გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიება ხელისუფლებისთვის არაპრიორიტეტულია

გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიება ხელისუფლებისთვის არაპრიორიტეტულია

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განმარტებით,  აკადემიკოს გურამ შარაძის საქმის ხელახალ გამოძიებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება, რადგან ამ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია. აკადემიკოსის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის ადვოკატი მამუკა ნოზაძე კი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის ამგვარი განმარტება მართებული არ არის და ეს მისივე არასათანადოდ ინფორმირებულობის შედეგია.

რუსუდან შარაძე გიორგი ბარათელის დაკითხვისა და გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების გაჭიანურების ნიშნებზე საუბრობს და ხალხის მხარდაჭერის იმედით, მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ზომის გამოყენებას - პროკურატურასთან უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს, რის შესახებაც მან განცხადება სოციალურ ქსელში 12 დეკემბერს გაავრცელა.

აკადემიკოს გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებით კითხვები მედია-კავშირ “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში 10 დეკემბერს ჟურნალისტმა ნინო რატიშვილმა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს დაუსვა. სწორედ არჩილ კბილაშვილის განმარტებამ განაპირობა ის კითხვები, რომელიც for.ge-მ გიორგი ბარათელის უფლებების დამცველ ადვოკატს, მამუკა ნოზაძეს დაუსვა.

ნინო რატიშვილის კითხვაზე, თუ “რატომ არის ასეთი ინერტული მთავარი პროკურატურა ბარათელთან დაკავშირებით და ზოგადად გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით?“ არჩილ კბილაშვილმა განაცხადა:

“ჩვენ ბარათელს აუცილებლად დავკითხავთ. ეს მინდა ვთქვა. რაც შეეხება ერთგვარ ინერტულობას, აქ ეს, თუ ამას ინერტულობა ჰქვია, გამოწვეულია იმით, რომ პროცედურულად ვთქვათ, მისი, აი, ამ საქმის გადასინჯვას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმის შეცვლა. ანუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი რომ გადაისინჯოს, მას კანონში ცვლილების შეტანა სჭირდება, რომელიც დღეის მდგომარეობით განხორციელებული არ არის. ეს იგეგმება, გაკეთდება და შემდგომ, ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება, მაგრამ, დღესდღეობით პროკურატურა დაკავებული არის იმ თემებით, რომლის გამოძიებასაც არანაირი ხელშეშლა არ გააჩნია კანონის კუთხით.

თუმცა, ბარათელის საქმე, შარაძის მკვლელობის საქმე ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ერთის მხრივ კანონის ცვლილებას ველოდებით, ხოლო მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, აი, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაუჩნდება გამომძიებლებს, ჩვენ მის დაკითხვას, ყოველ შემთხვევაში – მის პოზიციას, აუცილებლად მოვისმენთ და შესაბამის, მოვამზადებთ ვითარებას კანონის შეცვლის შემდეგ შესაბამისი პროცედურების განსახორციელებლად... რასაც ბატონი ბარათელი აცხადებს, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად საყურადღებოა, მაგრამ აი, ამ ადამიანისგან ვთქვათ ჩვენების მიღების შემთხვევაში დღესდღეობით ძალიან მწირია, ან შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად ბერკეტი არ არსებობს იმ საქმის გადასინჯვისა, რომელზეც განაჩენი არის დამდგარი. აი, ამაზეა უბრალოდ ლაპარაკი და ესეთი შესაძლებლობა შეიცვლება. ეს მარტო ბარათელს კი არა სხვა მრავალ პატიმარს შეიძლება შეეხებოდეს, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს და ცდილობენ და სწორადაც ითხოვენ რომ მათ შეღავათი მიენიჭოთ, მაგრამ ასეთი შეღავათის მინიჭება დამოკიდებული არ არის პროკურატურაზე, მანამ სანამ კანონი არ შეიცვლება“.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს არ ეთანხმება და გიორგი ბარათელის დაკითხვასა და საქმეზე ხელახალი ძიების დაწყების შესაძლებლობას სხვაგვარად განმარტავს:

“არ არის მართებული განმარტება, რომ თითქოსდა ბარათელის დასაკითხად, საქმის გადასასინჯად და ძიების ხელახლა დასაწყებად საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არის შესაბამისი მუხლი - ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოების შესახებ, რის საფუძველზეც იმ პროცესის დაწყებაა შესაძლებელი, რასაც ამ ეტაპზე არჩილ კბილაშვილი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე გამორიცხავს.

