საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება კარზეა მომდგარი, მაგრამ მთავრობა ჯერ მაინც ფრთხილობს. გარკვეული სტანდარტები მხოლოდ მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ასე რომ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ივნისამდე ავტობუსები მეტრო არ ამოქმედდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება ჯერ ვერ მოხერხდება.
„გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი ინფექციის გავრცელების კუთხით“, - განაცხადა გახარიამ.
ხელისუფლება ახლა მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა მთავრობა ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება.
„ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტში გვქონდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.
„შეიძლება მართლაც იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც“, - დასძინა მინისტრმა.
კონკრეტული მითითებით გამოდიან ეპიდემიოლოგები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება. მიმდინარეობს მსჯელობა სოციალური დისტანციის დაცვის საკითხებზეც.
„მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება, ნაწილი გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მუნიციპალურ ავტობუსებთან ერთად, ამ დრომდე უცნობია თარიღი, როდის აღდგება მეტროს მუშაობა, თუმცა, მედიის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებმა განაკვეთური დროით სამსახურში უკვე დაიწყეს სიარული.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მეტრო მგზავრების მისაღებად ემზადება? თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან, თუმცა ელოდებიან შესაბამის მითითებებს და შემდგომ მოხდება ტრანსპორტის აღდგენა.
„მემანქანეები სამუშაოდ ოფიციალურად არ გამოგვიძახებია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი მათგანი მუშაობდა და ჩვენი თანამშრომლები გადაჰყავდა, რომლებიც სპეციფიკურ პოზიციებზე არიან დასაქმებულნი. ავტობუსების მიმართულებით და მეტროს მიმართულებითაც მზად ვართ და შესაბამის რეკომენდაციებს ველოდებით. მოსამზადებელი ეტაპია, მაგრამ ზუსტი თარიღი, როდის დაიწყება მუშაობა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.