ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და თანაგუნდელი თეო ტლაშაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე პრეზიდენტის ძმის- დავით სააკაშვილის გამოჩენამ იგი გააკვირვა, თუმცა მას არაერთხელ მოუსმენია დავით სააკაშვილის სიტყვები, რომ იგი უფრო დიდ პატივს სცემდა ირაკლი ოქრუაშვილს, ვიდრე თავის ძმას.
ორიოდე დღის წინ მატროსოვის ციხეში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბაჩო ახალაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ყოფილ მინისტრებს შორის შეკამათებას უარყოფს. მისი თქმით, ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის არანაირი შეკამათება არ მომხდარა. უბრალოდ, ოქრუაშვილს რაღაც დაუყვირია და მის ადვოკატს ამ თემაზე ტრაბახი რაში დასჭირდა, სუბარისთვის გაუგებარია. თქვენ, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარს, უკეთ გეცოდინებათ, რეალურად რა მოხდა მატროსოვის ციხეში?
- ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ დეტალებს ნამდვილად ვერ გეტყვით. ისევე, როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ, მეც გავიგე მხოლოდ ის ნაწილი, რაც გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით და მათ შორის, რაც დაადასტურა ადვოკატმა. რა თქმა უნდა, იქ არ ვყოფილვარ და არც საშუალება არ მაქვს, ირაკლი ოქრუაშვილს ვესაუბრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს ფაქტი დადასტურდა და არ მაქვს იმის უფლება, ეს უარვყო. სიმართლე გითხრათ, არც მეპარება ეჭვი იმაში, რომ ასე მოხდებოდა.
თქვენ, ალბათ, ჩამოსვლის შემდეგ მოინახულეთ ირაკლი ოქრუაშვილი. ციხეში თუ ხვდებით და რა განწყობაზეა, აპირებს თუ არა თანამშრომლობას გამოძიებასთან, რადგან გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, თუ იგი ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და დაასახელებდა უფრო ზემდგომი ორგანოების წარმომადგენლებს, მაშინ მისი ჩვენება, შესაძლოა, მის სასიკეთოდ ყოფილიყო და გამოეშვათ კიდეც.
- მისი ნახვის საშუალება ნამდვილად არ მაქვს. ხშირად კი არა, ერთხელაც არ მინახავს. როდესაც მე პარლამენტის წევრი ვიყავი, ამის საშუალება და უფლება მქონდა, თუმცა ახლა კანონით შეზღუდული ვარ. მაშინ მე უნდა ვყოფილიყავი ან იმ მონიტორინგის ჯგუფის 50 კაციან სიაში, ან პარლამენტის წევრი. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია იქ შეხვიდე. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მხოლოდ ადვოკატების საშუალებით და მათი მეშვეობით ვცვლით ინფორმაციებს. ამიტომ ამ კონკრეტულ კითხვასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ.
ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლისთანავე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან გარანტიები მიიღო ახალი ხელისუფლებისგან.
- ეს თემა ვიღაცის მიერ იყო გავრცელებული და ტირაჟირებული, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის დადასტურება, რომ ის პატივს სცემდა ახალ ხელისუფლებას და მას ერთგვარ ნდობას უცხადებდა. მხოლოდ ნდობის ფაქტორის გამო გადადგა ეს ნაბიჯი და იმედი გაუჩნდა, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვართ სასამართლო პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილი იქიდან გამომდინარე, რომ ისევ ის პროკურორები წარმოადგენენ დღეს სასამართლო პროცესს, რომლებიც წინასწარ გამოძიებაში იყვნენ. მე პირდაპირ გავიმეორე 5 დეკემბრამდე პოლიტპატიმართა სიაში მყოფი ლევან ტერაშვილის წერილი, სადაც იგი პირდაპირ ადებს ხელს ბატონ პროკურორს- ჯაბა გურგენიძეს, რომელიც უშუალოდ აძალებდა (არა მხოლოდ ლევან ტერაშვილს), რომ ეღიარებინა ბრალი და საპროცესო შეთანხმებაზე წასულიყო. თუმცაღა, იმედი გამიჩნდა ბატონი კბილაშვილის ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ყველა ის მოქმედი პროკურორი, რომელიც რომელიმე საქმესთან პოლიტიკური მოტივებითაა დაკავშირებული, დაისჯება. ამის ნათელი მაგალითია, თუ როგორი ლუსტრაცია მოხდა ამ პროკურორის. ამიტომ გამიჩნდა განცდა, რომ ეს ადამიანი, შესაძლოა, იყოს დაკითხვის ობიექტი ახლო მომავალში, რადგან თავად ტერაშვილი აპირებს, მის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირის მიერ მასზე ზეწოლის განხორციელების გამო.
ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე შეიძლება, გამოიცვალონ პროკურორები?
- ეს არის ახალი გარემოება, როდესაც ადამიანი კონკრეტულ პირთან მიმართებით საჩივარს შეიტანს. ამ ახალი გარემოების შემდეგ, შესაძლოა, მოხდეს ბატონი ტერაშვილის დაკითხვა და, თუკი დადასტურდება პროკურორის ბრალი, მაშინ იგი თვითონ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე. ტერაშვილი არის „ზილების“ საქმესთან დაკავშირებული ადამიანი, რომელიც 5 დეკემბრის მონაცემებით, პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს. არა მარტო ლევან ტერაშვილი, არამედ კახა ტერაშვილი, დავით შიუკაშვილი და შალვა საბაშვილიც სიიდან ამოიღეს. არადა, ამავე თემასთან დაკავშირებით ზოგიერთი დატოვეს სიაში, ზოგის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამდენად, ეს არის ერთგვარი კაზუსი, შეუსაბამობა იურიდიულადაც და ლოგიკურადაც, რადგან არ შეიძლება, ერთსა და იმავე საქმეზე ადამიანების ნაწილი გამოვიდეს ციხიდან, ნაწილს პატიმრობა მიესაჯოს, ზოგიერთი ადამიანი კი საერთოდ ამოვარდეს სიიდან.
თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ასეთი მესიჯი გამოვიდა ციხიდან, თუ ახალი გენერალური პროკურატურა რეალურად დაიწყებდა საქმეების ძიებას, მას შეეძლო ყველაფრის თქმა, ხოლო, თუ ეს იყო უბრალო თამაში, მაშინ იგი მასში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამით ნიჰილისტური დამოკიდებულება გაჟღერდა მისი მხრიდან?
- ასე არ ვფიქრობ. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით ჩემს მეგობრებთან ერთად და ბატონი ქიტოშვილის განცხადება, რომელიც მან გაახმაურა, აბსოლუტურად შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრის მისამართით სისხლის სამართლის პასუხისხმგებლობა აღიძრას. ფაქტობრივად, საქმე დაწყებულია და წარმოებაში აქვს მიღებული პროკურატურას. ასევე, ვიცით, რომ მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული და შესაძლებელია, მასზე დაიწყოს გამოძიება. ვფიქრობ, მანაც უნდა აგოს პასუხი. ამ შემთხვევაში, უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოში სულ რამდენიმე იყო, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა და ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ბატონი ადეიშვილი.
ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა დავით სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ძმა. ამ ფაქტს როგორ ახსნით? რისი ჩვენება უნდოდა ამით სააკაშვილების ოჯახს?
- როდესაც ბატონი დავით სააკაშვილი დავინახე სასამართლო პროცესზე, ჩემში ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისი დამოკიდებულება ირაკლის მიმართ ვიცოდი, რომელიც არაერთხელ მომისმენია, რომ იგი უფრო დიდ პატივს სცემდა ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც კაცს, ვიდრე თავის ძმას, ეს გასაკვირი არ ყოფილა. მე მახსოვს, ასევე, მისი სიტყვები, რომ ის გულმხურვალედ ევედრებოდა, ირაკლი ყოფილიყო მისი შვილის ნათლია. ისინი, უბრალოდ, მეგობრები იყვნენ და მიხარია, რომ ამ ადამიანს ეყო გამბედაობა, ეს იყო დიდი გამოვლინება იმისა, რომ მეგობრობა შეიძლება, მის ოჯახურ დამოკიდებულებაზე მაღლა დამდგარიყო.
თქვენი ინფორმაციით, დავით სააკაშვილს თავის ძმასთან კონტაქტი აქვს?
- მათი ოჯახური ურთიერთობის შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა ფაქტია, რომ მას ნამდვილად არ მოუწონებდა თავისი ძმა ამ საქციელს. შეიძლება, კიდეც დაიტუქსა, თუმცა მას ეყო გამბედაობა, რომ ღიად გამოჩნდა ყველას წინაშე ირაკლი ოქრუაშვილის პროცესზე.
