ვის დაასახელებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობა“, სავარაუდოდ, გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, ამისათვის მზადების პროცესი, ცხადია, დაიწყო. მიმდინარეობს სავარაუდო კანდიდატების მიმართ საზოგადოების რეაქციების მოსინჯვა, უკვე გამოჟონა კულუარულმა ინფორმაციამ, რომ გაზაფხულზე, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ივანე მერაბიშვილი ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის. პირველი ნაბიჯი სავარაუდოდ, ივანე მერაბიშვილის, იგივე, ლევან მაისურაძის აეროპორტში აყვანა უნდა ყოფილიყო, რაც მას გმირად აქცევდა, თუმცა არ გამოვიდა. სამაგიეროდ ნაცმოძრაობამ დაკითხვების პიარკამპანიად გამოყენება სცადა და საგამოძიებოში მეორე ჯერზე დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა მომხრეებისა და კამერების წინაშე თავისი საპრეზიდენტო სიტყვაც წარმოთქვა:
„ხელისუფლების მიზანია, ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პარტიას, არ ჰქონდეს საშუალება ამ ხელისუფლების კრიტიკა გააგრძელოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც იგი მიიღებს. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღე მუშაობას. განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია იმ ვალდებულებებზე, სოციალურ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფოს გააჩნია. მე და ჩემი თითოეული მეგობარი, ვინც ციხეში არ იქნება დაჭერილი, ვინც არ იქნება დაკითხვაზე, მთელ დროს მოვანდომებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააგრძელოს საკუთარი ფუნქციების შესრულება და მთავარ აქცენტს გავაკეთებთ ახალი წინადადებების შეთავაზებაზე, რათა ჩვენი ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დაკითხვიდან ვანოს გმირული გამოსვლა შეაქო და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ვანომ მომხრეების შეგროვებაც შეძლო.
ვინ იქნება ივანე მერაბიშვილის ელექტორატი - ნაციონალები ამაზეც ზრუნავენ - „ნაციონალურ მოძრაობას“ დაქვემდებარებული ენჯეოები სოციალურად აქტიურ საზოგადოებრივ გაერთიანებებად ჩამოყალიბდება და ერთი მხრივ, ხელისუფლებას დაუპირისპირდება, მეორე მხრივ, ხალხს გადაიბირებს. და კიდევ ერთი, შექმნის თუ არა ახალ პარტიას მერაბიშვილი, ნაადრევია ლაპარაკი, ის ჯერჯერობით განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკობს, თუმცა, არის ერთი გარემოება, რომლის გათვალისწინებითაც, ნაციონალებს, შესაძლოა, სახელის შეცვლა მართლაც მოუხდეთ, თუკი უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, მირიან მირიანაშვილი სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას პარტია მართლაც წაართვა. მოხდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაცია, რა შანსები აქვს მას ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, მართლა დარჩება თუ არა „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებზე კონკურენტის გარეშე, ამ თემებზე ექსპერტი ბექა ნაცვლიშვილი გვესაუბრება.
როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა ვანო მერაბიშვილი განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე, მისი მომხრეების გმირი, კუმირი...
- ვანო მერაბიშვილი პირველად რომ დაიბარეს დაკითხვაზე, ვნახეთ, სპონტანური და მართლა ემოციაზე დაფუძნებული პროტესტი მის წინააღმდეგ. შემდგომ დაკითვაზე უკვე ვნახეთ მისი მხარდამჭერი პროტესტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ეს სპონტანური პროტესტი უფრო გამოხატავდა ხალხის დამოკიდებულებას მის მიმართ, ვიდრე შემდეგი, როდესაც გაცხადდა, რომელ საათზე მივიდოდა ვანო მერაბიშვილი საგამოძიებო სამსახურში და მის მხარდამჭერთა ვიწრო ჯგუფი შეიკიბა. არ მგონია, რომ რეანიმაციის დაწყებაზე იყოს ლაპარაკი.
შეიძლება სკეპტიკური დამოკიდებულება ხელისუფლების ცვლის გამო საზოგადოების ერთ ნაწილში შეიმჩნეოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აქცენტს უკვე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აკეთებენ, ან ნანობენ იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღეს. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციაზე ლაპარაკი ნაადრევია.
ამ მოცემულობაში რაც დღეს გვაქვს, გაძლიერების რა შანსები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ - ისინი დღესაც ამხნევებენ საკუთარ მომხრეებს, რომ მალე აუცილებლად დაბრუნდებიან ხელისუფლებაში...
- მოვლენების განვითარებას თუ მივყვებით, გადავხედოთ, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს - ეს არის სამართლებრივ საკითხებზე ეჭვნიტანილთა დაბარება, შემდეგ იმ დამნაშავე პირთა პასუხისგება, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
შემდეგ დაიწყება საზოგადოების მხრიდან, ამისი დიდი იმედი მაქვს, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გადააზრება, რომელიც კიდევ უფრო შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას ამ პარტიის მიმართ - უფრო ნეგატიურს გახდის. ეს იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებაში რეალურად წავიდა ამ რეჟიმის გადააზრების პროცესი და მესამე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე ასე მგონია და ასე წარმომიდგენია, მიხეილ სააკაშვილი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი კანდიდატი ამ საპრეზიდენტო არჩევნებსაც წააგებს და ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა შეიძლება ან დაიშალოს, ან მაჟორიტარი დეპუტატები გადავიდნენ იგივე, უმრავლესობის მხარეს და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა დაიშლება.
