შესაძლებელია თუ არა დემოკრატიზაცია კანონის უზენაესობის გარეშე? საქართველო ამ მხრივ საინტერესო მაგალითია.
ქვეყანამ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით 2012 წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ბოლო დროს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველო შეაქო, როგორც ერთადერთი ქვეყანა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელმაც კორუფციასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. და რა თქმა უნდა, ოქტომბერში, საქართველომ დასავლური დედაქალაქების აპლოდისმენტები დაიმსახურა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და შემდგომი პოლიტიკური გარდაქმნებისთვის.
და მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ზოგიერთი მიმართულებით წარმატებებს მიაღწია, კანონის უზენაესობა ჯიუტად პრობლემურ საკითხად რჩება. განსაკუთრებით, თბილისში 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციონერ მომიტინგეებთან ძალადობრივი კონფრონტაციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია უწყვეტი კრიტიკის ობიექტად იქცა თვითნებური ქმედებებისა და გადაწყვეტილებათა მიღების გაუმჭვირვალე სტილის გამო.
ელექტორალურმა გარღვევამ, რომელიც დაუშვა სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოქტომბრის არჩევნებში, თითქოს გააჩინა იმის შესაძლებლობა, რომ კანონის უზენაესობის საკითხი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის სხვა ასპექტების რიგში მოქცეულიყო.
მაგრამ წინასწარი ინდიკატორების თანახმად, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ცდილობს არა პრობლემის გამოსწორებას, არამედ ძველ პრაქტიკას განაგრძობს.
იმ ფონზე, როდესაც პროკურორების სამიზნეებად ქცეული ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების სია დღითი დღე იზრდება, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, ესმის თუ არა ივანიშვილის მთავრობას კანონის უზენაესობის არსი. პასუხი აუცილებლად აისახება საქართველოს გაწევრიანების შანსებზე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ასევე ევროკავშირში.
კანონის უზენაესობის საფუძველი სასამართლოს დამოუკიდებლობაა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, როგორც საერთაშორისო, ასევე ქართველი კრიტიკოსები, როგორც წესი, სასამართლო სისტემას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მთავრობის ნებას ემორჩილებოდა; შესაბამისად, განაჩენები ხშირად მწირ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა.
შეუძლია თუ არა ივანიშვილის მთავრობას ამ მემკვიდრეობასთან გამკლავება? სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ მიუხედავად საქართველოს ასე ნაქები დინამიკისა დემოკრატული რეფორმების მიმდინარეობის თვალსაზრისით, პასუხი იმაზე, თუ როგორ ესმით ქვეყნის ახალ ლიდერებს კანონის უზენაესობა, ჯერ კიდევ მომავალში გველოდება.
დღევანდელი ტენდენციით, ქართული საზოგადოება კანონის უზენაესობას მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგთან აერთიანებს, აღნიშნავს უფლებადამცველი ნაზი ჯანეზაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ჯანეზაშვილის თქმით, გაუგებრობა თავად მოსამართლეებს უკავშირდება, რომლებსაც პრეზიდენტი ნიშნავს. ის დასძენს, რომ ისეთი სასამართლო სისტემის პირობებში, რომელიც არ არის „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“, ამ გაუგებრობის გამოსწორების შანსი ძალიან მცირეა. „თუკი ჩვენ პრობლემა გვაქვს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, პრობლემა გვაქვს მოსამართლეებთან და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესმით მათ კანონის უზენაესობა, როგორ შევძლებთ იმის თქმას, რომ საზოგადოებას ადეკვატურად ესმის კანონის უზენაესობის არსი?“
უცხოელი დონორები დიდი ხნის განმავლობაში უწყობდნენ ხელს კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში. 2012 წელს, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) მისი ბიუჯეტის 38%, ან $19.9 დახარჯა დემოკრატიისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამებზე. თუმცა რამდენად მოხმარდა აღნიშნული დაფინანასება კანონის უზენაესობის არასწორი აღქმის გამოსწორების მცდელობას, გაურკვეველია.
