილისის 54-ე საშუალო სკოლის დირექტორი ცისანა წერეთელი იწონებს მანდატურების მუშაობას და მათ პოზიტიურ წვლილს საგანმანათლებლო პროცესში. „ბავშვები მათთან დამეგობრდნენ; მათ შორის მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა“, – აღნიშნავს იგი.

გეგმის თანამხად, რეფორმას დაექვემდებარება ურთიერთობა მანდატურებს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს შორის. დისციპლინის მხარდაჭერის სფეროში მანდატურების როლის ხაზგასმით, პროგრამა ნელ-ნელა ასუსტებდა სკოლების დირექტორების და პედაგოგების როლს, ამტკიცებს საგანმანათლებლო რეფორმის სპეციალისტი სიმონ ჯანაშია. არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციის ზოგიერთ წარმომადგენელს ეშინოდა მანდატურებისთვის შენიშვნა მიეცა ან რაიმე ფორმით გაეკონტროლებინა ისინი. საქართველოს განათლების სფეროს სპეციალისტების მტკიცებით, ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მასწავლებლებს და დირექტორებს სამსახურიდან ათავისუფლებდნენ სკოლის მანდატურების ანგარიშებში მოყვანილი ფაქტების გამო.

ამოცანა „მანდატურების პროგრამისა იყო არა მხოლოდ და, ზოგიერთის თქმით, არა იმდენად ძალადობის პრობლემის აღმოფხვრა სკოლებში: ისინი სასკოლო დაწესებულებების საქმიანობის კონტროლს ახორციელებდნენ“, – ამბობს სიმონ ჯანაშია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

EurasiaNet.org-თან საუბარში, ზედამხედველები ამბობენ, რომ თავიანთი ქმედებებით ისინი ცდილობენ არ გასცდნენ სკოლებში ზღვარს უსაფრთხოებაზე ზრუნვასა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პედაგოგთა ჯგუფის კონტროლს შორის. „ჩვენი ამოცანა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ უსიამოვნო სიტუაციები აღვკვეთოთ და არა იმაში, რომ ვინმეს რაიმე ვასწავლოთ. ეს პედაგოგების და თავად მშობლების საქმეა“, – ამბობს 54-ე სკოლის მანდატური შორენა ლაშკინა, რომელიც აღნიშნული პროგრამით 2010 წლიდან მუშაობს.

როგორც მანდატურთა ინსტიტუტის ახლადდანიშნული დირექტორი ლევან აბაშიძე ამბობს, მანდატურები დღეს მომზადებას გადიან იმ კუთხით, რომ ყურადღების კონცენტრირება მოახდინონ მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე. „ჩვენ ვიმუშავებთ მხოლოდ… მართლწესრიგის დარღვევასა და მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ არ ჩავერევით სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგების საქმიანობაში“, ამბობს იგი. „ამას უსიამოვნება მოსდევდა ხოლმე… ყველა ეს ჭორი და უკმაყოფილება პროვოცირებული იყო იმით, რომ მანდატურები მათ მუშაობაში ერეოდნენ“.

კრიტიკოსების აზრით, მოსწავლეებისთვის კონფლიქტების დარეგულირების პროგრამები გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს ატმოსფეროს გაუმჯობესებაზე ამა თუ იმ სასკოლო დაწესებულებაში, ვიდრე დამატებითი ვიდეოკამერების და უსაფრთხოების სხვა ფიზიკური ზომების დაწესება. „დღეს ქვეყნის პედაგოგებს მანდატურების იმედი აქვთ, რომ სწორედ ისინი დაარეგულირებენ მოსწავლეთა ქცევას, თავად კი არ ასწავლიან ბავშვებს იმას, თუ როგორ უნდა დაარეგულირონ ეს ურთიერთობები ერთმანეთთან”, ამბობს სიმონ ჯანაშია.

„მოსწავლეებს აღარ ასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ კონფლიქტები, როგორ უნდა ურთიერთობდნენ ერთმანეთთან“, დასძენს იგი. „საჭიროა მოსწავლეებში არა მხოლოდ ფასეულობების, არამედ ქცევის კულტივირებაც. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია“.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ სკოლის უსაფრთხოების სპეციალისტის თამარ მოსიაშვილის აზრით, მანდატურების ინსტიტუტი – მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. განათლების სამინისტრო „პრობლემას კომპლექსურად უნდა მიუდგეს“, დასძენს იგი.

გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, მისი უწყება მუშაობს სტრატეგიაზე, რომელიც სამოქალაქო ცნობიერების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. „ჩვენი მიდგომის მიზანი მოსწავლეების ახალი თაობის აღზრდაა, მოსწავლეების, რომლებიც დანაშაულს არ ჩადიან არა იმიტომ, რომ მათ ვიღაც უთვალთვალებს, არამედ იმიტომ, რომ კანონმორჩილი მოქალაქეები არიან“, ამბობს მინისტრი.

foreignpress.ge