არსებობს ვერსია, რომ საპრეზიდენტო არჩენებამდე შესაძლოა, ლაპარაკი იყოს მათ მიერ სხვა პარტიის შექმნაზე...
- სხვა პარტიის მშენებლობას ძალიან დიდი ჰუმანური და ადამიანური რესურსი სჭირდება. ერთი, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის ეკონომიკური რესურსები. ადამიანურ რესურსებს ისინი ვერ მოიძიებენ, ისეთ სახეებს, რომლებიც საზოგადოების ნდობით იქნებოდნენ აღჭურვილი და შესაბამისად, სრულფასოვან პოლიტიკურ ძალას შექმნიდნენ. აქედან გამომდინარე, ახალი პარტიების ან არასამთავრობო სექტორის გაძლიერებით, როგორც უკვე გააკეთეს „ევროპული საქართველოსთვის“, ეს არის აბსურდი.
ბიძინა ივანიშვილის პროგნოზით, შესაძლოა, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას „ქართული ოცნება“ აღმოჩნდეს სერიოზული კონკურენტის გარეშე. ვიცით, რა მეთოდებით, მაგრამ მაინც, დღეს პარლამენტში გვყავს ძალა, რომელმაც 40% მიიღო. ამის გათვალისწინებით შესაძლებელია, მომავალი არჩევნების შემდეგ ეს ძალა ასე ვთქვათ, გაქრეს?
- ხალხის განწყობები ასე სწრაფად არ იცვლება, რადგან ამ ეტაპზე განწყობა არის „პრო-ქართული ოცნების“ და თან „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხარისხითაა წარმოდგენილი როგორც ახლაა, შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობოთ მოვიდეს არჩევნებში ძალიან დიდია.
თან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდება სოფლებში, სადაც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკურად, სოციალურად და ა.შ. რომელიც გამოწვეულია სწორედ ნაციონალური პოლიტიკის უნიათო მმართვერლობით. აქედან გამომდინარე, სოფლებში, სადაც ადგილობრივ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, არ მგონია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაიმე შედეგს მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ რომ უმრავლესობით მოვიდეს, ალბათობა ძალიან მაღალია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ლაპარაკობს, მაგრამ ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ არსებობს საფრთხე, პარლამენტი ოპოზიციის გარეშეც ვიხილოთ, ასეთ მოსაზრებას რამდენად აქვს საფუძველი?
- იმ სცენარით რომ განვითარდეს მოვლენები, რაზედაც ვისაუბრე - ანუ ჯერ სამართლებრივი დევნა, შემდეგ საზოგადოების მიერ ამ რეჟიმის გადაფასება, რაც კიდევ უფრო ცნობიერს გახდის ამ რეჟიმის ხასიათს, ანუ რამდენად კაბალური და ცუდი იყო ეს, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება კიდევ უფრო დაასუსტებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და დროთა განმავლობაში უპერსპექტივობის გამო, შესაძლოა, ოპოზიციურ ძალადაც არ მოგვევლინოს პარლამენტში.
თუმცა, ეს ყველაფერი ვარაუდებია და დამოკიდებულია როგორ განვითარდება მოვლენები, რას გააკეთებს ახალი მთავრობა. ძალიან ბევრია დამოკიდებული ახალი ხელისუფლების ნაბიჯებზე, მაგრამ რაკი დიდია ანტინაციონალური ინერცია, ფატალური შეცდომები თუ არ დაუშვა ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციაზე ლაპარაკი ცოტა რთულია.
ერთი მხარეა სამართლიანობის აღდგენა, რაც არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და მეორე - დასავლეთი, რომელიც შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესებით და კოჰაბიტაციისკენ მოგვიწოდებს...
- რაც სამართლებრივ დევნას შეეხება, ანუ დასავლეთი ფიქრობს, ხომ არ შეიცავს პოლიტიკური დევნის ელემენტებს, ამის გაქარწყლება მარტივად შეიძლება თუ დასავლეთის წარმომადგენლებს, სამართლებრივ ექსპერტებს, როგორც მათ ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, ჩამოვიყვანდით და დააკვირდებოდნენ პროცესებს. ამით გაუქარწყლებდა საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს ამ ეჭვებს - ასეც შეიძლება მოხდეს.
რაც შეეხება კოჰაბიტაციას, ეს არის ინსტიტუტი, რაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალების შეთანხმებას ნიშნავს. ამ შეთანხმების ინსტიტუციონალიზაციას სჭირდება დიდი დრო. ჩვენ არ გვქონია ამისი დრო - ფრანგებს ჰქონდათ და ამიტომ ფუნქციონირებდა ეს ინსტიტუტი.
