2012 წლის 13 დეკემბერს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს საქართველოს პარლამენტის წევრი, ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პაატა ლეჟავა. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ლეჟავას დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება ამავე სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით კაკაბაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის (ამჟამად მაჟორიტარი დეპუტატის ვანის ოფისის ხელმძღვანელის) პაატა ლეჟავას მიმართ.
„გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს, ქ. ვანში, „ნაციონალური მოძრაობის“ ვანის ოფისის შენობაში სხვა პირებთან ერთად სცემეს, ჩაუმტვრიეს ნეკნი და მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ბიზნესმენ მამუკა შარაშენიძეს, რადგან ამ უკანასკნელმა საჯაროდ გამოთქვა კრიტიკული და მწვავე შეფასებები ციხის ცნობილ სკანდალურ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.
როგორც გამოძიების მასალებით ირკვევა, დასახელებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი პაატა ლეჟავაც, ხოლო დაზარალებულ მამუკა შარაშენიძის ჩვენებით კი, სწორედ ამ უკანასკნელმა მიიყვანა იგი პარტიული ოფისის შენობაში და შემდგომ ხელმძღვანელობდა მის ცემას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით For.ge მამუკა შარაშენიძეს და ვანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გოდერძი ტყეშელაშვილს ესაუბრა.
ტყეშელაშვილი ის ადამიანია, რომელმაც ინციდენტის შემდეგ ნაცემი მამუკა შარაშენიძე პირველმა ნახა. მისი თქმით, შარაშენიძეს „ნაციონალები“ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ იმ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან მასთან საუბრის დროს ნახეს. ამასთანავე, გოდერძი ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ იმ პერიოდში, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ძალოვანები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მამუკა შარაშენიძის მიერ მიღებული დაზიანებები დოკუმენტურად არ დადასტურებულიყო. ამიტომ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში არც პოლიცია და არც სასწრაფო არ მიდიოდა და მამუკა შარაშენიძეს ექსპერტიზაც არ ჩაუტარეს.
„პოლიციაში დარეკვიდან დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ადგილზე არც პოლიცია და არც სასწრაფო დახმარება მიდიოდა. ვანის პოლიციიდან „ქართული ოცნების“ ოფისამდე მანძილი დაახლოებით 50 მეტრია. სანამ მე თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში არ დავრეკე და შემდეგ, სანამ, იქიდან თბილისის საპატრულო პოლიცია არ ააწრიალეს, ადგილზე პოლიცია არ მივიდა“, – ამბობს გოდერძი ტყეშელაშვილი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ ვანის რაიონში და არა მხოლო მამუკა შარაშენიძე იყო ნაცემი არჩევნების წინა პერიოდში, უამრავ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ მათი უმეტესობა ხმას არ იღებდა, რადგან მათზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ზოგს შვილის ცემით, ან დაჭერით ემუქრებოდნენ, ზოგს სხვა რამით და ა.შ.
რაც შეეხება მამუკა შარაშენიძეს, for.ge–სთან საუბარში იგი დეტალურად ყვება მომხდარის შესახებ.
მამუკა შარაშენიძე: „22 სექტემბერს იყო ჩემი გარდაცვლილი ბიძაშვილის, ხათუნა შარაშენიძის უფროსი ვაჟის დაბადების დღე. იმ საღამოს ჩემს შვილებთან და ოჯახის სხვა ახლობლებთან ერთად ვანის რაიონში, დედაჩემთან დავრჩი. მეორე დღეს ისევ ჩემი ბიძაშვილის სახლში მივედით, რამდენიმე საათი გავჩერდით, ხოლო შემდეგ, სანამ თბილისში დავბრუნდებოდით, ვანის „ქართული ოცნების“ ოფისში ჩემი მეგობრის, გოდერძი ტყეშელაშვილის სანახავად შევიარე. „ქართული ოცნების“ ოფისიდან ისევ ჩემი ბიძაშვილის სახლისკენ წავედი, რადგან მისი მეუღლე, გია ახვლედიანი მის სახლში უნდა მიმეყვანა. გზაში შეგვხვდა ზვიად გაბუნია და ჩვენ, ანუ მე, გია ახვლედიანი, ზვიად გაბუნია და კიდევ ერთი პიროვნება, ვსაუბრობდით იმაზე, წინასაარჩევნო პერიოდში ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერდა მხარს. ამ დროს მე აღვნიშნე, რომ ციხეში მომხდარი ფაქტი (პატიმრების წამება) არაადამიანური საქციელი იყო. სხვა ამაზე არაფერი თქმულა და არც უწმაწური სიტყვები არავის გამოგვიყენებია.
