თბილისის სააპალაციო სასამართლომ რადიო „ჰერეთის“ სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც რადიო „ჰერეთის“ ადმინისტრაცია უკანონოდ მიიჩნევს. საქალაქო სასამართლოში რადიო „ჰერეთს“ გასაჩივრებული ჰქონდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მიღებაზე უარი ეთქვა რადიო „ჰერეთს“ და ლიცენზია „მედია ჰაუს დეკომს“, ანუ რადიო „ცხელ შოკოლადს“ მიენიჭა.
„ჰერეთის“ დამფუძნებელი, რამაზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამით უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან მის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე მეორე სუბიექტს „მედია ჰაუს დეკომს“ საკონკურსო დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც სამხარაძის განცხადებით იმის საფუძველია, რომ „მედია ჰაუს დეკომისთვის“ მარეგულირებელს ლიცენზიის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
რადიო „ჰერეთი“ კახეთის რეგიონში მაუწყებლობს და როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, კომპანიის განვითარებისთვის მას თბილისში რადიოსიხშირის მიღება სურდა. რამაზ სამხარაძის განცხადებით, „ჰერეთს“ იმის რესურსი აქვს, რომ თბილისის ბაზარზეც შემოვიდეს, მაგრამ მას უკვე 6 წელია ამის საშუალებას არ აძლევენ.
რამაზ სამხარაძე ასევე აცხადებს, რომ თბილისში კიდევ ოთხი რადიოსიხშირე არსებობს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თქმით, „ცხელი შოკოლადისთვის“ სიხშირის მინიჭებით თბილისში უკანასკნელი რადიოლიცენზია გაიცა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ჰერეთის“ დამფუძნებელს „მედია ჰაუს დეკომის“ მესვეურების წინა ხელისუფლებასთან გარკვეულ ინტერესებთან დაკავშირებით აქვს ეჭვები.
რამაზ სამხარაძე: ვფიქრობ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არის პოლიტიზებული. გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს გამოიტანა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ათზე მეტი დადასტურებული მტკიცებულება არსებობდა იმის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, რადგან ცალსახად დარღვეულია საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, დარღვეული იყო ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები, დაირღვა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც მარეგულირებელი კომისიის დაკვეთით ჩატარდა და რომელიც ამ კონკურსის ჩატარებას დაედო საფუძვლად. უგულებელყოფილი იყო საზოგადოების მოთხოვნებიც. კერძოდ, ეს გახლავთ პროგრამული მრავალფეროვნება და ასევე მაუწყებელში ინფორმაციის არსებობა. ასევე დაფიქსირდა მთელი რიგი პროცესუალური დარღვევებისა, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საბუთების წარდგენას ეხებოდა.
მთელი წლისა და ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ეს დავა და სწორედ სასამართლოზე გახდა ცნობილი, რომ „მედია ჰაუს დეკომის“, იგივე რადიო „ცხელი შოკოლადის“ დამფუძნებელი სინამდვილეში იყო არა სს „ვიდოფონი“, არამედ სხვა კომპანია, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ჰქონდა არც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, არც საჯარო რეესტრს და საერთოდ, არავის. უფრო მეტიც, სასამართლოზევე ხდებოდა „ვიდოფონის“ სახელით წერილების გამოგზავნა მაშინ, როდესაც აღნიშნული კომპანია 2010 წლიდან აღარ ატარებდა ამ სახელს.
ახლა მე გეკითხებით, რატომ არ გადაამოწმა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავის დროზე, იყო თუ არა აღნიშნული კომპანია ოფშორში რეგისტრირებული, როდესაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლი მარეგულირებელს პირდაპირ ავალდებულებდა ამ ინფორმაციის გადამოწმებას?! საქმე აშკარა კანონდარღვევასთან გვაქვს. ჩემი ეჭვები იმის შემდეგ გამძაფრდა, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაუწყებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი რატიშვილმა კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ფარული აუდიო-ჩანაწერები გამოაქვეყნა. მხედველობაში მაქვს ის ჩანაწერი, სადაც ირაკლი ჩიქოვანი „კავკასუს ონლაინის“ თემაზე საუბრობს და ჩანს, რომ იგი სხვადასხვა კომპანიებთან გარკვეულ გარიგებებს აწარმოებდა. თუ ეს ჩანაწერები რეალობას ასახავს, მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე ხდებოდა რადიომაუწყებლობის სიხშირეების გაცემასთან დაკავშირებითაც.
თქვენ გქონდათ რადიომაუწყებლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება. „მედია ჰაუს დეკომსაც“ ჰქონდა გამოცდილება ამ სფეროში?
- პირდაპირ გეტყვით, რადიომაუწყებლობის სფეროში ლიცენზია მიენიჭათ დილეტანტებს, რომლებმაც არ იციან, რას ნიშნავს გადაცემა, არ იციან, რას ნიშნავს რუბრიკა. ამ ადამიანებს რადიოს მიმართულებით მედია-სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. როდესაც კონცეფციების გარჩევა იყო, აღმოჩნდა, რომ მათ ელემენტარული ტერმინები არ იციან. ასეთ კომპანიას კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მიანიჭა ლიცენზია და ჩვენი ცამეტწლიანი შრომა და გამოცდილება, ჩვენი რეიტინგები საერთოდ უგულებელყო. დღეს რადიო „ჰერეთი“ ყველანაირად განვითარებული კომპანიაა. ჩვენ ვმაუწყებლობთ ახალ ტექნოლოგიებზე. ერთადერთი რადიომაუწყებელი ვართ საქართველოში, რომელიც „ეფლის“ ქსელშია, აიფონსა და აიპადზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ჩვენი რადიოკომპანიისთვის, ასევე ზოგადად ქართული სამაუწყებლო სივრცისთვის. რატომღაც მარეგულირებელმა ეს ყველაფერი ვერ დაინახა და ლიცენზია ამ სფეროში სრულიად გამოუცდელ კომპანიას მიანიჭა.
რით ახსნით იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ლიცენზია სწორედ ამ კომპანიას მიენიჭა?
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ კომპანიის დამფუძნებლებთან გავლენები აქვთ წინა ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს. ყველამ, ვინც მედია-სფეროში ვმუშაობთ, ძალიან კარგად ვიცით, რა გავლენებზეა საუბარი და კონკრეტულად რომელ მაღალჩინოსნებზე, რომელთა ვინაობის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.
აპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას?
- ჩვენ აუცილებლად უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია, ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს იქაც წარმოვადგენთ.