საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი მლადენოვი და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი, იაცეკ მიხალოვსკი იმყოფებიან. დღეს ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძეს შეხვდნენ, რის შემდეგად მასთან ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.
მაია ფანჯიკიძემ ევროპელ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამივე ქვეყანასთან, პოლონეთთან, ბულგარეთთან და შვედეთთან ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე საუბარი იყო იმ ვიზიტებზე, რომლებიც ფანჯიკიძეს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა.
„ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალ დინამიკაზე და ვისაუბრეთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, გავცვალეთ აზრები და მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მან კომენტარი გააკეთა ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩაშლაზე და აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ფორმატში შეხვედრები მომავალში აღარ გაიმართება.
„ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, პრაგმატული შეხედულებები. ეს იყო პირველი შეხვედრა ახალი მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და იმედი გვქონდა, რომ ამ პრაგმატული შეხედულებებით უფრო კარგ ვითარებას შევქმნიდით. საუბარი იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, შეხვედრის ეს ნაწილი არ შედგა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მან ასევე განმარტა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინის მომავალ შეხვედრასთან ჟენევის ფორმატს არანაირი კავშირი არ აქვს, რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს და ჟურნალისტებს სთხოვა, ამ ორი საკითხის ერთმანეთში აღრევა არ მოხდეს.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შვედეთი საქართველოს მეგობარია და მისი წარმომადგენლები საქართველოში ხშირად ჩამოდიან. უკანასკნელად ეს წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა და ასეთი ვიზიტები დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის ვალდებულებების დემონსტრირებას ემსახურება.
„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ საქართველოს მთავრობის ერთგულებას, გააგრძელოს რეფორმები და ევროპული ინტეგრაციის გზა. განვიხილეთ რეგიონალური საკითხები, ვისაუბრეთ იმ ასპექტზე, რასაც ჰქვია შიდა განვითარება. არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების თვალსაზრისით იყო საუკეთესოდ ჩატარებული საქართველოს განვითარების გზაზე. 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე და 2014 წელს ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ ველოდებით დემოკრატიული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ასევე ხაზი გავუსვით ფუნდამენტურ აუცილებლობას, კანონის უზენაესობას და ყველა საკითხს, რომელიც ამ თემას ეხება“, - აღნიშნა კარლ ბილდტმა.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით უცხოელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას კი ბილდტმა ასე უპასუხა:
„პრეზიდენტ სააკაშვილს გუშინდელ შეხვედრაზე მივულოცეთ გარდამავალი პერიოდის წარმატება. ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკის ასპექტებზე, ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს მოსახელობის ფართო კონსესუსს აღნიშულ საკითხზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციებს სხვადასხვა ევროპულ საბჭოებში. ხაზი გავუსვით შეშფოთებას იურიდიული საკითხების თვალსაზრისით. კანონის უზენაესობა არის დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილი და ვფიქრობ, დიალოგი ამ მიმართულებით უნდა გაღრმავდეს. არსებობენ სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციები, რომლებიც მზად არიან, დახმარება გაუწიონ საქართველოს ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა კარლ ბილდტმა.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოლაი მლადენოვი ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი იმის გაგებაა, თუ კონკრეტულად როგორ ხედავს საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყნის ევროპულ მომავალს. მლადენოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ. ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებსაც შეეხო.
„ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის პროცესი ცოცხალი იყოს და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მასში ყველა მხარე ჩართული იქნება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმოამდგენლის დანიშვნას, ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროცესია და მოველით დეტალურ ინფორმაციას იმ სტრატეგიაზე, რომელსაც ახალი მთავრობა გეგმავს“, - განაცხადა მლადენოვმა.
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა, იაცეკ მიხალოვსკიმ კი არჩევნების ჩატარება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, გამარჯვებულ და დამარცხებულ პარტიებს და აღნიშნა, რომ ეს ნორმალური დემოკრატიული პროცესია.
„ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის მშვიდობიანი თანაარსებობა, რაშიც ჩვენ დემოკრატიის დიდ სკოლას ვხედავთ“, - აღნიშნა მიხალოვსკიმ.
შეგახსენებთ, შევდეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოში ბოლოს წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფებოდა და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისადმი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. საერთოდაც, კარლ ბილდტს მიხეილ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობა აქვს და ამაზე არა მხოლოდ ქართული, არამედ შვედური მედიაც აქტიურად წერდა. შვედურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, მათი საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს პრეზიდენტისადმი მხარდაჭერა უანგარო არ იყო. კერძოდ, ბილდტი 2004-2006 წლებში ცნობილი პიარკომპანიის „Kreab“-ის მართვის დირექტორი იყო. ამ პიარკომპანიის კლიენტთა სიაში კი მსხვილ საწარმოებსა და ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მთავრობაც ირიცხებოდა. ამიტომაც, ახალი ხელისუფლების პირობებში ბილდტის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქართული მედია ყურადღებით ადევნებს თვალყურს. ამჯერად, ბილდტი მართალია უფრო მოზომილი იყო, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონის უზენაესობას გაუსვა ხაზი და იურიდიული ფაქტორების გამო შეშფოთება გამოხატა.