დაპირისპირება იაფი დიზელის გამო - ვინ ატყუებს გლეხებს?

დაპირისპირება იაფი დიზელის გამო - ვინ ატყუებს გლეხებს?

20 მაისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა, რომლითაც უკვე 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. მთავრობაში ამტკიცებენ, რომ გლეხები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ, ხოლო ოპოზცია პრობლემებზე საუბრობს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, მოსახლეობამ სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.

„აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. ჩვენი სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა უკვე გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი საწვავის ტალონი. დღეისათვის, საწვავის საბაზრო ფასი 1.90-2.06 ლარის ფარგლებშია. აგროდიზელის პროგრამის საშუალებით, ფერმერები საბაზრო ფასთან შედარებით, დაახლოებით, 1 ლარამდე შეღავათს იღებენ „სოკარის“ საბითუმო ბაზებსა და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შესყიდვისას.

აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში, საწვავის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენისას, 1 ლიტრის ფასი 1.16 ლარია, ხოლო საბითუმო ბაზებიდან შესყიდვის შემთხვევაში, რაც 1 500 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, საწვავის ფასი 1.07 ლარს შეადგენს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, აგროდიზელზე შეღავათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მომავალ წლებშიც განხორციელდება.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი და ნაცმოძრაობასთან დაახლოებული პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე კი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. მისი აზრით, სოფლის მოსახლეობისთვის დიზელზე შეღავათი სულ რაღაც 16 თეთრია და დახმარების მისაღები მინდობილობისთვის 3-4-ჯერ მეტს ხარჯავს.

„მაქვს ორი დოკუმენტი, პირველი არის, სამთავრობო პროგრამა სადაც მითითებულია, რომ სოფელში მცხოვრებელები საკუთარი მიწის დამუშავებისთვის 1-ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ დიზელის საწვავზე. მეორე დოკუმენტი არის, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, სადაც წერია, რომ ამ პროგრამაში მხოლოდ 16 თეთრი იქნება ფასდაკლება ადამიანებისთვის, რომ მიიღონ დიზელის საწვავი. ადამიანები მიდიან იუსტიციის სახლებში და მათ სთხოვენ ყველა კომლის შემადგენლის ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თითო ასეთი მინდობილობა, თითო ადამიანზე დამოწმებული, 15 ლარი ღირს. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას 3-4-ჯერ მეტი დანახარჯის გაწევა უწევს მინდობილობის მიღებაზე ვიდრე ამ 16-თეთრიანი და არა 1-ლარიანი ფასდაკლების მიღებაზე. ეს არანაირი ზრუნვა არ არის სოფელსა და ადამიანებზე.

რაც შეეხება იმ ვითომდა გრანტებს, ისიც კარგად ვიცით, რომ გლეხი რომელიც სოფელში ცხოვრობს, გრანტს ვერ მიიღებს, გრანტს მიიღებს ისევ მათი პარტაქტივი, გრანტს მიიღებენ ისევ კორუფციულად მათი მეგობრები, ნათესავები და ბიძაშვილები და არა საქართველოს მოქალაქეები“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის მოსაზრებას მაშინვე გამოეხმარუნენ სამინისტროდან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში.

„მინდა გულწრფელად ვურჩიო გიორგი ვაშაძეს ან ეკონომისტები დაიყენოს გვერდში, ან ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ ელემენტარული არითმეტიკული გათვლების გაკეთება, რადგან ბენზინგასამართ სადურებზე დიზელის საწვავი ღირს 2 ლარიდან 2,06 ლარამდე. ტალონის მფლობელ ფერმერს შეუძლია შეიძინოს საწვავი დაახლოებით 1,07-1,15 ლარად. როგორ არის აქ 16-თეთრიანი სხვაობა თუ ამიხსნის, ძალიან მადლობელი დავრჩები.

რეალობა არის სულ სხვა, საქართველოს მოსახლეობამ 2 დღეში უკვე შეიძინა 2 156 000 ლიტრი საწვავის ტალონი. უკვე გაცემული 62 000 ცალი ტალონი და თვითონ ფერმერი ბენეფიციარი, ვინც უკვე შეიძინა, არის 5000-ზე მეტი. ეს არის პასუხი იმ არაკომპეტენტურ განცხადებაზე, რომელიც სამწუხაროდ, გააკეთა ბატონმა ვაშაძემ. მას შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, შეგნებულად საუბრობს და აქცენტს აკეთებს იმ 16 თეთრზე, რომელიც აკლდება დამატებით კონსოლიდირებული ტენდერის ფასთან შედარებით გასაყიდ ფასს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.