საბჭოთა მემკვიდრეობამ ხელი შეუწყო იმ წარმოდგენის ჩამოყალიბებას, რომ მართლმსაჯულება საქართველოში პოლიტიკური იარაღია, და რომ სასამართლოებს შურისძიების ინსტრუმენტად იყენებენ, ამბობენ დამკვირვებლები. ბევრისთვის, ეს წარმოდგენა განამტკიცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მხრიდან ოპოზიციონერი ლიდერების და აქტივისტების წინააღმდეგ წარსულში, ჯერ კიდევ 2007 წელს განხორციელებულმა სამართლებრივმა დევნამ ისეთი ბრალდებებით, როგორებიცაა სახელმწიფო გადატრიალებების დაგეგმვა და რუსეთის ჯაშუშობა.
ამ ისტორიის გათვალისწინებით, ბევრ ქართველს ვერ გაუგია, რა ხდება დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თავს. ის, რასაც სააკაშვილის მოკავშირეები დღეს „დევნას“ უწოდებენ, ბევრი ქართველისთვის სამაგიეროა, ზოგიერთი კი სააკაშვილის მომხრე 21 ყოფილი ჩინოვნიკის დაპატიმრებას აპლოდისმენტებით ხვდება.
„ქართული ოცნების“ ბევრ მხარდამჭერს შორის, როგორც ეს ჩანს მათი მოწოდებით სააკაშვილის გადადგომისკენ, „შურისძიების სურვილი“ გაერთიანებულია „სამართლიანობისკენ სწრაფვასთან“, ამბობს ტიმოთი ბლაუველტი, თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი.
სამართლიანობისა და შურისძიების გაერთიანებული სურვილი შეიძლება ამოძრავებდეთ მთავრობის ჩინოვნიკებსაც. ის, რომ მინისტრები გმობენ სააკაშვილის მოკავშირეებს ვიდრე სასამართლო პროცესები გაიმართება, და ზოგჯერ მათ დაპატიმრებამდეც კი, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი საკმარისად ვერ აცნობიერებენ პროცესს, ამბობს ჯანეზაშვილი. საყვედურები ისმის სწრაფ დაკავებებთან დაკავშირებით.
„ყველამ იცის, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული… მაგრამ ყველაფერი უნდა გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ და არა ხალხმა, ან მაღალჩინოსნებმა“, განაცხადა ჯანეზაშვილმა. „საზოგადოებას არ ესმის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროცედურები“.
მთავრობა, თავის მხრივ, უარყოფს კრიტიკას იმის თაობაზე, თითქოს მისი დაკავებები და გამოძიებები პოლიტიკური შურისძიების სურვილით არის მოტივირებული.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე განაცხადა სასამართლო სისტემის რეფორმირების ზოგიერთი გეგმის შესახებ, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაციის თაობაზე. ეს უკანასკნელი საქართველოს სასამართლო სისტემას ზედამხედველობს. მისი თქმით, მოსამართლეებს თანამდებობებიდან არ გაათავისუფლებენ.
მტკიცებულებების ნაკლებობის გამო ბრალდებები მოეხსნა და სამართლებრივი დევნა შეწყდა ასევე დაახლოებით 30 ადამიანის მიმართ.
ივანიშვილის მთავრობისთვის პოლიტიკური გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ როგორმე პასუხი აგებინოს დამნაშავე ყოფილ ჩინოვნიკებს ისე, რომ ეს შურისძიებად არ იყოს აღქმული. ასეთ გზაზე უარი კი, კიდევ უფრო დაანგრევს ნდობას სისტემის მიმართ, ამბობს პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილი. „ერთადერთი გზა მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმისა და ყველაფრის წარსულში დატოვებისა, არის პირველ რიგში გამოძიება, და დასჯაც, გარკვეული დოზით“, ამბობს მუსხელიშვილი.
foreignpress.ge