კახა კალაძემ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების გადაწყვეტილების მიღების შესახებ ამცნო საზოგადოებას. თუმცა, ჯერ კონკრეტული თარიღი და ციფრი არ დასახელებულა. თუმცა, მის მოადგილეს ილია ელოშვილს მაინც წამოსცდა, რომ სამომხმარებლო ტარიფი მინიმუმ 4 თეთრით შემცირდება. დაზუსტებით ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.
ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, პროცესი დადებითად ვითარდება და შესრულებული სამუშაოს შედეგებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გააცნობენ.
“ძალიან მალე ბრიფინგს გავმართავ და მოსახლეობას მოვახსენებთ, რა შედეგი მივიღეთ. დღეს კონკრეტული რიცხვების დასახელებისაგან თავს შევიკავებ. პრემიერ-მინისტრს იმ საქმიანობის შედეგს გავაცნობ, რომელიც სამუშაო ჯგუფმა გასწია”, - განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრმა დაადასტურა, რომ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით სადისტრიბუციო კომპანიებთან (“თელასი”, “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია”, “კახეთის ენერგოდისტრუბუცია”) მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.
ელექტროენერგიის იმპორტზე კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება რუსულ კომპანია “ინტერ-რაოეეს”-თან მიმდინარეობს. ორთვიანი კონტრაქტის მოქმედების ვადა დეკემბერში იწურება. შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.
ამასობაში გაჩნდა დენის ტარიფის გაიაფების ახალი ზღვარი - 4 თეთრი. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა დაადასტურა, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მინიმუმ 4 თეთრით შემცირდება. ამჟამად საშუალო ტარიფი 16 თეთრია და ადრე კეთდებოდა განცხადებები, რომ ის მაქსიმუმ 10%-ით (1,5 თეთრი) შემცირდებოდა.
კალაძის ხაზს უსვამს, რომ პირველ რიგში, ელექტროენერგიის საფასურის შემცირება იგეგმება. ბოლო დროს მიმდინარე მოლაპარაკებები მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფს შეეხებოდა. ძალიან მალე კი ნათელი სურათი ბუნებრივ აირსა და საწვავზეც გვექნება.
“პირველ რიგში, ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდება, მალე კი ბუნებრივ აირისა და საწვავის საფასურის შემცირებასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარებას ვგეგმავთ”, - აღნიშნა კალაძემ.
ის, რომ დენის ფასი ძალიან მალე შემცირდება, ამას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაჩაღებული მუშაობაც მოწმობს. სემეკში 2 საკითხთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.
კომისიის 2012 წლის 28 ნოემბრის N32_1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტროენერგიის ტარიფების” შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელიეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად. დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2012 წლის 20 დეკემბერი.
გარდა ამისა, კომისიის 2012 წლის 28 ნოემბრის N32_2 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “წყალმომარაგების ტარიფების” შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”. დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია 2012 წლის 20 დეკემბერი.