ამ საუბრის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით და მე თბილისისკენ წამოვედი. დაახლოებით 15–20 კილომეტრით ვიყავი ვანის რაიონს დაშორებული, რა დროსაც დამირეკა პაატა ლეჟავასა და ჩემმა საერთო მეგობარმა, კახა საყვარელიძემ და მითხრა, რომ პაატა ლეჟავას ჩემთან საუბარი სურდა.
თქვენ იცნობდით პაატა ლეჟავას?
- რა თქმა უნდა, პაატა ლეჟავას ვიცნობ, ერთი რაიონის შვილები ვართ, რამდენჯერმე ჩემთან ოჯახშიც არის ნამყოფი. მე მას გადავურეკე და ვუთხარი, რომ თუ საჩქარო არაფერი იყო, სხვა დროს, როდესაც ვანში მოვხვდებოდი, ან თუ ის მოხვდებოდა თბილისში, მაშინ ვნახავდი, მაგრამ პაატამ მითხრა, – მამუკა სასწრაფოდ მინდა შენი ნახვაო. მე ვკითხე, სად შევხვედროდი და მან მიპასუხა, რომ „ნაციონალების“ ოფისში მივსულიყავი. ამიტომ დავბრუნდი ვანში და „ნაციონალების“ ოფისში მივედი. მანქანა ოფისის წინ დავტოვე. მასში ისხდნენ ჩემი შვილები და ის მგზავრები, ჩემი ოჯახის ახლობლები, ვისთან ერთადაც თბილისში მივდიოდი, მე კი ოფისში შევედი. ოფისში ვნახე საკრებულოს თავმჯდომარე, დავით კაკაბაძე, მისი მოადგილე, გია ოჩხიკიძე და ასევე გამგებელი ზურა ბერიძე. იმ მომენტისთვის ლეჟავა ოფისში არ იყო, ჩვენ კი დავსხედით და ვსაუბრობდით. აქვე გეტყვით, რომ ვანში „ნაციონალების“ ოფისს მინის კედლები აქვს და ვინაიდან უკვე შებინდებული იყო და ოფისში შუქი ენთო, გარედან ყველაფერი ჩანდა და მანქანაში დარჩენილმა ჩემმა ახლობლებმაც ნახეს, ვისთან ერთად ვიჯექი იქ.
რამდენიმე წუთში შემოვიდა პაატა ლეჟავა და მითხრა, რომ მის კაბინეტში შევყოლოდი (ოფისის მეორე ნაწილში), რადგან ჩემთან სასაუბრო ჰქონდა. როგორც კი მის კაბინეტში შევედით, ლეჟავა უცებ რადიკალურად შეიცვალა და დამიწყო უხეში ტონით საუბარი – „შენ ვის მხარეს ხარ? შენ ვინ გიგინებია?“ და ა.შ. სინამდვილეში, როგორც მოგახსენეთ, არავისთვის მიგინებია. ამ საუბარში ვიყავით, როდესაც ლეჟავას კაბინეტის მეორე კარი გაიღო, იქიდან 10–12 კაცი შემოვარდა და დამიწყეს ცემა.
იცნობდით ამ ადამიანებს?
