ქობულეთში მოსახლეობის საკუთარი სახლებიდან გამოყრა დროებით გადაიდო. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბანკები გარკვეული დათმობაზე წამოვლენ, აჭარის მთავრობა კი სესხით გაწამებულ მოსახლეობასა და ბანკებს შორის შუამდგომლობას იკისრებს.
ამჟამად აჭარის მთავრობაში წარდგენილია ქობულეთში მცხოვრებთა 384 განცხადება, რომლებიც ითხოვენ მთავრობის შუამდგომლობას ბანკებთან და ფინანსურ კომპანიებთან კრედიტის პირობების გასაუმჯობესებლად.
„ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ბანკირებთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ამ ოჯახების პრობლემას დეტალურად სწავლობს. კომისია სხვადასხვა სიტუაციაში ბანკებისთვის და გადახდისუუნარო მსესხებლებისთვის პირობების გაუმჯობესების ხერხებზე, მათი თავიდან აცილების გზებზე და შეღავათიანი პირობების ჩამოყალიბებაზე მუშაობს.
გვქონდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ბანკების რეგიონულმა ხელმძღვანელებმა მოკლე ხანში შესწავლილი საქმიანობის შედეგები წარმოადგინეს. მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ დროებით შეჩერდეს განმცხადებლების აღსრულების პროცესი, რომლებიც ამ ეტაპზე გადახდისუუნაროდ ითვლებიან, ხოლო ის, ვინც გადახდისუნარიანად ითვლება და უპრობლემოდ სარგებლობს სესხით, ბანკებთან ურთიერთობას განაგრძობს ჩვეულებრივად, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია პირობების გაუმჯობესება, კერძოდ საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ან ვადის გაზრდა ბანკის საკრედიტო პოლიტიკის გათვალისწინებით“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
ქობულეთელთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ აგვისტოს ომს არ დაუზარალებია. 2008 წლის გარდა, მძიმე მდგომარეობა იყო 2011 წელსაც, როცა ტურისტული სეზონი ასევე ჩავარდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად, შუა საზღვაო სეზონში, ქობულეთში ცენტრალური საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისა და სკვერების რეაბილიტაციის დაწყებას ასახელებენ, შექმნილმა დისკომფორტმა კი ტურისტების გადინება გამოიწვია.
საზოგადოება „ჩვენი ქობულეთის“ ხელმძღვანელის თამაზ გოგიბერიძის განცხადებით, ქობულეთში ყოველ მეორე-მესამე ოჯახს ბანკთან უზარმაზარი პრობლემები აქვს. ამიტომ მათი მოთხოვნაა, პირველ რიგში, შეწყდეს ხალხის გამოსახლება სახლებიდან.
„თითქმის ყოველი მესამე-მეოთხე ოჯახი გამოსახლების კანდიდატია. ამიტომ ვთხოვეთ ხელისუფლებას გაიცეს, იაფი მუნიციპალური სესხები ერთიდან ოცი წლის ვადით და ხალხს მიეცეს საშუალება დაფაროს საბანკო კრედიტები“, - აცხადებს გოგიბერიძე.
გაკოტრებული ოჯახის გამოსახლებისას პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკებები ქობულეთისთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. საბანკო კრედიტებისგან დაზარალებულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა გამოსახლების მცდელობისას ხალხი იქნება ერთიანი და არ დაუშვებს, რომ რომელიმე ქობულეთელი ოჯახი საკუთარი ქონების გარეშე დარჩეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, ფრაქცია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე სულხან ღლონტი განმარტავს, რომ ბანკების პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შეინიშნება მზადყოფნა, რომ დაზარალებულებს შეუმცირდეთ საპროცენტო განაკვეთები და გარკვეული შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ინტერესში შედის, რომ დაზარალებულთა მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ბანკები დათმობაზე წამოვიდნენ. ცხადია, მსესხებლები რეალურად მართლები არიან და მათი ზარალი გამოწვეულია არა პირადი დაუდევრობით, არამედ ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებით.
ასეთ დროს მსოფლიოში ყველა ღირსეული სახელმწიფო დგება შუამავლის როლში ბანკსა და მოქალაქეებს შორის. საქმე 384 განცხადებას ეხება, მაგრამ დაზარალებულთა რიცხვი რეალურად ბევრად მეტია. ვფიქრობ, საკითხის შესწავლა ეტაპობრივად მოხდება, მაგრამ ამაზე საბანკო სექტორის მხრიდან საუბარი ჯერ არ არის. საკითხი განიხილება და სულ რამდენიმე დღეში ბანკები საკუთარ პოზიციებს ოფიციალურად დააფიქსირებენ“, - ამბობს სულხან ღლონტი.