თქვენ საუბრობდით, რომ წყალგამყოფი ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის გაჩნდა მაშინ, როდესაც გირგვლიანი მოკლეს და ამ მკვლელობით შეძრული ადამიანების აქციაზე ოქრუაშვილმა ჩაიარა და მომიტინგეებს უთხრა, თქვენთან ვარ, ბიჭებოო. რეალურად, მაშინ გაჩნდა მათ შორის წყალგამყოფი თუ უფრო ადრეც არსებობდა?
- ეს იყო ძალიან დიდი განსაცდელი და გამოცდა ყველა ჩვენგანისთვის. მანამდეც ნაციონალურ მოძრაობასა და ირაკლის გუნდს შორის იყო იდეური დაპირისპირება, სერიოზული დაპირისპირება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სააშკარაოზე არ გამოგვქონდა. თუმცა გირგვლიანის თემა იყო დიდი გამოცდა ყველასთვის. ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი იყო, როდესაც გადაწყვეტილება მიიღო, მომიტინგეებთან მისულიყო და ეთქვა, რომ ის მათ გვერდით იდგა. ხაზგასმით ვამბობ, რომ პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი წარმოუდგენელი იყო. შიშის ფაქტორი, გგონიათ, მხოლოდ გარეთ იყო და საზოგადოებას გაუჩნდა? მორჩილების პირველი სიმპტომები სწორედ ნაციონალური მოძრაობის შიგნითვე გაჩნდა, სადაც რამდენიმე წარმმართველი ადამიანი ცდილობდა, ყველანი მორჩილებაში ჰყოლოდა საკუთარი იდეების და ქმედებების გავლენის ქვეშ. მადლობა ღმერთს, ჩვენ ბოლომდე მათ გვერდით არ აღმოვჩნდით და ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ასე ლუსტრირებულად მხარდაჭერა და გირგვლიანის მკვლელობის გაპროტესტება პირდაპირი დარტყმა იყო ხელისუფლებისთვის. მის მკვლელობაში ხომ უმაღლესი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები იყვნენ გარეულნი და თავად თანამდებობის პირები იყვნენ ჩარეულნი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამას ნამდვილად არ მოითმენდა არცერთი მათგანი. ყველაზე დაუწერელი მეთოდებით კი ჩვენ გაგვისწორდნენ და ჩვენ ეს გადავიტანეთ. მართალია, დავზარალდით, თუმცა თვითონ ისე დაზიანდნენ, რომ მათ სახელსა და როლს ისტორიაში ვერაფერი ვეღარ გამოასწორებს.
რას და ვის გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ დაუწერელი მეთოდებით გაგისწორდნენ? მერაბიშვილსა და სააკაშვილს? რით დაადასტურებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გაუსწორდნენ?
- ყველა ის განვლილი გზა, რაც 2007 წლის ცნობილი განცხადების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა გაიარა, თავისი მძიმედ გასახსენებელი დეტალებით, სწორედ ამას გულისხმობს, რომ ეს მათი მხრიდან იყო ჩვენი მისამართით ანგარიშსწორების ნათელი მაგალითი. თუმცა ყველაფერი დროებითია, ეს ჩვენც კარგად დავინახეთ და სხვასაც უნდა შეემჩნია, რადგან ამ ქვეყანაში მარადიული არაფერია. შეცდომას როცა უშვებ, უნდა აღიარო და მოინანიო კიდეც. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელი გავიარეთ, რაღაც ფორმით მაინც შევძელით ის, რომ მათ გვერდით არ ვყოფილიყავით და გამოვსულიყავით.
შეგიძლიათ, დაადასტუროთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მერაბიშვილთან ან სააკაშვილთან ჰქონდა დაპირისპირება, თუნდაც გირგვლიანის ფაქტის გამო?
- იმედია, დეტალებთან დაკავშირებით თავად ისაუბრებს, თუ რა საუბრები შედგა მათ შორის.
საზოგადოებაში ოქრუაშვილის მიმართ არ იყო მთლად დადებითი განწყობა- ბორდელებში შევარდნა, საჩვენებელი დაჭერები, გირგვლიანის გარდა მომხდარი სხვა მკვლელობები, რაზეც იგი ხმას არ იღებდა... მის ცხოვრებაში ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები იყო - უარყოფითიც და დადებითიც. ამ ყველაფერს როგორ ახსნას უძებნით, რატომ არ აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი განცხადებებს რობაქიძის, გამცემლიძის და სხვათა დაღუპვის შემდეგ?
- აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნავთ, თუკი შეიძლება, ვისაუბროთ პოზიტივზე, უნდა დაისვას ის შეკითხვებიც, რაც საზოგადოებას აღელვებს და აწუხებს. ოქრუაშვილის ჩამოსვლა საქართველოში სწორედ ამას ისახავდა მიზნად. გავმეორდები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის „წარმატების“ საიდუმლო იყო ის, რომ მას ჰქონდა საშუალება, ტელევიზიების სახით ბევრი ცილისმწამებლური განცხადება და ჭორი გაევრცელებინა. ზუსტად ვიცი, როგორც ხდებოდა ნაციონალურ მოძრაობაში ჭორების გავრცელება და რეალური ოპონენტის განადგურების მიზნით ყველა ბინძური საქმის თავს მოხვევა. ასე რომ, ოქრუაშვილი საქართველოში არის იმიტომ, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი გასცეს და თქვენთან ერთად მეც მოუთმენლად ველოდები იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხს გასცემს. ის არ გახლავთ ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მას მონაწილეობა ან ბრალი ედებოდა რაიმე საქმეში, რაზედაც პასუხი არ ჰქონდა, ის საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა.
თქვენც იზიარებთ იმ აზრს, რომ რობაქიძისა და სხვათა მკვლელობების დროს მას შეეძლო ხმა ამოეღო და ოფიციალური პოზიცია გამოეხატა?
- ვერ ვისაუბრებ თუნდაც რობაქიძესთან დაკავშირებით, მათ შორის რა საუბრები იყო, ან საერთოდ, რა ხდებოდა იმ მომენტისთვის. ამ კითხვებს თავად ოქრუაშვილი გასცემს პასუხს, რადგან ეს კითხვები არსებობს.
გულისხმობთ იმას, რომ, შესაძლოა, შიდა დინებებში იყო მისი მხრიდან კრიტიკული აზრი ამასთან დაკავშირებით?
_ რა თქმა უნდა, ამას ვგულისხმობ, რადგან 2007 წლის ცნობილი განცხადების შემდეგ, როდესაც ოქრუაშვილი გამოვიდა, მან ცალსახად აღნიშნა, რომ მას ავალდებდნენ გარკვეული მკვლელობების შეკვეთებს, რაზეც მას არასდროს ხელი არ მოუწერია. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენს მიერ დასმულ ყველა კითხვაზე ეს არის პასუხი. შესაძლოა, მას რაღაც დავალება ჰქონოდა, თუნდაც ინფორმაცია, მაგრამ ამ საქმეებში არ ერეოდა იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობაშიც, შეუგნებლად იმართებოდა მმართველ ძალაში მყოფი რამდენიმე ადამიანის მიერ და ისინი ასრულებინებდნენ მათ გარკვეულ დავალებებს. თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პროფესიით გახლავთ იურისტი და მანამდე საადვოკატო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა, რაღაც იდიოტურ საქციელს ნამდვილად არ ჩაიდენდა, ამაში დარწმუნებული ვარ.
აგვისტოს ომამდე კარგა ხნით ადრე იგი ითვლებოდა ცხინვალში შესვლის მოსურნე პიროვნებად და მას ამ რეგიონზე კონტროლის აღდგენის თაობაზე კატეგორიული განცხადებები ჰქონდა. თქვენთან საუბარში როგორ შეფასებას აძლევდა აგვისტოს ომს, რადგან ეს პირადად თქვენთვის მტკივნეული რეგიონია. სამაჩაბლოს ადგილებიდან ხართ წარმოშობით, ირაკლი ოქრუაშვილი კი ცხინვალშია დაბადებული.
- მის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, მით უფრო, იმ ადამიანის მაგივრად, ვინც თავდაცვის მინისტრი იყო, მანამდე შს მინისტრი. გახსოვთ ალბათ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა როგორი სიამაყით და ცრემლმორეულმა მოიხსენია იგი.
სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ აგვისტოს ომში ოქრუაშვილი რიგით ჯარისკაცად ჩამოსვლას აპირებდა.