- არა, მე ვისაც ვიცნობდი, ზემოთ უკვე გითხარით და მათთან ოფისის წინა ოთახში მქონდა საუბარი. რამდენადაც მახსოვს, მათგან მხოლოდ ერთი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით კაკაბაძე შემოვიდა. პირველი ხელი მომხვდა ცხვირში, ხოლო მეორე დარტყმა უკნიდან იყო და როდესაც შემოვტრიალდი, კაკაბაძე შემრჩა ხელში. ამასთანავე, ძალიან კარგად დამამახსოვრდა პაატა ლეჟავას ბიძაშვილი, მამუკა ლეჟავა, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურობდა ჩემს ცემაში და პირველი დარტყმაც სწორედ მან მომაყენა. დაახლოებით 2–3 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი ცემა, ამას პაატა ლეჟავა ესწრებოდა და ერთი სიტყვითაც კი არ მოუწოდებია ამ ადამიანებისთვის, რომ ჩემი ცემა შეეწყვიტათ. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი მისი ორგანიზებული იყო.
ის ადამიანები, რომლებიც გცემდნენ, რამეს გეუბნებოდნენ? სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებდნენ, თუ ისინიც ვინმეს მხარდაჭერის გამო გეჩხუბებოდნენ?
- ვინმეს მხარდაჭერის გამო არ მეჩხუბებოდნენ, მაგრამ მაგინებდნენ და თან ისე მცემდნენ.
ხელით გცემდნენ, თუ ხელკეტებს ან რაიმე სხვა საგნებს იყენებდნენ?
- იცით რა არის, პირველივე დარტყმა, როგორც მოგახსენეთ ცხვირში მომხვდა, ცხვირი გამიტყდა და იქაურობა სისხლით შეიღება. ამ დარტმის შემდეგ უკვე კარგად ვერ გავაანალიზე რა მოხდა, ანუ რითი მცემდნენ, არ ვიცი.
როგორ მოახერხეთ იქიდან გამოღწევა?
- პაატა ლეჟავას ვუთხარი, – ვის უკეთებ ამას, ხომ იცი, რომ არ გაპატიებ–მეთქი. ამის შემდეგ მან ამ პირებს უთხრა, რომ ჩემი ცემისთვის თავი დაენებებინათ და გარეთ გავეგდე. მათ ისევ გააღეს ის უკანა კარი და ცემითა და მუჯლუგუნების კვრით გამომაგდეს ოფისიდან. იქ ჩემს მანქანაში მსხდომმა პირებმა ნახეს, რომ ნაცემი ვიყავი, ჩამსვეს მანქანაში და „ქართული ოცნების“ ოფისში წამიყვანეს. ამ ამბის გაგებისთანავე, „ქართული ოცნების“ ოფისში ბატონი გოდერძი და კოალიციის სხვა წარმომადგენლებიც მოვიდნენ.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური გვიან მოვიდა?
- დიახ, აქვე გეტყვით, რომ საავადმყოფოში მიყვანისას მართალია, თითქოს, პირველადი სამედიცინო დახმარება გამიწიეს, მაგრამ მხოლოდ წნევა გამიზომეს და საავადმყოფოს დოკუმენტაციაში ჩემს შესახებ არაფერი დაუფიქსირებიათ. სამაგიეროდ, შემდეგ გადამიყვანეს პოლიციაში, სადაც ასე ნაცემი დაკითხვაზე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გამაჩერეს.
მეორე დღეს წავედი ქუთაისში, რათა საკუთარი ხარჯით ჩამეტარებინა ექსპერტიზა. ადგილზე ეუთოს წარმომადგენლებიც იყვნენ და მათი თანდასწრებით ჩამიტარდა სხვადასხვა სახის გამოკვლევები – ექოსკოპია, რენტგენი და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მეექვსე ნეკნი მქონდა გატეხილი, გატეხილი მქონდა ცხვირიც და მუცლის ღრუში მქონდა სისხლჩაქცევები. ამასთანავე, პირღებინება და თავის ტკივილები მქონდა და ტვინის შერყევაც დამიდგინდა. ამასთან დაკავშირებით ე.წ. ფორმა 100 შედგა, სადაც ეს დაზიანებები აღიწერა, თუმცა ჩემი აზრით, ეუთოს წარმომადგენლები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, ამ დოკუმენტსაც არ მომცემდნენ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ იმ დღესვე მინდოდა, რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რაზეც უარი მითხრეს.
