"როცა ვერ ასრულებ საკუთარ გეგმებს, თუნდაც ნაწილობრივ, უნდა წახვიდე“, - ამ სიტყვებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია მის მიერ არხის დატოვების შესახებ გუშინ საღამოდან ვრცელდებოდა, თუმცა თავად ჭანტურია ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებდა. უკვე გუშინდლიდან დაანსონსენული იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა და გაირკვეოდა მაუწყებლის დირექტორის ბედი. ასე რომ, სამეურვეო საბჭოს წევრებს უნდა გადაეწყვიტათ, გია ჭანტურიას მიერ გუშინ საღამოს დაწერილ განცხადებას დააკმაყოფილებდნენ თუ არა. მართლაც, სამეურვეო საბჭომ მისი განცხადება დღეს უკვე დააკმაყოფილა.
თავის მხრივ, გია ჭანტურია აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება იმის გამო დაწერა, რომ 3 წლის წინ დასახული გეგმა ვერ შეასრულა. ჭანტურიამ ისაუბრა იმ 6-წლიან გეგმაზეც, რომელიც არხის განვითარებისთვის იყო შემუშავებული ევროპის მაუწყებელთა კავშირთან კონსულტაციების შედეგად.
„3 წელზე მეტია, რაც ვხელმძღვანელობ ამ არხს, ბევრი საინტერესო რამ გაკეთდა, თუნდაც ობიექტურობის კუთხით და ეს არის ერთადერთი მაუწყებელი, რომელმაც წინა და ახლანდელ არჩევნებში მისცა საზოგადოებას საშუალება, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინა და ეს არის ძალიან საამაყო. ამას გარდა, ჩემი მოსვლისთანავე იქნა დაწყებული მუშაობა 6-თვიანი განვითარების გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, არხი უნდა განვითარებულიყო. გეგმა იყო საკმაოდ საინტერესო, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან კონსულტაციით შედგენილი. ნაწილი გეგმის შესრულდა, მაგრამ ნაწილი მიზეზთა გამო და, ალბათ, ჩემს გამოც, იმ ვადებში ვერ განხორციელდა, როგორც ეს იყო დაგეგმილი. მზად ვარ, ჩემი გამოცდილება სხვასაც გავუზიარო“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
მის თქმით, დიდი მსჯელობის შემდეგ დაკმაყოფილდა მისი თხოვნა გადადგომის შესახებ. ამასთან, განვლილი სამწლიანი პერიოდის შეფასებისას მან ისიც დასძინა, რომ შესაძლოა, მისი შეცდომა იყო, რომ რეფორმები ეკრანს ნაკლებად ემჩნეოდა და უფრო შიდა მიმართულებისკენ იყო ორიენტირებული.
ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი გადადგომა, თითქოს, ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას და იმ შემოწმებას უკავშირდებოდეს, რომელსაც საზოგადებრივ მაუწყებელში ფინანსთა სამინისტრო ატარებს. მისი თქმით, ის ტოვებს რეალისტურ ბიუჯეტს, რომელიც მოწონებულია ბორდის მიერ.
ამასთან, ჭანტურიამ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ურჩია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ფინანსური კუთხით იქნება მიღებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის სასარგებლოდ მიიღოს.
სამომავლოდ გია ჭანტურია შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და საზმაუწყებლის გულშემატკივრად დარჩება.
თავის მხრივ, სამეურვეო საბჭოს წევრი ემზარ გოგუაძე აცხადებს, რომ გია ჭანტურია აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ მან წასვლა არჩია და გადადგა ვაჟკაცურ ნაბიჯი. მისი თქმით, ის შინაგანად საოცრად წესიერი ადამიანია და მისთვის, როგორც ჩანს, ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო. რაც შეეხება მოარულ აზრს, უკავშირდება თუ არა ჭანტურიას გადადგომა ფინანსურ შემოწმებას, ემზარ გოგუაძე აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში, ისე არ წვიმს როგორც ქუხს და იმ ციფრების უკან, რომელიც სახელდება არის მთელი ისტორია.
ჭანტურიას მოვალეობას დროებით მისი ერთ-ერთი მოადგილე გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს. კანონის თანახმად, გადადგომიდან ერთ თვეში ჩატარდება ღია კონკურსი და სამეთვალყურეო საბჭო ახალ თავმჯდომარეს ექვსი თვის ვადით დანიშნავს.
ცნობისთვის, გია ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2008 წლიდან მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ჭანტურია ამ თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნა.