- სააკაშვილმა ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამოსვლისას პარლამენტის წინ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი მზად იყო, როგორც რიგითი ჯარისკაცი, დადგომოდა გვერდში. თუმცაღა, ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ, ვინც საქართველოში მისი ჩამოსვლის პირველი მოწინააღმდეგე იყო, ეს გახლდათ გივი თარგამაძე. გიგა ბოკერიამ და გივი თარგამაძემ მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო და ოქრუაშვილი არ უნდა ჩამოეშვათ საქართველოში.
ამგვარი საქციელით სააკაშვილს ოქრუაშვილის შემორიგება უნდოდა?
- შემორიგებას არ დავარქმევდი, ის იყო ძალიან დიდ განსაცდელში და შველას ელოდა მისგან, როგორც ადამიანისგან, რომელსაც შეეძლო, რაღაც წვლილი შეეტანა ამ საქმეში, მაგრამ ეს თემა ისეთ მასშტაბებსა და სიღრმეში იყო უკვე შესული, რომ ამის შეჩერება შეუძლებელი იყო. რაც მოხდა 2008 წელს, ეს ყველასთვის ტრაგედიაა.
ადეიშვილისა და დათა ახალაიას თემასთან დაკავშირებით რას იტყვით? გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილმა საზღვარგარეთ ისინი სცემა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ადეიშვილს ძირადღირებულ აპარტამენტში ეწვია, ახალაიას კი პარიზში შეეჩეხა.
- ადეიშვილთან და ახალაისთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ და გულწრფელად ვეუბნები ყველას, რომ ეს არის თემა, რომელზედაც მე დიდ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დათა ახალაიას შესახებ გავრცელდა ეს ინფორმაცია პარიზში, ამიტომ მე მხოლოდ და მხოლოდ ასეთ განმარტებას ვაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და ქართველები ვართ, ორი კაცი ერთმანეთთან ურთიერთობას რომ არკვევს, იქ ვიღაცის კომენტარი, ვინც არ უნდა იყოს ის ადამიანი, ვფიქრობ, ზედმეტია და ყველამ თავისი საქმის თვითონ იცის.
ანუ ამ ინფორმაციას არც დაადასტურებთ და არც უარყოფთ?
- ამასთან დაკავშირებით მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
რას იტყვით პარლამენტის ადამიანთა უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც აცხადებს, ირაკლი ოქრუაშვილი ავანტიურისტია და საქართველოში ამიტომაც ჩამოვიდაო.
- გედი ფოფხაძის კომენტარი ჩემთვის მიუღებელია. ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რა თანამდებობაზეა, როდესაც განცხადებას აკეთებს. მის სიტყვას გასათვალისწინებელი მნიშვნელობა აქვს რომელიმე პიროვნების მიმართ ან რომელიმე ორგანიზაციის მისამართით. ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტდევნილთა სიიდან ამოღების დროს მათ ერთ-ერთ არგუმენტად ჰქონდათ ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და სასამართლო პროცესისთვის ხელი არ უნდა შეეშალა მის სიაში ყოფნას, ამიტომაც ამოიღეს. პარალელურად, ბატონი გედი ფოფხაძე გუშინ აცხადებდა, რომ ოქრუაშვილი არის ავანტიურისტი და ის, რომ ცოტა მოგვიანებით ჩამოსულიყო საქართველოში, იგი დარჩებოდა სიაში და მას სკანდალების შექმნა სურს და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. ბატონმა გედიმ ამით დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და პირდაპირი ზეწოლა განახორციელა სასამართლოზე, როგორც თანამდებობის პირმა. მას ეს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა. მე ვურჩევ მას, შეარჩიოს სიტყვები, მით უმეტეს, იგი არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამიტომ იგი ერთნაირად უნდა ზრუნავდეს ყველა ადამიანის უფლებაზე და არ უნდა ზრუნავდეს თავისი ზემდგომი, ერთი ან ორი ადამიანის (ვგულისხმობ კომიტეტში მყოფი ადამიანების) სიამოვნებაზე. ეს წარმოუდგენელია, უბრალოდ, წინა კვირას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში ბევრი ადამიანი პირველადაა და, ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებელ განცხადებებს აკეთებს, რეალურია. ნათლად დავინახე, რომ ერთ-ერთი ასეთი იყო ბატონი გედევან ფოფხაძე.