ვაჟა შუბითიძე: ოპოზიციაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე - ხელისუფლებაში

ვაჟა შუბითიძე: ოპოზიციაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე - ხელისუფლებაში

 

„მთლიანობაში თვალშისაცემია გამოუცდელობა და მოკლე სათადარიგო სკამი. როგორც ჩანს, ბევრი არ ელოდა გამარჯვებას (ნაციონალების ჯოჯოხეთიდან გამომდინარე) და ამას ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შეხვდნენ“ - აცხადებს სტუ-ს სრული პროფესორი, პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე ივანიშვილმა თანაგუნდელებს გარკვეული თავისუფლება მისცა, რათა თავიანთი თავი გამოამჟღავნონ. „ზოგი ალბათ ვერ გაართმევს თავს და მომავალ წელს მათ ახალი ხალხი ჩაანაცვლებს“ - აცხადებს პოლიტოლოგი.

გთავაზობთ ინტერვიუს ვაჟა შუბითიძესთან.

როგორ შეაფასებდით ახალი ხელისუფლების პირველ ნაბიჯებს?  თითქოს ყველაფერი გადაიბარეს, მაგრამ ეფექტი ჯერ არ ჩანს.

- დღევანდელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში, რაც ადამიანის უნარ-ჩვევებს ცალმხრივად წარმართავს. ოპოზიციაში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე ხელისუფლებაში. ამიტომ, როცა დადგა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების დრო, ბევრს სერიოზულად გაუჭირდა და გაიჭედა, ან გვერდზე გადგა და დუმილი არჩია. ისინი პატარა ბავშვებივით არიან - სანამ სიარულს ისწავლიან, კიდევ ბევრჯერ წაიფორხილებენ და შეიძლება წაიქცნენ კიდეც.

ამ ეტაპზე ივანიშვილმა მათ გარკვეული თავისუფლება მისცა - რათა თავიანთი თავი გამოამჟღავნონ. ზოგი ალბათ ვერ გაართმევს თავს და მომავალ წელს მათ ახალი ხალხი ჩაანაცვლებს. ეს ჩვეული პრაქტიკაა აახალი ხელისუფლებისთვის.

შემდეგ ეტაპზე ივანიშვილი მათ მიმართ მომთხოვნელობას გაამკაცრებს.

არის თუ არა რეალურად ნაციონალების პოლიტიკური დევნა თუ, უბრალოდ, მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი?

- ამ კითხვაზე ერთი ანეკდოტის დაბოლოება გამახსენდა - აგრესიასა და ბოზობას ერთმანეთში ნუ აურევო. ნაციონალების პოლიტიკური დევნა რომ მიმდინარეობდეს, დღეს ისინი ყველანი ციხეში იქნებოდნენ ყოველგვარი გასამართლების გარეშე. კარგია, რომ ივანიშვილი ასე ადვილად არ ექცევა უცხოელი ლიდერებისა და პრესის გავლენის ქვეშ. ერთი რამ დაიმახსოვროს ყველამ: რაც მეტად აკნავლდებიან ნაციონალები და მათი დასავლელი მფარველი პოლიტიკოსები და მედია, ეს იმას მანიშნებელი იქნება, რომ ივანიშვილი სწორ გზას ადგას და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოს.

ნაციონალებმა სულიერად და მატერიალურად გაძარცვეს საქართველო, უამრავი ადამიანი გააუბედურეს და კიდევ ხმას იღებენ. მმართველობის 9 წლის განმავლობაში მათ 20 მილიარდ დოლარამდე ფული ამოაცალეს ჯიბიდან ქართველებს. არ კმარა სხვადასხვა დანაშაულისთვის მათი ციხეში სრულიად დამსახურებულად ჩასმა, მათ მოპარული ფულიც უნდა დააბრუნონ უკან. ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს. თუ ხელისუფლება ამას დროზე  არ გააკეთებს, ამით თავის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებს. ხალხი აღარ დაელოდება მათ და თვითონ დაიწყებს სამართლის აღსრულებას, რასაც სრული ანარქია მოჰყვება. ჩვენი მტრებიც ამას ელოდებიან.

მაინც რას თვლით ახალი ხელისუფლების სუსტ მხარეებად?

- იდეალური პოლიტიკოსი და დაწესებულება ბუნებაში არ არსებობს. ყველაფერი შედარებითია. წინა ხელისუფლებასთან შედარებით ახალი ხელისუფალნი გაცილებით წესიერი ხალხია, ზოგი მეტად კომპეტენტურია, ზოგი - ნაკლებად. ზოგს აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ზოგი შეიძლება გამორჩენის მიზნით უყურებს ყველაფერს და ჰგონია, რომ აქ ფულის შოვნა შეიძლება. მთლიანობაში თვალშისაცემია გამოუცდელობა და მოკლე სათადარიგო სკამი. როგორც ჩანს, ბევრი არ ელოდა გამარჯვებას (ნაციონალების ჯოჯოხეთიდან გამომდინარე) და ამას ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები შეხვდნენ. კიდევ ვიმეორებ ერთი წლის წინ ნათქვამს: უნდა შეიქმნას კადრების ბანკი, კიდევ ბევრი თანამდებობა გათავისუფლდება და მანამდე კადრები შერჩეული უნდა იყოს - თითო ადგილზე 4-5 კანდიდატი.  აუცილებელი აღარ არის კადრები კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები იყვნენ.

