არასამთარობო სექტორს ახალი მთავრობის ეკონომიკური ინიციატივების შესახებ კრიტიკული შენიშვნები აქვს. სახელმწიფო დაზღვევა, დაუბეგრავი მინიმუმი და ზოგადად წინასაარჩევნო დაპირებები, მათი აზრით, ხელშესახები შედეგის მომტანი ვერ იქნება. ისინი ფიქრობენ, რომ დაპირებების დიდი ნაწილის შესრულება მოკლევადიან პერიოდში არარეალურია. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი 2014 წელი იქნება.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრმა 2013 წლის საბიუჯეტო პროექტთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა, სადაც გაანალიზებულია მომავალი სამთავრობო ინიციატივები, მისი განხორციელების გზები და ეფექტურობა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნის ინიციატივას რისკის შემცველად მიიჩნევს. საუბარია მთავრობის ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოსახლეობის საბაზისო სამედიცინო პაკეტით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნას ითვალისწინებს. სადაზღვევო კომპანიის ფუნქციას სწორედ ეს ფონდი შეასრულებს.
თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს დააზღვევს, რადგან კერძო მზღვეველები, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ბენეფიციარებს აზღვევენ, მომავალშიც გააგრძელებენ პროექტში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო ფონდი მხოლოდ 2,2 მლნ ადამიანის დაზღვევას უზრუნველყოფს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ექსპერტის, ლაშა დოლიძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ფონდის მმართველი და მესაკუთრე სახელმწიფო იქნება, მის ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდ რისკებს აჩენს.
„როგორც ცნობილია, სახელმწიფო ინსტიტუტები, კერძო სექტორთან შედარებით, ასეთი ფონდების მართვაში არც ისე ეფექტურნი არიან. დამატებით რისკებს შეიცავს ასეთი ფონდის არსებობა შესაძლო არაკანონიერი გარიგებების არსებობის კუთხითაც. მიზანშეწოლინია, სახელმწიფომ მოსახლეობის კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვევა უზრუნველყოს და იმავდროულად, ასეთი სადაზღვევო კომპანიების პერმანენტული მონიტორინგი განახორციელოს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
გარდა ამისა, კრიტიკა შეეხო სხვა სამთავრობო ინიციატივებსაც. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის შეფასებით, მთავრობის მხრიდან ინიცირებული დაუბეგრავი მინიმუმის ოდენობა ეფექტიანი არ არის. დოლიძის გაანგარიშებით, მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებებით, ადამიანი დღეში მხოლოდ 98 თეთრს ზოგავს. იმის გათვალისწინებით, რომ დაუბეგრავი მინიმუმის მექანიზმით სარგებლობისთვის ადამიანის ხელფასი 500 ლარით უნდა იყოს განსაზღვრული, აღნიშნული შეღავათი არც თუ ისე დიდი ეფექტის მომტანია.
„გარდა ამისა, აღნიშნული შეღავათის ღირებულება სახელმწიფოსათვის ჯამში 170 მილიონ ლარს უტოლდება. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილი იქნება სახელმწიფომ უარი თქვას ასეთი შეღავათის დაწესებაზე და ზემოხსენებული სახსრები გამოიყენოს თუნდაც ჯანმრთელობის დაცვის იმ პროგრამების დასაფინანსებლად, რომელთა ხარჯების დაფარვა სადაზღვევო პაკეტით არ ხორციელდება“, - აცხადებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში.
საბოლოო ჯამში კი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მთავრობას წინასარჩევნო დაპირებების სერიოზულ რაციონალიზაციას ურჩევს.
„მთავრობამ უნდა შეძლოს და მოახდინოს წინასაარჩევნო დაპირებების ძალიან სერიოზული რაციონალიზაცია. დაპირებების დიდი ნაწილის შესრულება მოკლევადიან პერიოდში არარეალურია. ვფიქრობთ, ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი 2014 წელი იქნება, როცა ახალ მმართველ გუნდს მართვის სათანადო გამოცდილება უკვე ექნება“, - ნათქვამია ცენტრის ანგარიშში.