პარტია „სამართლიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მაია თოფურიამ ახალ გენერალურ პროკურორს საქმის გადახედვის თხოვნით მიმართა. სამი შვილის დედა მაია თოფურია, რომელიც უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის ნათესავია, 12 პირთან ერთად 2006 წლის 6 სექტემბერს დააპატიმრეს და სასჯელს 5 წლისა და 7 თვის განმავლობაში იხდიდა. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გაასამართლეს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით.
2006 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში იგორ გიორგაძის პარტია „სამართლიანობასთან“ დაახლოებული პარტიებისა და ორგანიზაციების აქტივისტები დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით მხოლოდ 13 პირის წინააღმდეგ აღიძრა. გირაოთი იქნა გათავისუფლებული მოძრაობა „ანტისოროსის“ ლიდერი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც დანარჩენი 12 აქტივისტის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მას პირობითი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, 2007 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ თავისუფლების 3,5-დან 8,5 წლამდე აღკვეთა შეუფარდა. მათ შორის იყო მაია თოფურიაც.
საინტერესოა, რომ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მაია ნიკოლეიშვილი მიიყვანეს, მას სახეზე ჰქონდა ხელი აფარებული, თავდახრილი იყო და მკვდრისფერი ედო. როდესაც გიორგაძის მომხრეებმა მისთვის კითხვის დასმა სცადეს, მან უთხრა, ძალიან ცუდად ვარ, ყველას დიდ პატივს გცემთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამას ვაკეთებ და გთხოვთ, ნუ დამისვამთ კითხვებსო. მაშინ, იგორ გიორგაძის მომხრეები ფიქრობდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ მაია ნიკოლეიშვილის მეუღლე პროკურორი იყო, მას აუხსნეს, თუ რამდენი წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა და ამან იმოქმედა ნიკოლეიშვილზე. თუმცა, მაშინვე ითქვა, რომ ადამიანურად გაუგებარი იყო, მისი ჩვენების საფუძველზე ციხეში რატომ უნდა მჯდარიყო მაია თოფურია, სამი შვილის დედა, რომელთანაც ნიკოლეიშვილი მეგობრობდა.
For.ge-ს ესაუბრება მაია თოფურია.
თქვენი დაჭერა იგორ გიორგაძის ნათესაობის ნიშნით მოხდა?
- პარტია „სამართლიანობის“ თანათავმჯდომარე ვიყავი და ანტისოროსულ მოძრაობაშიც გახლდით გაერთიანებული. ყველაზე მეტი, რვა წელიწადნახევარი მომისაჯეს. ზოგადად, სახელმწიფო ღალატს ეძახიან, მაგრამ იქ კონკრეტულად წერია, რომ მე დამევალა ორი მინისტრის ლიკვიდაცია, რაღაც ფორმირების შექმნა და პრეზიდენტის და სპიკერის პარალიზება. ამას სახელმწიფო ღალატი ერქვა და კონსტიტიციური წყობის შეიარაღებული გზით გადატრიალების მცდელობა.
როგორც ვიცი, ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე გაგასამართლეს.
- დიახ, ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე გაგვასამართლეს. შემდეგ ამერიკაში შევამოწმებინეთ ეს ჩვენება და ამის ლინგვისტური ექსპერტიზა მოვითხოვეთ. ცნობილი მეცნიერია რიჯერ შაინი, რომელმაც მიუთითა, რომ 12 კაცის ჩვენების 700 ერთეული ერთმანეთს დაემთხვა, ანუ ერთმა ადამიანმა დაწერა ეს ჩვენება და 12 ადამიანს ათქმევინეს. არაფერი არ გაითვალისწინეს, არც ის, რომ იმ დროს ზოგი საავადმყოფოში იწვა, ზოგი საზღვარგარეთ იყო გასული და ვერ შედგებოდა 4 მაისის თათბირი, რომელზეც თითქოს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვას გვაბრალებდნენ. ამიტომაც იყო დახურული ჩვენი სხდომა, რომ კურიოზები არ გამჟღავნებულიყო. მერე, ეტყობა, გონს მოეგნენ და მიხვდნენ, რომ ჩემთვის არ უნდა დაებრალებინათ ორი მინისტრის - ოქრუაშვილის და მერაბიშვილის მკვლელობის დაგეგმვა. თურმე, მე დამავალა იგორ გიორგაძემ, რომ ეს ყველაფერი უნდა დამეგეგმა, მომეწყო და განმეხორციელებინა.
შემსრულებელი ვინ უნდა ყოფილიყო, ეს მაინც თუ არის ცნობილი?