თუ კარგად მიიხედ-მოიხედავენ, ბევრ წესიერ და მცოდნე ადამიანს იპოვიან. თუ ასე არ მოხდა, სისტემა ჩაიკეტება და ივანიშვილი მალე ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცევა - მასთან უბრალოდ აღარ მიუშვებენ არათუ გარე, არამედ შინაურ ადამიანებს, პარტიის რიგით წევრებს, რომლებმაც ეს ერთი წელი სერიოზულ მუშაობაში და ზეწოლაში გაატარეს. ივანიშილისთვის სერიოზული პრობლემაა ასევე კონკურენტუნარიანი ოპოზიციის არარსებობა. ნაციონალები მალე დაიშლებიან და ვერანაირ დადებით როლს ვერ შეასრულებენ ამ კუთხით. საჭიროა ახალი, სერიოზულლი ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბება, რასაც ივანიშვილი თავად უნდა დაეხმაროს და ხელი შეუწყოს.

როგორ გესახებათ პრეზიდენტ სააკაშვილის მომავალი?

- მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ბევრს არ უნდა ამის აღიარება, პრეზიდენტი სააკაშვილი ხალხის თვალში არის მთავარი დამნაშავე ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვისათვის, ათასობით ადამიანის გაუბედურებისა და შიმშილით დაღუპვისათვის, ციხეებში გამოკეტვისათვის, კორუფციული კლანის შექმნისათვის, მიუხედავად იმისა რომ რაღაცეები აღებული ვალებით მართლაც გაკეთდა. თუ ის არ იქნა გადაყენებული და დასჯილი სამართლიანი სასამართლოს მიერ, მაშინ ახალ ხელისუფლებას მოუწევს ასევე დამნაშავ, მაგრამ დანაშაულის იარაღად გამოყენებული  ადამიანების (ახალაია და სხვები, რომლებსაც დაიჭერენ მომავალში) გამოშვება ციხეებიდან. თუ მთავარი დამნაშავე არ დაისჯება, სამართალი ისე ვერ აღსრულდება და ეს მათ დიდ პასივში ჩაეთვლებათ.

თუ 5 იანვარს სააკაშვილი თავად არ წავიდა თანამდებობიდან, იანვარში მას გამოძიებამ უნდა წაუყენოს ყველა ბრალდება. თუ მოხერხდა საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა, მათ უნდა მოითხოვონ პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თუ არ მოხერხდა საკუნსტიტუციო უმრავლესობის შეკრება, მაშინ ახალმა პარლამენტმა ბიუჯეტის მიღების შემდეგ თვითდაშლა უნდა გამოაცხადოს (არ შეიკრიბოს ერთი კვირის განმავლობაში, შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი და თებერვალში დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 25 მარტამდე). 18 დღის შემდეგ დამტკიცდება ახალი მთავრობა (მასში უკვე ბევრი ახალი სახე იქნება, ისევე როგორც პარლამენტში). ეს ყველაფერი უნდა მოესწროს 20 აპრილამდე (მხოლოდ ამის მერე აქვს უფლება სააკაშვილს დაითხოვოს პარლამენტი და მთავრობა). ამ ვარიანტით პრეზიდენტის იმპიჩმენტი 20 აპრილამდე უნდა მოესწროს. ახალ პარლამენტში უნდა შევიდნენ ახალი ოპოზიციური ძალებიც ნაციონალების ხარჯზე და ქვეყანა ამის მერე თავისუფლად ამოისუნთქებს, გაქრება კონტრევოლუციის საფრთხე, დაინიშნებიან ახალი გუბერნატორები და გამგებლები, შეიძლება შემოდგომაზე ჩატარდეს თვითმართველობის ვადამდელი არჩევნებიც. ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს დაპირებების თანდათან შესრულების ფონზე, რათა ხალხმა მატერიალურად ამოისუნთქოს.

როგორ გესახებათ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება?

- ივანიშვილმა უნდა შეძლოს საქართველოს გეოპოლიტიკური იზოლაციის გარღვევა (რომელიც მოგვიწყვეს რეაქციელმა რუსულ-სომხურმა ძალებმა) და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა არა ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს სჭირდება ისეთი სტაბილური საქართველო, საიდანაც მის მთლიანობას საფრთხე არ დაემუქრება. დღეს რუსები აღარ გვენდობიან და თვლიან, რომ ჩვენ ისინი აშშ-სა და ნატოზე გავცვალეთ. არადა აშშ და ნატომაც ვერავითარი რეალური დახმარება, ფინანსურის გარდა, ვერ აღმოგვიჩინა. ჯობს გეზი ევროპაზე და ევროკავშირზე ავიღო ( ეს ნაკლებად გააღიზიანებს რუსეთს, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან), ვიდრე რუსეთის ჯინაზე სულ „ნატო“ „ნატო“ ვიძახოთ. ჩვენ ნატოში შესასვლელად ჯერ მზად არ ვართ. როცა მზად ვიქნებით, მერე იქნებ რეალობაც შეიცვალოს და ამის შემდეგ დავიწყოთ „ნატოს“ ძახილი. მანამდე რუსეთთან კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღდგეს და აგრესიული რიტორიკა მოიშალოს.