საქართველო „გაზპრომისაგან“ მიღებული თანხით გაზის ტარიფის 15%-ით შემცირებას შეძლებს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს შედეგი არსებული ხელშეკულების გადახედვის შემდეგ დადგება. ენერგეტიკოსები დღევანდელ პირობებში კიდევ მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას ხედავენ. მსოფლიოში ენერგომატარებლების ღირებულება საგრძნობლად შემიცრებულია, შესაბამისად, ბუნებრივი აირის ფასიც საკმაოდ დაცემულია.
ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ბუნებრივი გაზის განახლებული პროგნოზით, საქართველო იმპორტირებული და ადგილობრივი წყაროებიდან, საერთო ჯამში, 2 მლრდ 569,594 მლნ კუბმეტრი გაზის მიღებას ელოდება. ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება თავდაპირველ პროგნოზს, რომელიც 2 მილიარდ 572.953 მლნ კუბმეტრი იყო.
პირველადი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221 მლნ კბ/მ გაზის მოწოდება იგეგმებოდა, მათ შორის „სოკარიდან“ - 1 მილიარდ 511.417 მლნ კბ/მ, შაჰ დენიზიდან კი - 873.804 მლნ კბ/მ. განახლებული მაჩვენებლები კი ასეთია: აზერბაიჯანი - 2 მლრდ 347,588 მლნ კბ/მ, მათ შორის შაჰ-დენიზი - 882,742 მლნ კბ/მ, „სოკარი“ - 1მლრდ 464,846 მლნ კბ/მ.
საქართველოში დღეს ბუნებრივი აირის ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად ამცირებს როგორც აზერბაიჯანული გაზის შემომტანი „სოკარი“, ასევე რუსული „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის, რაც ბუნებრივ აირზე ფასის კლების ერთ-ერთი პირობაა.
„2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო მეტი კონკურენცია შემოვიტანეთ ბუნებრივი აირის ბაზარზე, გავხსენით გაზის კომერციული ბაზარი და ახლა ის რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის. ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, „გაზპრომთან“ უკვე მოქმედი კონტრაქტი გადაიხედა, რასაც ფასის დაკლება მოჰყვა. ბუნებრივ აირზე დაახლოებით 15%-ით მოხდება ფასის შემცირება. მომავალში შესაძლოა, ფასის კიდევ მეტად შემცირებაც, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე“, - დასძინა თურნავამ.
ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილის აზრით, მთავარია, ქართულმა მხარემ კონკურენტული გარემო შეუქმნას როგორც აზერბაიჯანს, ისე რუსეთს, გაზის შეძენა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს და ამ ორ წყაროს შორის ბალანსი მოძებნოს.
„როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობთ, ორი შეკითხვა უნდა დავსვათ - ემსახურება თუ არა ეს კონკრეტული შესყიდვა ან ნაბიჯი პოლიტიკური უსაფრთხოების გაზრდას და როგორ მოქმედებს გაზის ფასზე საქართველოში. იმისთვის, რომ ეს ორივე მიზანი, ასე თუ ისე, დაკმაყოფილებული იყოს, ორი მთავარი მოთხოვნაა: პირველია გამჭვირვალობა, თუ სახელმწიფო სექტორი ყიდულობს ამ გაზს და მეორე - მცდელობა იმისა, რომ კონკურენტულ პირობებში მოაქციოს სხვადასხვა მომწოდებლები სახელმწიფომ.
თუ ამ პირობებს დავიცავთ, მაშინ რუსული გაზის 10% და 20% არა მგონია, განსაკუთრებული საფრთხის შემცველი იყოს. თუ ასე ვიმოქმედებთ, მაშინ ბალანსირება ორ მომწოდებელს შორის ყოველთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე მარტო ერთზე დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს ეს - აზერბაიჯანი თუ რუსეთი“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ მარგველაშვილმა.
რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობები რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გაზის გატარების მომსახურებისთვის, ჩვენი ქვეყანა არა ბუნებრვ აირს, არამედ კონკრეტულ თანხას იღებს, რაც საჯარო არ არის. მხარეებს შორის ეს კონტრაქტი პერიოდულად განახლებადია და 2021 წლისთვის სწორედ ახალი ხელშეკრულება უნდა დაიდოს. მხარეებს შორის მომავალ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მურმან მარგველაშვილი იმ პირობებზე საუბრობს, რაც შეიძლება ქართულმა მხარემ რუსეთისგან მოითხოვოს.
„მსოფლიოში გაზის ფასები სერიოზულად არის შემცირებული და ეს ფაქტორი უპირობოდ უნდა იქნას გამოყენებული, რომ ჩვენ ფასების თვალსაზრისით შემსუბუქებას მივაღწიოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ის საფასური, რომელსაც „გაზპრომი“ გაზის სომხეთში ტრანსპორტირებისთვის გვიხდის, არ შეესაბამებოდეს იმ რთული მილსადენის ექსპლოატაციის, შენარჩუნების და რემონტის პირობებს, რომლითაც ჩვენ ტრანზიტს ვატარებთ.
ამიტომ სწორად უნდა დავთვალოთ ის, თუ რა გვიჯდება რეალურად გატარება, რამდენად რთულ პირობებში გვიხდება ამ გაზის მილსადენის შენარჩუნება და შესაბამისად, დავაწესოთ ტარიფი. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ამოცანა, თორემ იმ პირობებს, რომელიც წინა მოლაპარაკების დროს დავკარგეთ, სავარაუდოდ, ვეღარ აღვიდგენთ, როცა დაახლოებით 70% სარგებლისა გავანიავეთ“, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.