ბარათელი სიმართლის სათქმელად მზადაა. დაკითხვის დროს უამრავ ფაქტსა და გარემოებაზე მიუთითებს, რის შემდეგაც გამოიკვეთეება, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა და რომ ამ საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარებულა. ჩატარებული გამოძიების შემდეგ პროკურატურის ვალდებულებაა მიმართოს სასამართლოს და განაჩენის გადასინჯვა მოითხოვოს“.

ადვოკატ მამუკა ნოზაძის აზრით, გიორგი ბარათელთან მიმარეთებაში მთავარი პროკურორის განცხადება არაინფორმირებულობის შედეგია - “არჩილ კბილაშვილი დეტალებში გარკვეული არ არის, მან არ იცის ჩვენ რას ვითხოვთ. როგორც მთავარი პროკურორის, ისე ზოგადად პროკურატურის არაინფორმირებულობას ისიც ადასტურებს, რომ 5 დეკემბერს, პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილთან შეხვედრის დროს აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა ნანახი გიორგი ბარათელის განცხადება, რომელიც პროკურატურაში 23 ოქტომბერს შევიდა. არც ჩემის მიერ ჩაბარებული განცხადებები ჰქონდა სრულად ნანახი. მას არც თქვენს მიერ 21 ნოემბერსა და 4 დეკემბერს შეტანილი განცხადებების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რის გამოც ბატონი ტყეშელაშვილი არაინფორმირებული გახლდათ“.

for.ge-ს კითხვაზე - რამდენად ახლოსაა რელობასთან ვერსია იმის შესახებ, რომ გურამ შარაძის საქმის ხელახალი გამოძიება მიზანმიმართულად შეიძლება ჭიანურდებოდეს, მამუკა ნოზაძე ამბობს:

“ამგვარი შთაბეჭდილება საზოგადოებას რჩება და მეც, როგორც ადვოკატი  საზოგადოების განწყობას ვიზიარებ - გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დღევანდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში, იმ საქმეების ჩამონათვალში არ არის, რომელთა გამოძიება ახალი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. ჯერჯერობით ასეა და ვნახოთ მომავალში რა იქნება. მთავარი პროკურორი ამბობს გურამ შარაძის საქმის ხელახალ გამოძიებას საკანონმდებლო ცვლილების გარეშე ვერ დავიწყებ, რადგან განაჩენი დამდგარიაო და ამ დროს, განაჩენი ბუტა რობაქიძის საქმეზეც დამდგარია, აფრასიძეების საქმეზეც და აღარ გავაგრძელებ. თან, გასათვალისწინებელია დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი ძიების დაწყებაზე და კიდევ ის, რომ აკადემიკოსის ოჯახი მკვლელობის დღიდან დღემდე ხმამაღლა აცხადებს, რომ ნამდვილი მკვლელი დაუსჯელი დადის და რომ გიორგი ბარათელს გურამ შარაძე არ მოუკლავს.

ყოფილი ხელისუფლების დროს დამკვიდრებული  შერჩევითი სამართლის პრინციპი კვლავ აქტუალურია, რის გამოც კითხვის ნიშნები ჩნდება. კანონისა და სამართლის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია და ამორჩეული და აჩემებული თემები არ უნდა იყოს. ახალ ხელისუფლებას საზოგადოებამ ხმა იმის გამო მისცა, რომ სამართალი ყველაზე თანაბრად გავრცელდებოდა. ქვეყანაში რეჟიმის შეცვლის შემდეგ გიორგი ბარათელს სიმართლის დამტკიცების იმედი გაუჩნდა. როდესაც ბარათელი აცხადებს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლია, რატომ არ ინტერესდება პროკურატურა და რატომ არ ცდილობს გაარკვიოს რა დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლია?!“

მამუკა ნოზაძის განმარტებით, გიორგი ბარათელის დეტალურად დაკითხვის შემდეგ გამოძიება ორი კუთხით უნდა წარიმართოს - ვინ განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება ბარათელთან მიმართებაში, მისი დაკავების დროს და ასევე, უშუალოდ ვინ განახორციელა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. ადვოკატი თვლის, რომ სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი იქნება ახლადაღმოჩენილი და ახლადგამოვლენილი გარემოება, რომელიც საფუძლად დაედება განაჩენის გადასინჯვას.