საქართველოს მთავრობაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის დღიდან, ძალოვან უწყებებში, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად იბარებენ და შესაძლოა, დაკითხვების სერია კიდევ გაგრძელდეს, რადგან იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მას უკვე 5 600-ზე მეტი საჩივარი აქვს მიღებული. ამ დრომდე, დაკითხვაზე ქვეყნაში მყოფი ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი გამოცხადდა, გარდა, დეპუტატ დავით საყვარელიძისა, რომელიც დღეს, 12:00 საათისთვის, ფინანასთა სამინისტროს საგამოიძებო სამსახურში, რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იყო დაბარებული. თუმცა, კანონმდებელი დაკითხვაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დასწრების მიზეზით, არ გამოცხადდა და საგამოძიებო უწყებას მოუწოდა - ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს საჯაროდ გაუგზავნონ და პასუხებსაც საჯაროდ გასცემს. ამასთან, დეპუტატი დაკითხვაზე გამოცხადების სანაცვლოდ, წინაპირობასაც აყენებს. კერძოდ, კანონმდებელი ითხოვს, რომ პირველ ეტაპზე, გამოძიებამ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაკითხოს, რის შემდეგადაც გამომძიებელთან გამოცხადდებოდა. მართალია, კანონმდებლობით, მოწმე დაკითხვაზე შეიძლება იყოს იძულებით მიყვანილი, თუმცა, ეს წესი პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება, რის გამოც, გამოძიებამ დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება პარლამენტის კანცელარიაში უკვე ჩააბარა. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე თუ რატომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, For.ge უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით საყვარელიძეს ესაუბრა:
რატომ არ გამოცხადდით დაკითხვაზე?
- ჯანსაღი ოპოზიციის მიმართ, აჟიოტაჟია ატეხილი. ბიძინა ივანიშვილსა და მის მთავრობას ჩვენი სიძლიერე აღიზიანებს. თუმცა, გამალებით აცხადებენ, რომ თურმე სუსტი ოპოზიცია ვყოფილვართ, რაც სასაცილოა. ამიტომ, ყოველ კვირეულად ახალ-ახალი სიუპრიზები გვაქვს. გაწულ კვირას, ავტომატის საძიებლად გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში შევარდნენ. ახლა კი გაახსენდათ, რომ თურმე მიწის კომისიის წევრად მუშაობასთან დაკავშირებით, საყვარელიძეც დასაკითხია. ასეთი ხასიათის შანტაჟისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტები ფიქსირდება. როგორც ყოფილი სამართალდამცავი გამოძიებას დიდი პატივს ვცემ, თუ ის მართლაც გამოძიებას ემსახურება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ცდილობს, მაგრამ ეს არ არის ობიექტური ჭეშმარიტება, არამედ ეს არის დევნა პარლამენტის წევრების მისამართით. ამიტომ, მათ ცირკის მოსაწყობად არ დავეხმარები და კბილაშვილს მოვუწოდებ, რომ პროკურატურას ცირკს ნუ დაამსგავსებს და ცირკის დირექტორი ნუ გახდება. სჯობს, მთავარ პროკურატურას დაამსგავსოს და პარლამენტის მიმართაც პატივისცემით იმოქმედოს.
არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ თქვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იძულებით მიგიყვანონ. დეპუტატის მანდატი გიცავთ და დაკითხვაზე იძულებით ვერ წაგიყვანენ, მაგრამ კანონი გავალდებულებთ, რომ ჩვენება მისცეთ. რატომ არღვევთ კანონს?
- ფანზატია ძალიან დიდია და ბატონი არჩილიც ხიბლშია ჩავარდნილი, მაგრამ რელიგიურად და ადამიანურად ეს ძალიან საშიში რამ არის და ხიბლს ძალიან ცუდი რამ მოჰყვება ხოლმე. ამიტომ, კბილაშვილს მოვუწოდებ, რომ უფრო მეტად ადეკვატური გახდეს და მთავარი პროკურორის პოსტი მოირგოს. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით გარეთ ვარ, მაგრამ მაინტერესებს, ბორკილებით აქედან გამათრევენ, კომიტეტიდან, სესიიდან თუ გოგა ხაჩიძის ოჯახის მსგავსად, სახლში შემომივარდებიან?
თქვენი ხელისუფლების პირობებში, რომელიმე დეპუტატი, რომ დაკითხვაზე არ გამოცხადებულიყო, რას მოიმოქმედებდით?
- ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაკითხვაზე არცერთი პოლიტიკური ოპონენტი არ მიგვიყვანია და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ. განსაკუთრებით კი, პარლამენტის წევრები. ასეთ სისულელეებზე დეპუტატებისთვის არ მიგვიმართავს, მაშინ, როდესაც კომიტეტის სხდომები იყო. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი კომიტეტის სხდომა იყო, ვიდრე კბილაშვილ-ხადურ-ივანიშვილის ერთობლივი აკვიატება.
კომიტეტის სხდომა რომ არ ყოფილიყო, დაკითვაზე წახვიდოდით?
- მაინც არ მივიდოდი. მზად ვარ, რომ კითხვებზე პასუხები საჯაროდ გავცე.
საჯაროდ როგორ? კითხვები წინასწარ გადმოგიგზავნონ?
- დიახ. რაც აინტერესებთ, ყველაფერზე პასუხს ისე გავცემ, რომ ჩემი დაკითხვაზე მისვლა ხალხისთვის ბურუსით მოცული არ იყოს და პროკურატურაში ყურყუტი არ მომიწიოს. ეს პროცესი მოგვბეზრდა, რადგან გულის ამრევია და ამით ხალხს დაპირებებს ვერ შეუსრულებენ. ხალხი დაპირებების შესრულებას ელის და ეს ყველაფერი, ხალხს უკვე აღიზიანებს. მათ შორის მათ ამომრჩეველსაც.
დაკითხვაზე მისვლას არ აპირებთ და აცხადებთ, რომ „ცირკში“ მონაწილეობას არ მიიღებთ, მაგრამ დაკითხვაზე „თვით“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოცხადდა. თქვენი მხრიდან ურჩობას ხომ არ აქვს ადგილი?
- არავითარ ურჩობას არ აქვს ადგილი. ვანო მერაბიშვილმა კეთილი ჟესტი გამოიჩინა და რამდენჯერმე დაიბარეს. რამდენადაც მათ ეს გაუვათ, ყოველ დღე უწყებები მოგვივა, სახლებში გამომძიებლები ივლიან და ოჯახებში შემოგვივარდებიან, მანამდე სანამ რომელიმე ჩვენთაგანი არ გატყდება და არ იტყვის, რომ კარგი ბიძინასა და მისი გუნდის კრიტიკას თავს დავანებებო, მაგრამ ეს არ მოხდება.
სავარაუდოდ, დაკითხვაზე მართლაც ბევრ ყოფილ მაღალჩინოსანს მოუწევს მისვლა, რადგან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მას უკვე 5 600-ზე მეტი საჩივარი აქვს მიღებული. თქვენ რას პროგნოზირებთ?
- ფაქტია, რომ თავს ძალიან ბევრი სპეკულანტი წამოყოფს, თითქოს დაჩაგრულია და საქართველოში ძალიან ბინძური პროცესები დაიწყება. ქვეყნას ამის გამოცდილება ჯერ კიდევ 1937 წლიდან მოყოლებული აქვს. ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გაიღვიძებს. გუშინ, ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთი წილების თაობაზე საუბრობენ. თუმცა, კითხვას არავინ არ სვამს, რომ ამ ადამიანებს, როგორც ჩინოვნიკებს მსგავსი ქონება თუ საიდან ჰქონდათ და დღეს, ეს ხალხი სხვა თაღლით და გათახსირებულ ე.წ. უფლებადამცველებთან ერთად, საჩივრების წერით არიან დაკავებულნი. ბუნებრივია, ამ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
თქვენი ხელისუფლების პირობებში, 37 წლის მეთოდებს არ იყენებდით?
- რა თქმა უნდა, არა.
თქვენი პოზიციის მიუხედავად, წამების არაერთი ფაქტი არსებობს... თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კონსტრუქციული კოჰაბიტაციის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის გუნდი ახალი ხელისუფლებისგან გარკვეულ საქმეებზე გამოძიების შეწყვეტას ითხოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ჩათვლით. თქვენი მხრიდან პოლიტიკურ ვაჭრობას აქვს ადგილი?
- იუსტიციის მინისტრისგან ეს განცხადება განსაკუთრებით არასერიოზულია, ეს არის ტყუილი და თეა წულუკიანი საზოგადოებას ნუ ატყუებს.
თუმცა, მსგავს საკითხზე პრემიერ-მინისტრიც საუბრობდა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე ელჩის გამოწვევის სანაცვლოდ, თქვენმა გუნდმა რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოითხოვა...
- ესეც ტყუილია და ბიძინა ივანიშვილიც იტყუება.
თუ ისინი იტყუებიან, თქვენს სიმართლეს როგორ ამტკიცებთ?
- შეგიძლიათ, რომ ეს ინფორმაცია ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს ჰკითხოთ, მათ შორის პრეზიდენტს და ისინი დაადასტურებენ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი.