„ნავაროს ადრინდელი შეურაცხმყოფელი კვლევის შედეგების გამო, რეაბილიტაცია სჭირდება“

„ნავაროს ადრინდელი შეურაცხმყოფელი კვლევის შედეგების გამო, რეაბილიტაცია სჭირდება“

ლუის ნავარომ (NDI) საქართველოში საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის ეროვნულ საკიხებს შორის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე, პენსიები და გაზრდილი ფასებია.

გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 12% თვლის, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ხოლო 9%-ის აზრით, ჩვენი ქვეყანა ძირითადად არასწორი გზით ვითარდება.

კითხვაზე - საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? გამოკითხულთა 41% დადებითად პასუხობს, 40% კი - უარყოფითად. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, იგივე კითხვაზე დადებითად აგვისტოში 42%-მა უპასუხა, ივნისის გამოკითხვისას - 38%-მა, ხოლო 2012 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევისას ამ კითხვას დადებითი პასუხი 49%-მა გასცა.

კითხვაზე - მოყვანილი მოსაზრებებიდან რომელს ეთანხმებით ყველაზე მეტად?

„საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას“ - ასე პასუხობს გამოკითხულთა 35%, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენდა. ხოლო პასუხს - „საქართველო ჯერ არ არის დამოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება“ გამოკითხულთა 34% იზიარებს, აგვისტოში კი ასე 20% ფიქრობდა.

რაც შეეხება საგარეო საკითხებს, გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, 26%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 22%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე გამოკითხულთა უმეტესობისთვის მისაღებია ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ასევე მისაღებია რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა (68%) და რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთის გავლით (68%).

NDI-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ლუის ნავარო კი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ციხის ცნობილმა კადრებმა განაპირობა.

„კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ის ადამიანები, რომელთაც გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, თუ ვის მისცემდა ხმას, ან უარს აცხადებდა, უფრო მეტად პოზიტიურად იყო გარკვეული საკითხების მიმართ განწყობილი, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, თუმცა არც ისე პოზიტიურად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ამ კატეგორიის ადამიანები შუაში იდგნენ და ისინი პოლიტიკური სპექტრის ცენტრს წარმოადგენდნენ, ანუ ისინი იყვნენ მთავარი ბირთვი პოლიტიკური ცენტრისა. შემდეგ უკვე სექტემბერში ამას მოჰყვა ყველაზე ემოციური ციხის კადრები. რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, ასევე ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოება ჩართო აქტიურად. იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობდა პროცესი, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ აეხსნათ და გამოესწორებინათ ეს ფაქტი და რა თქმა უნდა, ამან იმ ცენტრზე იმოქმედა, რომელმაც არ იცოდა, თუ ვის აძლევდა ხმას, ან პასუხის გაცემაზე უარს აცხადებდა. ვინაიდან ჩვენი კვლევის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი და რეალური შედეგი, რაც მან აიღო, არ შეცვლილა, ანუ ცვლილება მოხდა იმაში, რომ „გადაუწყვეტელები“ და „უარი პასუხზე“ კატეგორია მთლიანად გადავიდნენ იმჟამინდელი ოპოზიციის მხარეს“, - განაცხდა ნავარომ.

საქართველოში ნავაროს მიერ ჩატარებულ კვლევას საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც წესი, არ ენდობა.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ეს კვლევა იმ მცდარი ინფორმაციის გადასარჩენად ჩატარდა, რასაც NDI არჩევნებამდე თვეების განმავლობაში აქვეყნებდა ხოლმე. აქვე ექსპერტი სვამს კითხვას, რომ თუ მხოლოდ ციხის კადრები იყო მოქალაქეების ცნობიერებაში ასეთი გადამწყვეტი, მაშინ რატომ ვერაფერი მიიღო ნავაროს მიერ დადებული შედეგების მიხედვით, მეორე რეიტინგის მქონე კანდიდატმა, ანუ „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“?

„ყველას გვახსოვს, რომ ნავაროს კვლევაში თურმე თარგამაძე უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ივანიშვილი. ასე როგორ მოხდა, რომ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ თურმე „ქრისტიან-დემოკრატებსაც“ დაბრალდათ ის, რაც ციხეებში ხდებოდა? შესაბამისად, ბატონი ნავარო უკეთეს შემთხვევაში ცდება, როდესაც ასეთ მარტივ საფუძველს უდებს ქართველი ხალხის განაჩენს ყოფილი ხელისუფლების მიმართ. უკაცრავად, მაგრამ ციხის კადრები სულაც რომ არ ყოფილიყო, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა, რადგან სამართლიანობის აღდგენა და სასამართლოს გაკეთილშობილება ქართველი ამომრჩევლის მიერ ბევრად უფრო ადრე გამოხატული პრიორიტეტი იყო“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

იგი ხაზს უსვამს ნავაროს ადრინდელ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში შიში არ არსებობდა და შიში არ იყო იმ ციფრების განმსაზღვრელი, რომელსაც კვლევების შედეგად NDI დებდა ხოლმე. ცისკარიშვილი ამბობს, რომ ფაქტია, პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ შიში დაძლია და არჩევნების შედეგიც იმიტომ იყო ასეთი დამაჯერებელი მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად მის ხელთ არსებული არც ერთი ხერხი არ გამოუტოვებია.

„ქართული ცნობიერების ასე მარტივად ახსნა მხოლოდ პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ის გულწრფელია. მირჩევნია ბატონი ნავაროს მიმართ ვილაპარაკო როგორც შეცდომების დამშვებზე და არა როგორც დამნაშავეზე“, - აღნიშნავს ექსპერტი.

არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, კახა კახიშვილი ამბობს, რომ არც ნავარო შეცვლილა და არც ის ორგანიზაცია, რომელსაც იგი კვლევებს უკვეთავს.

„ახლა ნავაროს სჭირდებოდა რეაბილიტაცია იმ შეურაცხმყოფელი კვლევის შედეგების გამო, რომელსაც იგი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აქვეყნებდა, რომლის გამოც მთელი საზოგადოება აღშფოთებული იყო და ნავაროს ურჩევდა, კვლევის შემსრულებელი ორგანიზაცია შეეცვალა. მაგრამ ნავაროს ეგონა, ყველაფერი ისევ ისე ჩაივლიდა და ისეთივე შედეგები დაიდებოდა, როგორც წინა არჩევნების დროს, ანუ დაახლოებით მისი კვლევის შესაბამისი. როგორც ჩანს, ნავარო გამოცოცხლდა იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახალ მთავრობას დაპატიმრებებთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. ამიტომ, ალბათ, ნავარო თვლის, რომ დღეს დადგა ის დრო, როდესაც კვლევის შედეგები შეუძლია საზოგადოებას წარუდგინოს და საკუთარი (ხაზს ვუსვამ - არა NDI-ს, არამედ საკუთარი) რეაბილიტაცია მოახდინოს“, - აღნიშნავს კახიშვილი.

მისი თქმით, საქართველოში რვა წლის მანძილზე ისეთი გარემო იყო, რომ ადამიანები საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს მალავდნენ, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ იყვნენ. ექსპერტი ამბობს, რომ ზოგი საერთოდ არ იყო „ნაციონალების“ მხარდამჭერი, მაგრამ როდესაც მის პოლიტიკურ სიმპატიებზე კითხვას უსვამდნენ, ამბობდა, რომ მმართველ ძალას უჭერდა მხარს, რათა რაიმე პრობლემა არ შექმნოდა. კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ ყველასათვის, მათ შორის ნავაროსთვისაც ცნობილი იყო. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები იყო - „მე არ მინდა მიშა“, ანუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგი იყო, თუმცა ოპოზიციის შეცდომების გამო საზოგადოება საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი და არჩევნებშიც კი არ მონაწილეობდა. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კი მოსახლეობა გამომცოცხლდა და იმედი მიეცა, რადგან იცოდნენ, რომ იგი პოლიტიკაში ფულის საშოვნელად არ მოდიოდა.

„როდესაც კვლევის შედეგებში დემოკრატიის კლებაზეა საუბარი, სწორედ აქ ჩანს შემსრულებლის მიკერძოებულობა. ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ დემოკრატიამ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის შემდეგ ამხელა მრავალპარტიული კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იკლო. ვხედავთ, რომ ქვეყანაში სუნთქვა უფრო ადვილი გახდა, ხალხს შიში გაუქრა და თავისი პოლიტიკური შეხედულებისა, თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების დაფიქსირებას არ ერიდება“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი დაკვეთაა იმ შემსრულებლებისადმი, რომლებიც მათ დაკვეთებს წლების განმავლობაში ძალიან კარგად ასრულებდნენ. აქვე კახიშვილი აკონკრეტებს, რომ ამაში არ გულისხმობს თავად ორგანიზაცია NDI-ს. საუბარია მის ხელმძღვანელზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არ არის ობიექტურად განწყობილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ NDI-ის კვლევები და თავად ლუის ნავარო ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში დისკრედიტირებულია.

„დემოკრატია არის თუ არა, ეს დაახლოებით ქათმისა და კვერცხის მსგავსი თემაა. ჩაატარეთ ამერიკაში გამოკითხვა დემოკრატიის არსებობაზე და, შესაძლოა, გამოკითხულთა 40%-მა თქვას, რომ ამერიკაში არანაირი დემოკრატია არ არის. იგივე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქვეყანაში. დემოკრატია პროცესია და თუ მოსახლეობა დემოკრატიით კმაყოფილია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირია. ამ კვლევაში უფრო სხვა რამ მენიშნა. კერძოდ, უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე „ქართული ოცნების“ ლიდერთა ჯგუფი აცხადებდა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის მთავარი სამართლიანობის აღდგენაა. ამ კვლევიდან კი (თუ ის ობიექტურია) ჩანს, რომ სამართლიანობის აღდგენა პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე კი არა, არამედ საზოგადოების ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნაა. მთავარი კი კვლავ სოციალური პრობლემებია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუკი ხელისუფლების პრიორიტეტები დაბალანსდება, რადგან სამართლიანობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთელს მსოფლიოში სამართლიანობის აღდგენის მომთხოვნი, ძირითადად, თავისუფალი და შემოქმედებითი პროფესიების მქონე ადამიანები არიან, რომლებსაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება სერიოზულ პრობლემად მიაჩნიათ. ხოლო კახელი მევენახისთვის, ან აჭარელი მეციტრუსისთვის ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. მათთვის მთავარია, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ჰქონდეთ, არ იყოს დრაკონული გადასახადები და წვრილ ბიზნესს არ ავიწროებდნენ.

„ჩემს სახლთან ახლოს პატარა ჯიხურია, რომლის მეპატრონეც 500 ლარით დააჯარიმეს. მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახური საკონტროლო შესყიდვებს აწარმოებს, შევლენ მაღაზიაში, ან ჯიხურში თინეიჯერი გოგონები და ბიჭები, რაღაცას ყიდულობენ და შემდეგ ხდება მეწარმის 500 ლარით დაჯარიმება“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ პრეცედენტი შეიქმნებოდა, როდესაც ხელისუფლება საკუთარი პრიორიტეტების განსაზღვრისას კვლევის შედეგებს გაიზიარებდა. ექსპერტი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ამგვარი კვლევის შედეგებით ჟურნალისტები უფრო ინტერესდებიან, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. აქვე სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ მართალია ნავაროს მიმართ საქართველოში ნდობის ხარისხი დაბალია, მაგრამ მის მიერ ჩატარებული კვლევა ხელისუფლებამ მაინც უნდა გაითვალისწინოს, თუნდაც ბიუჯეტის პრიორიტეტების დაგეგმვისას.