„როგორ ბედავს ეს ხალხი ე.წ. გმირი ახალაიას და საყვარელიძის დაცვას?“

„როგორ ბედავს ეს ხალხი ე.წ. გმირი ახალაიას და საყვარელიძის დაცვას?“

თბილისის საკრებულოს დეპუტატები უკანასკნელ პერიოდში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავებების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პოლიტიკურ დაჭერებად მონათვლას აპროტესტებენ. ამის შესახებ for.ge-ს პრეს-კლუბში საკრებულო ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილმა და ამავე ფრაქციის წევრმა, მაკა გვარამიამ ისაუბრეს.

„მაკა გვარამია ჩემი თანაფრაქციელი და თანამებრძოლია. სიტყვა თანამებრძოლს შემთხვევით არ ვიყენებ, რადგან ჩვენ ერთად გვაქვს გადატანილი მთელი ის სიმწარე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და სხვებმა მთელს საქართველოს მოსახლეობას მიაყენა. ბატონი საყვარელიძე, რომელიც წესით დღეს ქუთაისში, პარლამენტში უნდა ყოფილიყო და ამის გამო ვერ შეძლებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე გამოცხადებას, დღეს რატომღაც აღმოჩნდა ბრიუსელში, სადაც მისი თანაპარტიელები, ზურაბ ადეიშვილი და სხვები ეგულება, ვინც ევროპას შეაფარა თავი“, - ამბობს გიორგი მუსხელიშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურები საქართველოს მოსახლეობაზე ტერორს ახორციელებდნენ, საცვლების ამარა ადამიანებს მათსავე საძინებლებში აპატიმრებდნენ და ა.შ, რათა რაც შეიძლება მეტ ბიზნესებს დაპატრონებოდნენ და მეტი გავლენის სფერო ჰქონოდათ. აქვე მუსხელიშვილი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა საკუთარ თავზე თვითონაც გამოსცადა, რადგან იგი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა და მისი ბიზნესიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შევიწროვებული იყო. საკრებულოს დეპუტატის თქმით, მისი ბიზნესი დახურეს და მას ისე მოექცნენ, რომ იგი არ „აყვირებულიყო“. გიორგი მუსხელიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში მას მილიონ ორასი ათასი ლარის დავალიანება დაარიცხეს, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით, ეს თანხა 1 200 ლარი უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლის ისეთი მაგალითია, რაც უშუალოდ მას შეემთხვა და ამიტომ ამგვარ ფაქტებზე სხვის მაგივრად კი არ საუბრობს, არამედ იმას ჰყვება, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა. აქვე დეპუტატი იხსენებს, თუ როგორ ხდებოდა გორში ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზება და რას უპირისპირებდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მაშინდელი ხელისუფლება.

„როდესაც გორში ბიძინა ივანიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა, იქ 12 დღის განმავლობაში მომიწია ყოფნა. ვერ აგიღწერთ, სად ვიყავი, რა ჯოჯოხეთის გამოვლა მომიწია. თავი დავანებოთ ქვის სროლას და იმ ყველაფერს, რაც კარალეთში მოხდა, ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ იმისა, რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენზე. როდესაც მანქანას ჩემი საცხოვრებლის წინ ვაჩერებდი, ყოველდღე სახლიდან გამოსვლისას ვხედავდი, რომ მანქანას სულ ახალ-ახალი დაზიანებები ჰქონდა. ამასთანავე, წინა საქარე მინის საწმენდში ჩადებული იყო ხოლმე ფურცელი, სადაც ეწერა - „შენ კიდევ აქ ხარ? კიდე არ წახვედი? რას გვერჩი გორელებს? რატომ არ გინდა „ნაციონალური მოძრაობა“? და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ, უბრალოდ გაუგებარია, როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს ერთი სიტყვა მაინც თქვან ე.წ. გმირი ახალაიას დასაცავად, ე.წ. გმირი მერაბიშვილის დასაცავად, ან დავით საყვარელიძის დასაცავად“, - აღნიშნავს გიორგი მუსხელიშვილი.

