სენატორები პრემიერმინისტრს მოუწოდებენ, არ მიმართოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას

სენატორები პრემიერმინისტრს მოუწოდებენ, არ მიმართოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას

აშშ-ის სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა გასული კვირის ბოლოს ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწოდებდა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ საქართველო არ იყენებს სასამართლოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მთავრობის ჩინოვნიკებზე.

„ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებულნი საქართველოს ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირებული ადამიანების დაკავებების, დაპატიმრებებისა და სავარაუდო დევნის შესახებ ცნობებით“, წერენ სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემპშირი), ჯო ლიბერმანი (დამოუკიდებელი სენატორი – კონექტიკუტი), ჯეიმს რიში (რესპუბლიკელი, აიდაჰო), ლინდსი გრეჰემი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა) და ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი, არიზონა). 6 დეკემბერს ეს წერილი The Cable-მა მოიპოვა. „ჩვენ გწერთ დღეს, რათა გამოვხატოთ ჩვენი მზარდი შეშფოთება იმით, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და მათ მიზანს ბოლოდროინდელი არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება წარმოადგენდეს. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც აღქმა იმისა, რომ წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი გამოიყენება“.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა აშშ-დან და ევროპიდან გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული – წინა მთავრობის 23 წარმომადგენელი დაპატიმრებულია სავარაუდო დანაშაულის, მათ შორის, კორუფციისა და წამების გამო.

შაჰინი და რიჩი არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდნენ და იმ მომენტისთვის ორივე მხარე შეაქეს. მაგრამ ახლა ისინი აფრთხილებენ საქართველოს და აცხადებენ, რომ საქართველოს ურთიერთობა ზოგადად მსოფლიოსთან და შეერთებულ შტატებთან კერძოდ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გააგრძელებს ახალი მთავრობა დემოკრატიულ რეფორმებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის პოლიტიკურ კულტურას.

სენატორები პირდაპირ ციტირებენ The Cable-ში გასულ თვეს გამოქვეყნებულ ინტერვიუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, როგორც დასტურს იმისა, რომ ახალი მთავრობა არ ასრულებს თავის დაპირებას სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლების შესახებ.

„ჩვენ მივესალმებით თქვენს განცხადებებს იმის შესახებ, რომ შერჩევითი სამართალი გამორიცხულია, თუმცა ძალიან ვწუხვართ დღემდე განვითარებული მოვლენების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ბოლოდროინდელი კომენტარი, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი ოფიციალური პირები „კრიმინალები და დამნაშავენი“ არიან“, წერენ სენატორები. „ბრალეულობა და უდანაშაულობა უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა სასამართლომ, სხვაგვარად მოქმედება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“.

„წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად კონფლიქტური იყო, მაგრამ კამპანია დასრულდა“, წერენ სენატორები.

foreignpress.ge