საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების ბიუროდან დებორა მაკარტნიმ გააკეთა.
მაკარტნი დადებითად აფასებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივებს, თუმცა აცხადებს, რომ აშშ-ის სურვილია, საქართველომ ნატოსთან დაახლოება განაგრძოს და, ამასთან, რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.
დებორა მაკარტნის ამ განცხადებას წინ უძღოდა ზბიგნევ ბზეჟინსკის ნათქვამი - „საქართველო, შესაძლოა, რუსეთის მოკავშირე გახდეს, თუმცა ეს მას აშშ-სთან მეგობრობის ფასად დაუჯდება“.
ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრობლემებს შეეხო და „ევრაზიული კავშირის“ პერსპექტივებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითქმის არცერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ მოისურვებს ამ კავშირში გაწევრიანებას.
„საქართველო რუსეთთან ალიანსის შესაძლო კანდიდატი ხდება, რაც მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ბზეჟინსკიმ ევრაზიის კავშირის სავარაუდო წევრებზე საუბრისას.
ცნობისთვის, „ევრაზიული კავშირის“ შესახებ თავისი პოზიცია ჰილარი კლინტონმაც დააფიქსირა. მისი თქმით, აშშ ეცდება არ მისცეს რუსეთს სსრკ-ის აღდგენის საშუალება ეკონომიკური ინტეგრაციის აბრის ქვეშ.
For.ge დაინტერესდა, რა თვალსაზრისით აწყობს ამერიკას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენა და რატომ მიიჩნევენ ამერიკელები, რომ ეს ურთიერთობა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს არ შეუშლის.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ დებორა მაკარტნის განცხადება, სავარაუდოდ, გარკვეული გამოხმაურებაა ზბიგნევ ბზეჟინსკის ამასწინანდელი განაცხადის შემდეგ და ამით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ზბიგნევ ბზეჟინსკის განცხადების გადაფარვას ცდილობს.
რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენა არათუ ხელს არ შეუშლის ამერიკულ ურთიერთობებს, არამედ, მრავალი თვალსაზრისით, ამერიკული პოლიტიკისთვის ხელშემწყობიც იქნება ასეთი ცვლილებები. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამერიკულ სინამდვილეში, კერძოდ, გადატვირთვის პოლიტიკაში ბევრ სირთულეს აჩენდა ის დაპირისპირება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორისაა.
მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ რიტორიკული ან რომელიმე პოლიტიკოსის აკვიატებით გაჩენილი რეალური დაპირისპირება, ამიტომ, მას რეალური მექანიზმები უნდა მოეძებნოს განტვირთვისთვის.
რაც შეეხება ზბიგნევ ბზეჟინსკის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ რამაზ საყვარელიძისთვის ბზეჟინსკი ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ რჩება პოლიტოლოგიაში, მას ძალიან უჭირს იმის მიხვედრა, თუ რას ეყრდნობოდა ბზეჟინსკი თავის განცხადებაში, როცა აცხადებდა, რომ საქართველოს რუსეთთან მოკავშირეობა შეუძლია, მაგრამ ამერიკასთან მეგობრობის ხარჯზე. უფრო მეტიც, რამაზ საყვარელიძეს ახსენდება ზბიგნევ ბზეჟინსკის ბევრად უფრო ადრეული, აგვისტოს ომის დროინდელი განცხადებები, რომ დაძაბულობა რუსეთსა და საქართველოს შორის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიერთობა ექნება ამერიკასა და რუსეთს.
„ასე რომ, ზბიგნევ ბზეჟინსკიმ ყველაზე კარგად იცის, რომ ეს ერთი მთლიანი ქსოვილია. შესაბამისად, თუკი ის დღეს ლაპარაკობს, რომ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის მოგვარება ამერიკის ინტერესებში არ შედის, ე.ი. ის ფაქტობრივად, ამით აცხადებს, რომ ცივი ომის კლიმატი უნდა აღდგეს. ეს კი არანაირად არ ჯდება ბზეჟინსკის ზოგად კონცეფციაში“.
ამასთან, ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ჩვენს დაახლოებაზე საუბარი არც არის და ჯერ დაახლოებამდე შორია. უბრალოდ, ლაპარაკია ურთიერთობის ნორმალიზაციაზე და არა კონფრონტაციაზე.