მისი თქმით, გაუგებარია ასევე რიყის სკანდალთან დაკავშირებით დაკითხული ადამიანების პოლიტდევნილებად გამოცხადება, რადგან მისი თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთ წელიწადში რიყის გაყიდვისა და შემდეგ მისი ისევ შესყიდვის შედეგად 10 მლნ ლარი გაათეთრეს. აქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასები ისე იყო დაკლებული, რომ ეს ტერიტორია არათუ 17 მილიონად, არამედ შესაძლოა 2 მილიონადაც არავის შეეძინა.

„ვიცი, რომ ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია, საკმაოდ ბრძენია და უბრალოდ მინდა მივმართო ჩვენს ხალხს, ანალიზი გაუკეთონ ამ ყველაფერს“, - მიმართავს საზოგადოებას გიორგი მუსხელიშვილი.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისი“-ს წევრი მაკა გვარამია კი აღნიშნავს, რომ დეპუტატის მანდატი არ ნიშნავს იმას, რომ მისით მოსარგებლე ადამიანი ხელშეუხებელია და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებსაც გამოძიება დაიბარებს დაკითხვაზე, მოუწოდებს გამოძიებასთან ითანამშრომლონ და გაინაწილონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც წლების განმავლობაში ქართულ საზოგადოებას თავს დაატეხეს.

„ეს შეეხება უკანონოდ ქონების ჩამორთმევას, იმ ტერორს, რაც ადამიანებზე გინდ პოლიტიკური და გინდ ბიზნესის თვალსაზრისით ხორციელდებოდა. ძალიან კარგად გვახსოვს მათი პიარი, როდესაც ადამიანები საკნებიდან გამოჰყავდათ, შემდეგ კი მათ დაჭერასთან დაკავშირებით რაღაც სპექტაკლებს დგამდნენ“, - აღნიშნავს მაკა გვარამია.

იგი შეეხო იმ კონკრეტულ ფაქტებს (გოგა ხაჩიძის მშობლების ბინის გაჩხრეკვა, დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარება და ა.შ.), რასთან დაკავშირებითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათ მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. გვარამიას თქმით, ყველა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და არც ერთი დაკავება ან რომელიმე საგამოძიებო ქმედება კანონის და ეთიკური ნორმების დარღვევით არ მომხდარა. ყველაფერი პროცესუალური ნორმების დაცვით ხორციელდება და შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატისთვის გაუგებარია „ნაციონალების“ რიტორიკა.

მაკა გვარამია ასევე ეხმიანება ამერიკის ხუთი სენატორის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული წერილის გამოქვეყნებას და ამბობს, რომ ვინაიდან ყველა ე.წ. პოლიტიკურ დაკავებებზე გამოძიება მიმდინარეობს, ხელისუფლება უდანაშაულობის პრეზუმციას იცავს და წინასწარ დამნაშავედ არავის აცხადებს, მაგრამ როდესაც აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება დასრულდება, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლება დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის და ისინიც დარწმუნდებიან, რომ არავითარი პოლიტიკური მოტივი ამ საქმეებში არ იკვეთება.

საკრებულოს დეპუტატებმა ასევე ამნისტიასთან დაკავშირებით ქვეყანაში კრიმინალის მოსალოდნელ ზრდაზე არსებულ მოლოდინზეც ისაუბრეს. გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანერგილი ადამიანები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრები ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული. გარკვეული წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია (არა შსს-დან), რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნაციონალურ მოძრაობას“ და მერაბიშვილს ჯერ კიდევ ჰყავთ ადამიანები ჩანერგილი, რომლებიც ისევ მათ დავალებებს ასრულებენ. აქვე გეტყვით, რომ დეკემბერში დანაშაულის ზრდა ზოგადად ყოველთვის ხდება, მაგრამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კრიმინალის დონემ ქვეყანაში იკლო და ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება“, - ამბობს გიორგი მუსხელიშვილი.