- თითქოს, ეს უნდა განმეხორციელებინა ზოგიერთ სპეციალურად მომზადებულ ხალხთან ერთად, რომლებიც რუსეთიდან უნდა ჩამომეყვანა. ზოგადად ეწერა, რომ ვიღაცეები უნდა მიმეყვანა და ვიღაცებს უნდა განეხორციელებინათ.
რატომ შეგარჩიეს მაინცდამაინც თქვენ? იმის გამო ხომ არა, რომ გიორგაძის ახლო ნათესავი ბრძანდებოდით?
- ერთ-ერთი იმ პარტიის თანათავმჯდომარეც ვიყავი, ამიტომაც თავიდან 60 კაცი დაგვაპატიმრეს იმ ღამეს, მაგრამ დაგვტოვეს 12, რომლებიც ამ პარტიაში საქმეს აკეთებდა - ხერხემალი რასაც ჰქვია.
თუ გავითვალისწინებთ სოროსის გავლენას მაშინდელ ჩვენს ხელისუფლებაზე, იმ პერიოდში მოძრაობა „ანტისორისის“ ერთ-ერთი ლიდერობა, ალბათ, თქვენთვის ხელისშემშლელი იქნებოდა.
- იმ დროს ეს საზოგადოებრივი მოძრაობა იყო და კონკრეტულად მე ვიყავი ხელმძღვანელი-თქო, მაგას ვერ ვიტყვი. უბრალოდ, შეკრებილები ვიყავით ამ მოვლენის მოწინაღმდეგე საზოგადოებრივი წევრები. ვაპროტესტებდით, რომ სოროსი აფინანსებდა მაშინდელ ხელისუფლებას. მაშინ ამბობდნენ, მინისტრებსაც სოროსი უხდიდა ფულს. ახლა კი იძახიან, თურმე სხვა იხდიდა ფულს, მაგრამ იმ დროს სოროსმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას მე ვაძლევო ხელფასებს.
ახლაც გვეწვია სოროსი და შეხვდა ახალ თუ ძველ ხელისუფალთ.
- ეს პოლიტიკაა და ამას გვერდს ვერ ავუვლით. პრობლემა ის იყო, რომ სოროსს ამართვინებდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ამას ვაპროტესტებდით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ჰქონოდა უფლება, ჩვენს შინაურ საქმეებში ჩარეულიყო, მინისტრებისთვის ხელფასი გადაეხადა და, ფაქტობრივად, ისინიც მისი იდეების გამტარებლები ყოფილიყვნენ. დღევანდელი გადასახედიდანაც მაშინდელი მისი როლი მიუღებელია. საერთოდ, გარე ძალების ჩარევა შიდა საქმეებში ყველა ნორმალურად მოაზროვნე სახელმწიფოსთვის მიუღებელი იქნებოდა. ვერ წარმოედგინა ვერავის, რომ ამხელა აბსურდული ბრალდების შეთითხნა, მოგონება და დაბრალება შეიძლებოდა. დრო რომ გავიდა, აზრზე მოეგნენ, პირველებმა უცხოურმა ორგანიზაციებმა გვაღიარეს პოლიტპატიმრებად. სანამ ამ ორგანიზაციებმა არ გვაღიარეს, საქართველოშიც გაუჭირდათ ამ თემაზე ხმის ამოღება. როგორც ვიცი, მაინცდამაინც არ უნდოდათ ჩვენი აღიარება. ამერიკელები სააკაშვილს საკუთარ პროექტად თვლიდნენ და არ უნდოდათ, ეს საქმე გაჟღერებულიყო, რადგან უარყოფითად აისახებოდა ამ პროექტზე.
ციხეში გატარებულ წლებს და სამი ბავშვის დატოვებას როგორ გაიხსენებთ?
- ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რადგან თავდაპირველად 6 თვიდან 5 წლამდე მომისაჯეს, ეს მუხლი მომიყენეს და ერთ თვეში შემოვიდა გამომძიებელი ლაღაძე და მითხრა, თუ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავიდოდი, დამიმძიმებდნენ მუხლს. საპროცესო შეთანხმება კი ის იყო, რომ ის ბრალდება უნდა ამეღო და წამეკითხა, რასაც ჩემგან მოითხოვდნენ. ვერც ვაღიარებდი, უბრალოდ, უნდა წამეკითხა სხვისი დაწერილი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და ამ უარის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში დამიმძიმეს მუხლი და 7-დან 15 წლამდე მომიყენეს და საბოლოოდ, რვა წელიწადნახევარი მომცეს - შვიდწელიწადნახევარი სახელმწიფო გადატრიალების გამო და ერთი წელიც იარაღის შეძენის ხელშეწყობით.
იარაღი ნამდვილად გქონდათ?
- ეს იარაღი ამოღებული იყო ნორა კვიციანის საქმიდან, ანუ ეს არის იარაღი, რომელსაც წრეზე ატარებდნენ და ჩვენს მერე ეს იარაღი წაიღეს და სხვას მიაწერეს. თვითონ სასამართლო პროცესი უსამართლოდ ტარდებოდა. გულმოსული ყველა მოსამართლეზე ვართ, რადგან მათ აიღეს საკუთარ თავზე ამ პროცესის ჩატარება და უსამართლო დავალების შესრულება, რომელიც მათ სახელმწიფომ დაავალა. ესენი იყვნენ მარიონეტი-შემსრულებლები, იძახდნენ, ჩვენ თუ არა, ამას სხვა მაინც გააკეთებდაო. მაგრამ ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. ამ საქმის მოსამართლე მამუკა ნოზაძე იყო.
იგორ გიორგაძე ამ საქმეში ფიგურირებდა?
- არა, საერთოდ არ იყო. კი იძახიან, რომ მან დაგავალაო, მაგრამ ამ ნათქვამის გარდა, გიორგაძე არსად ფიგურირებდა. უმძიმესი იყო ის წუთები, წარმოიდგინეთ, ციხის კედლებში ბავშვებს რომ ხვდებით. ისინი მოდიან, თავიანთი პრობლემების შესახებ გიყვებიან და ყოველდღიურად ელოდებიან, დედას დღეს თუ არა, ხვალ გაათავისუფლებენ. ასე ხუთი წელი და შვიდი თვე გავიდა, ბოლოს, უკვე, იმდენად მძიმე იყო მათთან შეხვედრა ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც, რომ მაქსიმალურად შევზღუდე ეს შეხვედრები. ისეთ სტრესულ მდგომარეობაში გამოვდიოდი, ისინიც სახლში ისეთი დამძიმებულები მიდიოდნენ, ერთ საათში უნდოდათ ყველა პრობლემის მოყოლა. ამიტომ, თვეში სამჯერ შეხვედრაზე უარი ვთქვი და მხოლოდ თვეში ერთხელ ვხვდებოდი.
გარეთ თქვენს შვილებს პრობლემას უქმნიდნენ?
- უფროს შვილთან დაკავშირებით იყო რაღაც პრობლემები და ამის გამო საზღვარგარეთ გავუშვი, მაშინ ის უკვე 16 წლის ბიჭი იყო, პატარები კი იმდენად შეწუხებულები იყვნენ, უდიდესი სტრესი ჰქონდათ. როგორია, ტელევიზია, გაზეთები წერდნენ, დედამისი თურმე გადამტრიალებელი ყოფილა და ამათაც სტრესი გადაიტანეს.
თქვენს საქმეში საპატრიარქო ჩაერია და თქვენი შეწყალება ითხოვა, მაგრამ ამასაც არ მოჰყოლია რეაგირება.
- შეწყალება ითხოვეს, მე მითხრეს, დამეწერა შეწყალების თაობაზე, მაგრამ ჩემს სიტუაციაში, წარმოიდგინეთ, რომ დამეწერა შეწყალება და მომენანიებინა, ეს მაშინ უნდა გააკეთო, როცა ხარ დამნაშავე. სააღდგომოდ აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემი გათავისუფლება, თითქმის შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ 8 წელიწადნახევარი ჯდომა მომიწევდა, თუ არადა, იქამდე მაინც, სანამ ახალი ხელისუფლება მოვიდოდა და შეიძლებოდა, რამე შეცვლილიყო. ზოგადად, სადაც ამდენი ადამიანია დაჭერილი, ცოტათი ყველას უფლებები ილახება, მაგრამ ჩემს მიმართ კონკრეტული ზეწოლა არ ყოფილა, ისე, როგორც მამაკაცებთან მიმართებით იყო - ცემა და მსგავსი რამ არ ყოფილა.
ახლახანს მოწმეებმა აღიარეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენება ძალდატანებით მისცეს და, რომ მაშინვე უნდოდათ ამის გაკეთება, მაგრამ საშუალება არ მიეცათ. ერთი საერთოდ გახიზნეს საქართველოდან, მეორეს დაემუქრნენ. 12 მოწმე იყო სასამართლოზე და თორმეტივემ ჩვენება ჩვენს საწინააღმდეგოდ მისცა. მათ შორის, ერთი ინვალიდი იყო და პროცესების დროს გარდაიცვალა, იგი მძიმედ ავადმყოფობდა, შვილი დაუჭირეს და იმის სანაცვლოდ, ჩვენს საწინააღმდეგოდ ჩვენება მიაცემინეს. ერთმა თავი მოიკლა, სტრესს ვერ გაუძლო. ვისაც სქელი შუბლი და კანი ჰქონდა, ის გადარჩა.