დიდი გამოცნობა არ სჭირდებოდა იმას, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დასაქმებული ადამიანების ნაწილი სამსახურს დაკარგავდა. თუმცა, პროცესი მოსალოდნელზე ადრე დაიწყო და თანაც თითქმის ყველა სფერო მოიცვა.
სახელწიფო სექტორებიდან დაწყებული ოპტიმიზაციის პროცესი მალე ბანკებზე გავრცელდა. ამ რამდენიმე დღის წინათ «ლიბერთი ბანკიდან» 150-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის სათავო ოფისში მისულ თანამშრომლებს თავიანთი საშვი დაბლოკილი დახვდათ. ბანკში სტუმრის სტატუსით შესულებს განუცხადეს, რომ ისინი გათავისუფლებულნი არიან სამსახურიდან. საუბარია, დაახლოებით, 150 თანამშრომელზე, რომლებსაც არც კი გაუფრთხილებიათ, ისე მიუთითეს კარისკენ. გათავისუფლების მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დასახელდა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ბოლო თვეების მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უმუშევრობა იზრდება და დღეს არსებული სამუშაო ადგილებიც მცირდება. კომერციულ ბანკებში ხელფასების კლება და თანამშრომელთა შემცირება მიმდინარეობს.
საბანკო სექტორი კი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესების მიზეზით თანამშრომელთა გათავისუფლებას უარყოფს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად არცერთ ბანკში არ ადასტურებენ. ,,თიბისიში” აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. „ლიბერთი ბანკშიც“ განმარტავენ, რომ ხელფასების შემცირების და კადრების დათხოვნის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. იგივე განცხადებას აკეთებენ ,,საქართველოს ბანკში’’. ანალოგიურ პოზიციას აფიქსირებს ,,ბანკი რესპუბლიკაც’’.
ბანკებისგან განსხვავებით, «საზოგადოებრივ მაუწყებელში» უკვე გადაწყვიტეს, რომ ოპტიმიზაცია 2013 წლის იანვარიდანვე მოხდება. საშტატო ერთეული შემცირდება, ცვლილებები თანამშრომელთა ხელფასებსაც შეეხება. უკვე გადაწყვეტილია, რომ იანვარში «საზოგადოებრივი მაუწყებლიდან» 600 თანამშრომელი გაათავისუფლონ, ხოლო დარჩენილ კადრებს ხელფასი 10-20 პროცენტით შეუმცირონ.
კულუარული ინფორმაციით, მაუწყებლის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება უწყებაში აუდიტის სამსახურის შესვლასა და დარიცხულ დავალიანებას უკავშირდება.
«საზოგადოებრივი მაუწყებლის» ხელმძღვანელის, გია ჭანტურიას, განცხადებით, მომავალი წლიდან უწყებიდან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი გათავისუფლდება, თუმცა მათი რაოდენობა 600 ნამდვილად არ იქნება. იგი გასათავისუფლებელ თანამშრომელთა რაოდენობას ამ ეტაპზე არ ახმაურებს.
«რა თქმა უნდა, გარკვეული ოპტიმიზაცია დაგეგმილია, მაგრამ 600 კაცი ნამეტანი დიდი ციფრია. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ახალი წლის დასაწყისში გარკვეული რაოდენობის თანამშრომელთა შემცირება მოხდება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი ბიუჯეტი მომავალი წლიდან უფრო მწირი იქნება, ეს პირველ რიგში სხვა ხარჯებზე აისახება, კადრების ოპტიმიზაცია კი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდებოდა», - განაცხადა გია ჭანტურიამ.
მისივე თქმით, შედარებით მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, მომავალი წლიდან თანამშრომლებს ხელფასები არ შეუმცირდებათ. «ხელფასის შემცირება გამორიცხულია, თუ რამდენიმე პიროვნება პოზიციას შეიცვლის, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ ვინმეს ანაზღაურება შეუმცირდება, ეს, საჭიროების შემთხვევაში, მე და ჩემი მოადგილეები ვიქნებით», - დასძინა ჭანტურიამ.
დათხოვნებია რეგიონებშიც, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამედიცინო დაწესებულებებში. „უნიმედი სამცხე“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებიდან 14 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს: 2 პედიატრი, 2 თერაპევტი და 10 მედდა. ყველა მათგანი ყოფილი პოლიკლინიკის (რომელიც საავადმყოფოს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა) თანამშრომელი იყო და ქალაქის სხვადასხვა უბნები ებარათ. ისინი ამბობენ, რომ უბნის ექიმების გარეშე დარჩენილ ქალაქში უყურადღებოდ ასობით ბავშვი და მოხუცი დარჩა.
«დატოვეს ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე. ვინ მოემსახურება 0-დან 5 წლამდე ბავშვებსა და 60 წლის ზემოთ ხალხს?! ამდენი წელი თუ საჭირო ვიყავით, ახლა აღარ ვართ საჭირო?!“ - კითხულობს მედდა მარინა ადანაია, რომელიც ბავშვთა განყოფილებაში 30 წელი მუშაობდა.
ვიდრე გათავისუფლების ბრძანება დაიწერებოდა, მედდებს ხელფასი 21-22 ლარამდე შეუმცირდათ. ხელფასის გასაპროტესტებლად საავადმყოფოს მენეჯერთან მისულებმა კი გაიგეს, რომ დეკემბრიდან ყველა მათგანს ხელშეკრულება აღარ უგრძელდებოდათ.
თანამშრომელთა გათავისუფლების გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების მფლობელმა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ შვილობილმა კომპანიამ „ჩემი ოჯახის კლინიკამ მიიღო“.
„უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში თამანშრომელთა გათავისუფლებას პროგრამის გაუქმებითა და საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებით ხსნიან. მენეჯერის დავით მაისურაძის განმარტებით, 5-წლამდე და 60 წლის ზემოთ ბენეფიციარები უკვე დაზღვეულები არიან. მათ მომსახურებას კი ის სადაზღვევოები უზრუნველყოფენ, რომლებიც იმ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში შევიდნენ.
ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მთავრობის კანცელარიიდან 80 თანამშრომელი დათხოვნა. იმის გარდა, რომ ქუთაისში დაიხურა მთავრობის სახლი და სამსახურიდან დაითხოვეს ამ სახლის 11 თანამშრომელი, მთავრობის კანცელარიიდან შემცირებები სხვა დეპარტამენტებშიც განხორციელდა. ამ დროისთვის, ჯამში, 80-მდე თანამშრომელია გათავისუფლებულია სამსახურიდან.