რა მოტივით გითხრეს უარი?
- მითხრეს, რომ ექსპერტიზის ჩატარება საჭირო არ იყო – ფორმა 100–ში რაც არის დაფიქსირებული, ექსპერტიზას ამის მიხედვით ჩავატარებთო და საგამოძიებო დოკუმენტებშიც ამას ჩავდებთო. აქვე გეტყვით, რომ ქუთაისის საავადმყოფოში ჩემი მისვლისთანავე გაჩნდა კუდ–ი, სოდ–ი და რა ვიცი კიდევ ვინ იყვნენ ის ადამიანები, საავადმყოფოს ეზო სულ გაივსო სამართალდამცველებით, რადგან მათ უნდოდათ გაეგოთ, რას ვიტყოდი საავადმყოფოში და რა დაფიქსირდებოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ეუთოს წარმომადგენლები გაგესაუბრნენ და გაიგეს, რაც შეგემთხვათ?
- დიახ, მათ კითხვები დამისვეს და მეც ყველა კითხვას ვუპასუხე. ამასთანავე, ჩემი სამედიცინო დოკუმენტაციის ქსერო–ასლებიც გადავეცი. მეორე დღეს თავად გამომძიებელმა ისევ გამაგზავნა ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად. გზაში ვიყავი, როდესაც დამირეკა და მითხრა, არ არის საჭირო, უკან დაბრუნდიო. მოკლედ, ეს ნეკნებდამტვრეული ადამიანი ქუთაისში ტყუილად ჩამიყვანეს და ისევ უკან დამაბრუნეს.
წარმოიდგინეთ, ამ ინციდენტიდან დაახლოებით 20 დღე იყო გასული (უკვე თბილისში ვიყავი), როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ქუთაისში უნდა ჩავსულიყავი, რათა გარეგნული დათვალიერებით დაედგინათ, რა სახის დაზიანებები მქონდა მიღებული. როდესაც ჩავედი ქუთაისში, ექსპერტმა მითხრა, რომ ვიღაც ძალიან დაინტერესებული იყო, ჩემი დაზიანებები არ გამჟღავნებულიყო, რადგან ჩემი აღნაგობის კაცს 20 დღეში გარეგნულად შეუძლებელი იყო რაიმე სახის დაზიანება დასტყობოდა. ამდენად, საქმეში მხოლოდ ის ფორმა 100 დევს, რომელიც იქ ეუთოს წარმომადგენლების მოთხოვნის შედეგად ჩაიდო.
ბატონო მამუკა, მსვლელობა მაშინ თქვენი ცემის ფაქტზე აღძრულ საქმეს მიეცა, თუ თქვენ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურას ხელახლა მიმართეთ?
- საქმე ისაა, რომ მაშინ საქმე კი აღიძრა, მაგრამ მე დაზარალებულად კი არ ვიყავი ცნობილი, არამედ პირიქით, იმ საქმეში ბრალდებული ვიყავი. კერძოდ, მაშინ საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ჩვენებების საფუძველზე აღიძრა და ისინი აცხადბდნენ, თითქოს მე მათ ოფისში მივუვარდი, ვაგინე მათ, დებოში ავტეხე და მათ ოფისიდან გამომაძევეს. ჩემს სხეულზე არსებულ დაზიანებებს კი ისინი იმით ხსნიდნენ, რომ თითქოს, როდესაც ოფისიდან გამოვყავდი, კიბეზე დავეცი და ეს დაზიანებებიც მაშინ მივიღე, რაც რა თქმა უნდა, სიცრუეა. აქვე გეტყვით, რომ დაკითხული „ნაციონალებიდან“, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამმა ადამიანმა ჩვენება შეცვალა და სიმართლეს ყვება. დანარჩენები კი ისევ იმ ცრუ ჩვენებებს იძლევიან. იმედი მაქვს, რომ ამჟამად მაინც ჩატარდება ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები დაისჯებიან.
დაბოლოს, for.ge პაატა ლეჟავასთან გასაუბრების მიზნით მასთან დაკავშირებასაც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.