„გივი თარგამაძე რუსეთში ქართველი „ჩე გევარას“ კომიკურ როლს ვერ მოირგებდა“

„გივი თარგამაძე რუსეთში ქართველი „ჩე გევარას“ კომიკურ როლს ვერ მოირგებდა“

არჩილ კბილაშვილის უწყება გივი თარგამაძეს რუსეთს არ გადასცემს. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. რუსულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია. ამდენად, თარგამაძის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ქვეყნის შიგნით შეიძლება წარიმართოს, თუკი შესაბამისი თხოვნა იქნება. ამ მხრივ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან თანამშრომლობა, რომელმაც 13 დეკემბერს „ბოლოტნაიას“ მოედანზე, 6 მაისს მოწყობილ „თავისუფლების მარშის“ დროს მომხდარ არეულობებზე პასუხისმგებლობა გივი თარგამაძეს დააკისრა, მხოლოდ სამთავრობოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე არის შესაძლებელი.
უკვე ცნობილია, რომ რუსული საგამოძიებო კომისია ქართულ მხარეს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. რუსული საინფორმაციო საშუალებები შესაბამის ჩანაწერსაც ავრცელებენ, სადაც, მათი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე რუსული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად აქციის ორგანიზებასა და დაფინანსებაზე საუბრობს. ამ ჩანაწერების თანახმად, თარგამაძე ინიციატივით გამოდის, მემარცხენე ფრონტის ლიდერის სერგეი უდალცოვის მეუღლე ოპოზიციის ლიდერად დაინიშნოს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერის სერგეი უდალოცვისა და სხვა პირების, მათ შორის ლეონიდ რაზვოზჟაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტურ ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ის შემოწმების შემდეგ აღძრა. ფილმის ვერსიით, რუსი ოპოზიციონერები ხელისუფლების ხელში ჩაგდებას უცხოეთიდან მიღებული ფულის მეშვეობით გეგმავდნენ და რუს ოპოზიციონერებს ქართველი დეპუტატი გივი თარგამაძე აფინანსებდა.

რუსეთში შექმნილმა საგამოძიებო კომიტეტმა გამოიკვლია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე არა მხოლოდ აფინანსებდა რუსულ ოპოზიციას, არამედ მართავდა არეულობას, რომელიც მოსკოვში, „ბალოტნაიაზე“ 2012 წლის 6 მაისს , „თავისუფლების მარშის“ დროს მოხდა. ამიტომ რუსეთის გენერალური პროკურატურა უახლოეს მომავალში აპირებს საქმის მასალები გაუგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურას და სთხოვოს სამართლებრივი დახმარება.

gazeta.ru აქვეყნებს ნაწყვეტს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის პრეს-რელიზიდან, სადაც წერია, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, გივი თარგამაძე მართავდა რუსული ოპიზიციის ლიდერებს „მილიონიანი მარშისას“, რომელიც მოსკოვში 6 მაისს გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მესამე ინაუგურაციის წინა დღეს. აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

გამოცემა „იზვესტიის“ სტატიის ავტორის თქმით კი, საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელთაც 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ, არსებობს სამართლებრივ-ხელშეკრულებითი ბაზა დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად ეხება 1993 წლის კონვენციას სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებას და ასევე, ევროპულ კონვენციებს ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ სისხლის სამართლის იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელშიც ორივე ქვეყნის მოქალაქეები ფიგურირებენ.
იმისათვის, რომ ასეთი დახმარება მიიღოს, მოსკოვმა თბილისს საქმის მასალები უნდა გადასცეს. ამას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, აწარმოოს საქმე თუ არა, ამას საქართველო თავად გადაწყვეტს. ამ ეტაპზე გივი თარგამაძეს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, თუმცა პროკურტურაში დაკითხვაზე მისი დაბარება შესაძლებელია.

თავად გივი თარგამაძე რუსულ ბრალდებებთან დაკავშირებით დღეს კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ რუსეთის ოპოზიციის აქციებში გივი თარგამაძის მონაწილეობას საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი უარყოფს. მისი თქმით, რუსეთი საკუთარი ხალხის უკმაყოფილების გადაბრალებას  მითიურ ადამიანებზე  ცდილობს. 