ხოლო, თუ რატომ უნდა აწყობდეს ამერიკას რუსეთ-საქართველოს ნორმალური ურთიერთობა, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ კონფრონტაციის შემთხვევაში, ამერიკა ძალაუნებურად, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვალე იქნება, დაიჭიროს საქართველოს მხარე მაშინაც კი, როდესაც ეს საკმაოდ რთულია. ამდენად, ფაქტობრივად, ქართულ-რუსული დაპირისპირება რუსეთთან ამერიკის ურთიერთობაზეც აისახება.
„თუ გადატვირთვის პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს ობამა და, მე მგონი, ამას უნდა აპირებდეს, რაზეც ბევრი სხვა ფაქტორი მიუთითებს - ამერიკის ორიენტაცია მიმართულია ინდოეთსა და ჩინეთზე, შესაბამისად, რუსეთთან დაპირისპირება მეორე პლანზე გადადის. ის, რომ ამერიკამ ისლამურ ფუნდამენტალიზმთან, ისლამურ სამყაროსთან ბარიერად სწორედ რუსეთი შეიძლება დააყენოს და ა.შ. ამ ტიპის ვერსიები რახან არსებობს, ეს სავარაუდოს ხდის, რომ ამერიკულ პოლიტიკას რუსეთთან ზედმეტი სირთულეები არ უნდა აწყობდეს. პირიქით, მას უნდა აწყობდეს ამ ურთიერთობის პარტნიორობაში რუსეთის ჩათრევა და არა კონფრონტაცია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენისას საქართველო უნდა დარჩეს საკუთარ პოზიციებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველოს პოზიცია არ უნდა შეიცვალოს. ყველა დანარჩენთან მიმართებით კი შესაძლებელია მათთან დალაპარაკება და მოლაპარაკება.
ხუციშვილის თქმით, ერთმანეთისთვის საინტერესო და მომგებიანი სფეროები არსებობს, სადაც რუსეთმა და საქართველომ შეიძლება ითანამშრომლოს. ამისთვის უნდა შედგეს მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებებში არ უნდა იყოს წინასწარი პირობები არცერთი მხრიდან.
„ამას გულისხმობს ზუსტად ამერიკა, რომ საქართველომ მოლაპარაკებების ისე წარმართვა მოახერხოს, რომ ეჭვქვეშ არ დააყენოს ის პრინციპები, რომლის გამოც ჩვენ დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად არ ველაპარაკოთ რუსეთს, როგორც ამას ამბობდა სააკაშვილი და გვარწმუნებდა, როგორც კი დაელაპარაკები რუსეთს, მაშინვე ჩაგყლაპავსო“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.
ამასთან, გოგი ხუციშვილის აზრით, ზოგიერთები ბზეჟინსკის გამონათქვამსაც იშველიებენ, რომ ნახეთ, ამერიკელები გვაფრთხილებენ, რომ ჩვენ დავკარგავთ ამერიკის ნდობასა და პარტნიორობას, თუ რუსეთის მოკავშირეები გავხდებით. სინამდვილეში, კონფლიქტოლოგის აზრით, ასე არ იქნება, თუ ჩვენ ჭკვიანურად წავრმართავთ ამ პროექტს. ამიტომ სავსებით თავსებადია რუსეთთან მოლაპარაკება და თანამშროლობაც კი, რომ შევინარჩუნოთ ამერიკის პარტნიორობა და მეგობრობა.
შეკითხვაზე, რატომ უნდა აწყობდეს ამერიკას, რომ ჩვენ რუსეთთან ვიყოთ დაახლოებული და ამისთვის გადამწყვეტია თუ არა მსოფლიო სიმშვიდე, გოგი ხუციშვილი აცხადებს:
„გააჩნია, როგორ ვიქნებით რუსეთთან დაახლოებული. თუ ჩვენ რუსეთის გავლენის სფეროში ვბრუნდებით ისე, რომ რუსეთზე დამოკიდებული ვხდებით, რა თქმა უნდა, ამერიკა ამას დადებითად ვერ აღიქვამს და ჩვენ მის ნდობას ვერ შევინარჩუნებთ. აქამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ. იმ პროცესს, რაც დაიწყო, ამას დიდი ხანია, ამერიკა სააკაშვილის ხელისუფლებასაც სთავაზობდა. ამიტომ, ახლანდელმა ოპოზიციამ ამის გამო პანიკა არ უნდა ატეხოს, რადგან ამერიკა უფრო ადრე მათ სთავაზობდა იმავეს გაკეთებას“, - აღნიშნა გოგი ხუციშვილმა For.ge-სთან საუბარში.