რა გახდა გიორგი ჭანტურიას გადადგომის რეალური მიზეზი? უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ინფორმაციას 600 ჟურნალისტის დათხოვნის თაობაზე, რომლებიც ახალი ხელისუფლებისთვის მორიგი თავსატეხი იქნება და უმუშევართა ბანაკს შეემატებიან?! დაუდასტურებელი ცნობით, ჭანტურიამ გადადგომის შესახებ განცხადება არხის თანამშრომლებთან შეხვედრისას უკვე გუშინ გაკეთა, მიზეზად კი რეორგანიზაცია დაასახელა. ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ არხიდან ჟურნალისტების შემცირება იგეგმებოდა. მართალია, ოფიციალურად ამ ინფორმაციას პირველი არხის თანამშრომლები არ ადასტურებენ, მაგრამ პირად საუბარში ამბობენ, რომ თათბირზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭანტურია სამსახურიდან ათობით თანამშრომლის გათავისუფლებასა და ხელფასების შემცირებას გეგმავდა, რის გამოც თანამშრომლები გაფიცვას აპირებდნენ. სწორედ ამას მოჰყვა ჭანტურიას გადადგომა.
არის მეორე ვერსიაც, რომ ფინანსური შემოწმებისას გია ჭანტურიას სოლიდური დარღვევები აღმოუჩინეს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სწორედ უჩუმრად გადადგომა არჩია, მით უფრო, რომ რამდენიმე დღის წინ იგი საერთოდ არ აპირებდა პოსტის დატოვებას. ამ ყველაფრის გასარკვევად გია ჭანტურიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარესთან ლევან გახელაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მათ ტელეფონს არ უპასუხეს.
გიგა ნასარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს გია ჭანტურიას პირადი გადაწყვეტილებაა და სწორედ ახლა იყო დრო, მას დაეტოვებინა მაუწყებელი. მისი თქმით, გიორგი ჭანტურია ძალიან კარგად მუშაობდა, ბევრი რამ გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.
„კონკრეტულად არაფერი ვიცი, თუ რამ მიაღებინა ასეთი გადაწყვეტილება. როგორც მის კომენტარში ეწერა, ეკრანს არ დაეტყო ის ცვლილებები, რაც შიგნით განხორციელდა. მე ვიცი, რომ მართლა ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, მთლიანად გადაიარაღდა მაუწყებელი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მაყურებლის მიღმა რჩებოდა და ეკრანს არ ეტყობოდა. ალბათ, გულისხმობდა, რომ უნდა გადახალისებულიყო ბადე, რაც უფრო ყურებადს გახდიდა არხს“, - აღნიშნა გიგა ნასარიძემ.
600 ჟურნალისტის გაშვებასთან დაკავშირებით კი გიგა ნასარიძე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, არხზე გარკვეული შემცირებები მართლაც იგეგმებოდა.
რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძის მოსაზრებას, რომ ბორდის წევრებმაც უნდა დატოვონ თანამდებობა, გიგა ნასარიძე აცხადებს, რომ იგი სამეურვეო საბჭოს წევრი უკვე აღარ არის და ვინც იქ დარჩა, ძალიან კარგად ართმევს თავს მოვალეობას.
„ბატონ მაღლაფერიძეს თუ იმიტომ სურს, რომ დატოვონ ბორდის წევრებმა თანამდებობა, რომ ისინი პოლიტიკურ მკაცრ ხედვებს არ ეთანხმებიან, და მას სურს, თავისი თანამოაზრეები იხილოს ბორდში, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა“ - მიიჩნევს გიგა ნასარიძე.
ჟურნალისტი ია ანთაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ გია ჭანტურია არ აპირებდა გადადგომას. თუმცა მაშინაც ძალიან კარგად იცოდა, რა განახორციელა ტელევიზიაში და რა ვერ განახორციელა, მაგრამ ეს არ იყო მისთვის საკმარისი მიზეზი, რომ უარი ეთქვა თანამდებობაზე. ია ანთაძეს ინფორმაცია არ აქვს, რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში და არც გამორიცხავს, ისე განვითარდეს მოვლენები, ვერც გავიგოთ, რაშია საქმე. იგი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გია ჭანტურიამ ნებაყოფლობით მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება, უხდებოდა თუ არა ჟურნალისტების გაშვება და სხვა.
ამასთან, ია ანთაძის აზრით, პარალელურად მნიშვნელოვანია სამეურვეო საბჭოს საკითხი, რადგან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დააპირებს, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მისთვის ადვილი არ იქნება, თანამშრომლობა ამ საბჭოსთან. ამდენად, საბჭომაც უნდა თქვას, როგორ წარმოუდგენია ახალ დირექტორთან ურთიერთობა.