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, საერთოდ, ქვეყნებს შორის ექსტრადირება იმ შემთხვევაში ხდება, თუ პიროვნება არის ერთი ქვეყნის მოქალაქე და დანაშაული ჩადენილი აქვს სხვა ქვეყანაში. მაგალითად, ექსტრადირება მაშინ მოხდება, საქართველოს მოქალაქემ რუსეთში რომ ჩაიდინოს დანაშაული ან რუსეთის მოქალაქემ საქართველოში ჩაიდინოს დანაშაული. თუ სახელმწიფოებს შორის სხვა ხელშეკრულებაა, რომ, მაგალითად, შეიძლება გადავცეთ საქართველოს მოქალაქე, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს სხვა ქვეყანაში და ამის ვალდებულებას  ვიღებთ, მაშინ ეს დასაშვებია. ასეთ შემთხვევაში, ორმხრივი შეთანხმება უნდა არსებობდეს, თუმცა ადვოკატის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის არათუ ორმხრივი შეთანხმება, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არსებობს. ამიტომ კონსტიტუცია კრძალავს, რომ საქართველომ სხვა ქვეყანას გადასცეს თავისი მოქალაქე.

თუმცა რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, გელა ნიკოლაიშვილს ეეჭვება, რომ გივი თარგამაძეს რუსეთში „ჩე გევარას“ როლი, ოღონდ კომიკური გაგებით, მოერგო. ამდენად, მისთვის ძალზე არადამაჯერებელია, რომ თარგამაძეს მოსკოვში არეულობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

„რამდენიმე მიზეზის გამო არ ვეთანხმები რუსულ ვერსიას. მთავარია ის, რომ გივი თარგამაძეზე არ მაქვს ისეთი მაღალი შეხედულება, რომ მილიონიანი კი არა, თუნდაც ათასკაციანი მარში მართოს, მით უმეტეს, სხვა ქვეყანაში. მეორეა, რომ საკმაოდ ბევრი ძლიერი ოპოზიციონერი ჰყავს რუსებს, რომ საქართველოდან არ დასჭირდეთ ვინმეს მართვა. მათ გონიერი და გავლენიანი ოპოზიციის ლიდერები ჰყავთ. გივი თარგამაძემ შეიძლება, საკუთარი რეკლამისთვის რაღაც დაიბრალოს ქულების დასაწერად, მაგრამ ეს რეალობა ნამდვილად არ იქნება. მე არ მჯერა, რომ მას ასეთივე მცდელობები ჰქონდა ბელორუსში, ყირგიზეთში. ქართველი „ჩე გევარას“ კომიკური სახის გამეორება შეიძლება დაარქვა ამას“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, გივი თარგამაძის მხრიდან ფერადი რევოლუციების ექსპორტირების მცდელობა რომც დადასტურდეს, მაინც მისი გადაცემა, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, არ შეიძლება. ამასთან, ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ ყოფილ ხელისუფლებას აწყობს ისეთი იმიჯის შექმნა, თითქოს რუსები მათ დევნიან.

„რა თქმა უნდა, ესეც აწყობთ და  პიარისთვის იმასაც გამოიყენებენ, რომ თურმე საქართველოს ხელისუფლებამ უკარნახა რუს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ასე მოქცეულიყვნენ, თუმცა ეს ცოტა შეთქმულების თეორიიდან გამომდინარეობს და აბსურდია ამის დაჯერება. მაგრამ რაც მოხდა, ამას ნაციონალები უთუოდ გამოიყენებენ“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

ადვოკატი ირმა ჭკადუა იხსენებს, რომ წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა გივი თარგამაძისა და ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის მხრიდან რუსულ ოპოზიციასთან გარკვეული კავშირების შესახებ, თუმცა ადვოკატის აზრით,  მარტო გივი თარგამაძე, ალბათ, ვერ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, რომ რევოლუციების მომწყობთ ერთპიროვნულად დახმარებოდა. ის ასეთ რამეს დამოუკიდებლად ვერ გაბედავდა.

„მე ვფიქრობ, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების გავლით ვიღაცას სურდა, რუსეთში გადატრიალება მოეხდინა. წლების განმავლობაში ეს გვესმოდა, ამასთან დაკავშირებით კეთდებოდა განცხადებები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, ჟურნალისტები ინფორმაციებს ავრცელებდნენ, იყო სატელეფონო საუბრები. ბოლოს და ბოლოს, ყველამ კარგად ვიცით, როგორი მოცულობითი დელეგაცია იყო წასული ბელორუსში. ვერავის შევუზღუდავთ, სადაც უნდა, იქ წავიდეს, ეს მათი უფლებაა, ასევე, ვერ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას და ბრალს ვერავის დავდებთ, მაგრამ, თუკი გივი თარგამაძის ბრალეულობა იკვეთება, ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქის ინტერესები და არ უნდა გადასცეს საკუთარი მოქალაქე სხვა ქვეყანას, რამდენადაც მიუღებელი უნდა იყოს იგი“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.