რუსეთისთვის რიგი ობიექტების გადაცემას აფხაზური საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ოპოზიცია აპროტესტებს. ბაღაფშის ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ ობიექტების ნაწილი რუსეთს წლების წინ გადაეცა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა გააკეთა რუსეთმა ჩვენთვის. ჩვენ კი სანაცვლოდ ჯერ არაფერს ვაძლევთ“, – განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა საგანგებო თათბირზე, რომელზედაც რუსეთის მიერ გამოყოფილი სახსრებით აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის კომპლექსური გეგმის საკითხების შესრულება განიხილებოდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფში თათბირზე აფხაზურ მედიაში რუსეთისთვის სამი ობიექტის გადაცემის შესახებ მიმდინარე აჟიოტაჟს შეეხო. ობიექტები, რომლებიც აფხაზეთმა რუსეთს უნდა გადასცეს, ბიჭვინთაში, გაგრასა და მიუსერაში მდებარეობს.
„ეს ბაკქანალია დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. გარდა იმისა, რომ ამ პუბლიკაციების ავტორები თავს უფლებას აძლევენ და შეურაცხყოფენ რუსეთის ხელისუფლებას და რუს ხალხს, მათ არ უნდათ არც რუსი მესაზღვრეები, არც რუსი სამხედროები, არც რუსი ბიზნესმენები.
ამასთან ერთად, არც ერთ მათგანს პროტესტის ნიშნად უარი არ უთქვამს რუსეთის მოქალაქეობაზე, პასპორტზე ან პენსიაზე“, – განაცხადა თათბირზე ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთის ე. წ. პირველმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ობიექტების გაყიდვის თაობაზე.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რა გააკეთა და რას აკეთებს რუსეთი ჩვენთვის, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, საპასუხოდ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. არავის აქვს უფლება ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო გალანძღოს. პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები ყოველთვის პრიორიტეტული იქნება“, – განაცხადა ბაღაფშმა სხდომაზე.
აფხაზური საზოგადოების წინაშე თავის მართლებას ცდილობენ მარიონეტული ხელისუფლების სხვა, შედარებით წვრილფეხა წარმომადგენლებიც.
სოხუმის რეჟიმმა, აფხაზეთში ობიექტების ნაწილი რუსეთს წლების წინ გადასცა, – როგორც სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის ვიცე-პრემიერმა, დაურ თარბამ სოხუმში გამართულ მრგვალ მაგიდაზე განაცხადა.
თარბას თქმით, იმ ობიექტების ნაწილი, რომლებზეც დღეს აფხაზურ საზოგადოებაში პოლემიკა მიმდინარეობს, რუსეთს 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-ნი წლების დასაწყისში გადაეცა და შესაბამის დოკუმენტებზე ორივე მხარემ მოაწერა ხელი.
დე–ფაქტო ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტების ასლებიც წარუდგინა. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის დაცვის მთავარ სამმართველოს ბიჭვინთაში აშენებული სახელმწიფო ობიექტების გამოყენება უსასყიდლოდ შეუძლია.
ამ შემთავევაში საუბარია მე-8, მე-9 და მე-10 სახელმწიფო აგარაკებზე, აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე და უძრავ ქონებაზე. დოკუმენტის მიხედვით, აგარაკები განსაკუთრებული რეჟიმის ობიექტებს განეკუთვნება და მათ ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა აკრძალულია.
„შიდა წესრიგის დაცვასა და ტერიტორიაზე შესული უცხო პირების დაკავებას რუსეთის ფედერაციის დაცვის მთავარი სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეები ახორციელებენ, ისინი ტანსაცმლის დადგენილ ფორმას ატარებენ, სახელმწიფო ობიექტების დაცვის მიზნით, აქვთ იარაღის და სპეცსაშუალებების ტარების, შენახვისა და გამოყენების უფლება“, - ნათქვამია თარბას მიერ წარდგენილ დოკუმენტში.
ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით კი, გაგრაში მდებარე სახელმწიფო აგარაკი 25 მილიონ რუბლად 2003 წელს არის გაყიდული.
„ამდენად, ჩვენი ხელისუფლების დადანაშაულება, რომ რუსეთს ობიექტები გადასცა, არასწორია“, - განაცხადა დაურ თარბამ.
ამ განცხადებების მიუხედავად, აფხაზეთის საზოგადოებრიობა რუსეთისთვის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის წინააღმდეგია.
აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საერთო სახალხო საკუთრების გასხვისების საკითხი ამ დღეებში განიხილეს. კერძოდ, ისინი აფხაზეთის ხელისუფლების მიერ რუსული მხარისთვის მიუსერაში, გაგრასა და ბიჭვინთაში მდებარე სამი აგარაკის გასხვისებას აპროტესტებენ.
„კავკაზ-უზელის“ ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეთა აზრით, უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გათვალისწინებული.
აფხაზების აზრით, შესაძლოა, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, თუ რა კავშირშია ეს ობიექტები ეროვნული უსაფრთოების კონცეფციასთან, თუმცა შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ერი ყველაფრის გაღებას არ უნდა დასთანხმდეს.
ისტორიკოსი სტანისლავ ლაკობა მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება განსაკუთრებული ალტრუიზმის გამოვლინება არ ყოფილა. უბრალოდ, რუსეთს თავისი ინტერესები ჰქონდა, რომელიც იმ დროს აფხაზების ინტერესს დაემთხვა.
ამასთან, ლაკობა დასაშვებად მიიჩნევს, რომ რუსეთმა, როგორც მოკავშირემ, გარკვეული საკუთრება მიიღოს აფხაზეთში, თუმცა არ შეიძლება რუსეთს ყველაფერში დაეთანხმო.
ოპოზიციური პარტიის „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ თავმჯდომარემ რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ობიექტის უსასყიდლოდ გამოყენება მის საკუთრებაში გადაცემას სულაც არ გულისხმობს და, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ტერმინია.
დე–ფაქტო პარლამენტის წევრი დაურ არშბა კი მიიჩნევს, რომ მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივი პარლამენტის პრეროგატივაა.
„ცუდი არ იქნება, თუკი რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთში დასასვენებელი ობიექტი ექნება. თუმცა რატომ უნდა გადავცეთ ეს ობიექტი პირად საკუთრებაში?“ – კითხულობს აფხაზი დეპუტატი. მისი თქმით, გამოდის, რომ რუსეთის მომავალ პრეზიდენტსაც უნდა გადაეცეს აფხაზეთის ახალი ობიექტი. არადა, აფხაზეთის ეს სამი საუკეთესო აგარაკი მთლიანობაში 600 ჰექტარს მოიცავს.
აფხაზეთის გმირის, ასლან კობახიას აზრით, აფხაზებმა ამ მიწების ფასი უნდა იცოდნენ. „არ შეიძლება გავიღოთ ყველაფერი, რაზეც თითს გაიშვერენ. ჩვენი უბედურება ისაა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ოპოზიციონერთა ანტირუსულად წარმოჩენას ცდილობს,“ – აღნიშნა კობახიამ. მისი აზრით, მიწის საკითხი აფხაზებისთვის ყოველთვის პრობლემური იყო და ეს ობიექტებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
ექსპერტი ლეილა ტანია კი მიიჩნევს, რომ აფხაზების პოლიტიკური ეშმაკობა მოიკოჭლებს. მისი აზრით, აფხაზი ერის კონსოლიდაცია უნდა შედგეს და აფხაზებმა თავად განსაზღვრონ, თუ რომელი ობიექტის პროვატიზებაა დასაშვები
აფხაზური საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ძალა აღმართს ხნავს და რეალურად მას მიმდინარე პროცესებზე არავინ არაფერს ეკითხება.