«ჰაეროვანი პირამიდები» და 30 ათასი დაზარალებული ადამიანი

«ჰაეროვანი პირამიდები» და 30 ათასი დაზარალებული ადამიანი

სამშენებლო პირამიდების გაშიფრვას ხელი არასამთავრობო სექტორმაც მოკიდა. «ცენტრ პოინტი» და «დექსუსი» «საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს» სამიზნეში აღმოჩნდა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სწორედ ამ ორ კომპანიას უკავშირდება ყველაზე გახმაურებული «ჰაეროვანი პირამიდების» სკანდალი.

«საერთაშორისო გამჭვირვალობამ» ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სამშენებლო მაქინაციებს ეხება. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სკანდალში მონაწილეობდნენ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და მათი კომპანია «ცენტრ პოინტი ჯგუფი», რომელმაც 6200-მდე ოჯახის მიერ ბინების მშენებლობისთვის გადახდილი 310 მილიონი დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ანტიკორუფციული კვირეულის დაწყებას დაემთხვა და ის პირველია, რადგან ყველაზე გახმაურებული სამშენებლო სკანდალია საქართველოში. დაზარალებულია 30 000 ადამიანი, რომელიც ბინის გარეშე დარჩა.

«როგორც აღმოჩნდა, «ცენტრ პოინ ჯგუფი» შედგება 70 კომპანიისაგან და მან აიღო ვალდებულება, რომ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა დაეკმაყოფილებინა ბინებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა 310 მილიონი დოლარი მიიღო, ვერ მოახერხა ამ ვალდებულებების შესრულება», - განაცხადა გიგაურმა.

ამავე დროს კომპანია «დექსუსმაც», სხვადასხვა პრობლემის გამო, ვერ მოახერხა იმ დაპირების შესრულება, რომლის თანახმადაც, ის «ცენტრ პოინტ ჯგუფის» ვალდებულებებს სამ წელიწადში შეასრულებდა.

«საერთაშორისო გამჭვირვალობაში» აცხადებენ, რომ ჯერჯერობით 30-დან სულ 8 პროექტია დამთავრებული და აქაც არის ბევრი პრობლემა, რითიც, თავის დროზე, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესებულყვნენ.

«წლების განმავლობაში ამ კომპანიით რომ არ დაინტერესდნენ სამართალდამცავი სტრუქტურები, ეს უკავშირდება იმას, რომ «ცენტ პოინტის» ხელმძღვანელი პირები დაახლოებულნი იყვნენ ხელისუფლებასთან და შესაბამისად, ხელისუფლება იყო ლოიალური», - განაცხადა გიგაურმა.

კვლევის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა კომპანია «დექსუსის» მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მიესალმება მესამე პირის ჩართვას ამ რთულ ვითარებაში და პრობლემის გადაწყვეტაში.

კილაურიძე აღიარებს, რომ არის ვალდებულებები, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა, თუმცა ყველა პროექტი გეგმის მიხედვით ხორციელდება და «დექსუსს» ყველა ვალდებულების სრულად შესრულებისთვის ერთი წელი კიდევ აქვს.

«ამ პრეზენტაციით კიდევ ერთხელ გაეცემა პასუხი იმას თუ რატომ მოხვდნენ ამ კომპანიის მომხმარებლები რთულ ვითარებაში.  ანგარიში დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად და გამჭვირვალედ მოხდეს ამ კომპანიის რეაბილიტაცია», - განაცხადა კილაურიძემ.

«ცენტრ პოინტის» დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი კი აცხადებს, რომ «პირამიდის სქემა» კომპანიაში გამორიცხულია, რადგან ყველა ობიექტს თავისი მენეჯერი ჰყავდა, რომლებიც მისი ინფორმაციით, ერთმანეთს ფულს არ ასესხებდნენ. გარდა ამისა, მაია რჩეულიშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავად შეუძლიათ მას დაუკავშირდნენ და საჭირო ინფორმაცია «ცენტრ პოინტის» დამფუძნებლისგან მიიღონ.