„ჩვენ ვიცით, როგორი ტელევიზია უზრუნველყო ამ ბორდმა. ამიტომ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა სხვანაირი ტელევიზია, უნდა ვიფიქროთ სხვა ბორდზე. ლეგიტიმურად ეს შესაძლებელი არ არის, რადგან იქ როტაციის პრინციპია და წლები სჭირდება, ბორდი შეიცვალოს, მაგრამ სინამდვილეში, რაღაც არაორდინარული ძლიერი გადაწყვეტილება იქნება მისაღები“.
ია ანთაძის ინფორმაციით, მაისის ბოლოს ტელევიზიაში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთლიანად საარჩევნო თემებზე ყოფილიყო კონცენტრირებული. ამ მხრივ საზოგადოების შეკვეთას ყველაზე უკეთ პირველი არხი პასუხობდა, მაგრამ, ამავდროულად, ეს ტელევიზია ახერხებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დადებითი ტონი 61 % ჰქონოდა, რაც ძალიან ბევრია. მაშინ, როცა მე-9 არხს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ დადებითი ტონი ჰქონდა მხოლოდ 6%-ში, რაც მონიტორინგის შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა.
ამდენად, ია ანთაძის აზრით, არც ისე იყო საქმე, რომ ეს ტელევიზია ყველაზე დაბალანსებულად წარმოაჩინონ. უბრალოდ, ის ყველაზე მეტად იყო კონცენტრირებული საარჩევნო თემებზე.
„მაინც მიმაჩნია, რომ ციხის მძიმე კადრებმა დიდწილად შეცვალა საარჩევნო დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობაში, რაც ყველაზე ნაკლებ ადექვატურად გაშუქდა პირველ არხზე“, - აცხადებს ია ანთაძე.
ამასთან, უკავშირდება თუ არა გია ჭანტურიას გადადგომა ფინანსურ შემოწმებას, ია ანთაძე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა 600 თანამშრომლის შესაძლო გათავისუფლებასაც ვერ ადასტურებს. უბრალოდ, მას აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა გია ჭანტურიამ წასვლა ახლა, როცა რამდენიმე დღის წინ დაბეჯითებით ამბობდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, ხომ არ იყო მასზე ზეწოლა. ამდენად, ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ზეწოლის შესახებ გია ჭანტურია დუმდეს. თუმცა, მისი აზრით, მარტო ჭანტურიას წასვლა არ შეცვლის სიტუაციას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გენერალური პროდიუსერის მოადგილეს რატი მელაძეს გია ჭანტურიას გადადგომის შესახებ როცა დავუკავშირდით, თავდაპირველად გაოცდა. შემდეგ 600 თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ზოგადად ეს ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ დაადასტურა, რომ თავად გია ჭანტურიამ უარყო მათი გაშვება.
„600 თანამშრომელი საზმაუწყებლის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი გამოდის და მათი დათხოვნა გამორიცხულია“, - გვითხრა რატი მელაძემ.
For.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსაც დაუკავშირდა. მათი თქმით, ჯერჯერობით არავინ დაუთხოვიათ და ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას და, საკუთარი ბედის შესახებ თუ რაიმე სიახლეს იგებენ, ისიც ტელევიზიიდან.
გადაცემა „აქცენტების“ წამყვანი ეკა კვესიტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჭანტურიას გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება 600 თანამშრომლის გათავისუფლებას, იგი აცხადებს, რომ მენეჯმენტში ჩახედული არ არის.
„600 თანამშრომლის გაშვების შესახებ არც გამიგია. ვიცი, რომ რაღაც შემცირებები უნდა იყოს. თუმცა რამდენი უნდა იყოს, არ ვიცი“.
თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა გიორგი ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ იგეგმება თანამშრომლების დათხოვნა, მაგრამ რიცხვი არ დაუკონკრეტებია. ჩვენ გიორგი ბარათაშვილსაც დავუკავშირდით.
მისი თქმით, მას არავის გათავისუფლების შესახებ არ განუცხადებია. უბრალოდ, მან თქვა, რომ უნდა ჩაიხედოს საქმეებში.
„მე ვიცი, ჩემს კონკრეტულ სტრუქტურაში რა ხდება, მაგრამ ამ პოსტზე ახალი ვარ. უნდა ჩავიხედო და თუ საჭირო გახდება, ამ ყველაფერს გადავხედავ“.
ამასთან, გიორგი ბარათაშვილმა ვერც ის გვითხრა, როდიდან გაუშვებს თანამშრომლებს, რადგან იგი მხოლოდ დღეიდან შეუდგა ფუნქციის შესრულებას.