ჩვენ ამ კოჰაბიტაციაში მოვხვდით რაღაც გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, რომელზეც არავინ არ ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, კოჰაბიტაციის ინსტიტუტის არსებობაზე საქართველოში ჯერ საუბარი ნაადრევია.
თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთი პარტია - გამარჯვებული პარტია - მეორეს აღიქვამს როგორც არალეგიტიმურს. ამდენად, მასთან კოჰაბიტაციას გაურბის და არ ცდილობს. ორივე პარტიას რომ ჰქონდეს განცდა, რომ ისინი არიან ლეგიტიმურები, როგორც ეს უცხოეთში ხდება ხოლმე, მაშინ, შეიძლებოდა კოჰაბიტაციაზე ფიქრი. მაგრამ როდესაც ერთი მეორეს არალეგიტიმურად აღიქვამს, მაშინ ამ კოჰაბიტაციით დადგენილი თამაშის წესებით აღარ ეთამაშება.
რაც ხდება, ეს გასაგებია საქართველოსთვის, მაგრამ არ არის გასაგები დასავლეთისთვის. არის თუ არა ეს პრობლემა?
- მართლა ძალიად დიდი ფული აქვს დასავლეთს დახარჯული საქართველოს განვითარებაზე. იმ თვალსაზრისით არა, რომ მათ მიზანს მიაღწიეს, არამედ დემოკრატიზაციაზე, რომელიც არ იდგა აუთენტურ ქართულ საწყისებსა და საფუძვლებზე. ამდენად მათ არ უნდათ ფული და ის რესურსი, რაც დახაჯული აქვს წყალში ჩაიყაროს. ამიტომაც, ყველანაირად ცდილობენ, ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, არ გამოვიდეს ჩარჩოდან, არ გადაიზარდოს არადემოკრატიულ პროცესებში, როდესაც ერთი პარტიისგან მეორის ტოტალური უარყოფა ხდება.
ამის გათვალისწინებით, შეიძლება აფრთხილებენ დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალ ხელისუფლებასთან მათ უფრო უარესი ურთიერთობა ექნებათ, ვიდრე წინა ხელისუფლებასთან.
გარდა ამისა, დასავლეთს დღეს ძალიან უჭირს აღიარება, რომ იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც აქამდე დემოკრატიის შუქურას ეძახდა, ხალხის განწყობა თურმე სხვანაირი ყოფილა - არასწორი პერსონისა და არასწორი პოლიტიკური ძალისთვის დაუჭერიათ ამდენ ხანს მხარი.
ეს გარკვეული თვალსაზრისით, ლეღვის ფოთოლს წააგავს დასავლეთისთვის - კოჰაბიტაციაზე აპელირება და სამართლებრივ დევნაზე კრიტიკული დამოკიდებულება - ვიდრე რეალური სურათის აღწერა და რეალური შენიშვნები.
არის თუ არა გასათვალისწინებელი, რომ ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიციის ლიდერად მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ემსახურება ლობისტური ჯგუფები, რომელსაც აქვს პირადი ნაცნობობა დასავლელ ლიდერებთან, ბოლოს და ბოლოს, ნაცმოძრაობის ევროპის სახალხო პარტიის მეგობრობაზე ლეგენდები დადის... როდის შეიძლება დასავლეთი შეეგუოს იმას, რომ საქართველოს ჰყავს ახალი ხელისუფლება?
- ყველაზე საინტერესო, კარგი და მისასალმებელი ის არის, რომ ევროპა მარტო სახალხო პარტია და მემარჯვენეები არ არიან. იქ არიან მემარცხენე-პროგრესული ძალები, რომლებსაც არ მიაჩნდათ მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად.
ამდენად, სწორი დიპლომატიური პოლიტიკაა საჭირო, რომელიც დაანახებს დასავლეთს, რომ ეს ცვლილება იყო მართლაც ხალხის სურვილი.
ვისურვებდი, რომ მემარცხენე ძალებთან უფრო ინტენსიური გამხდარიყო „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების ურთიერთობა, რადგან მემარჯვენე ძალებს აქვთ მიდრეკილება, რომ ისეთ პერსონებს და პოლიტიკურ ძალებს დაუჭირონ მხარი, რომლებიც მკაცრად მემარჯვენე პოლიტიკას ატარებენ თავიანთ ქვეყანაში - დემოკრატიული იქნება თუ არადემოკრატიული, ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ-ხოლმე.
აქედან გამომდინარე, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი ხელისუფლება შიდა პოლიტიკაში და როგორ დაანახებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს არის მართლაც დემოკრატიულ საწყისებზე მოსული ხელისუფლება.
კიდევ ერთი - დასავლეთს დღემდე აქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან მდიდარი და შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილება მოხდა არა ხალხის ნების საფუძველზე, არამედ ბიძიბნა ივანიშვილის ფინანსური რესურსების გამოყენების საუძველზე. ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ეჭვები გააქარწყლოს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ იმედს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მას შეიძლება გამოადგეს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, არის ეს გასათვალისწინებელი ფაქტორი ახალი ხელისუფლებისთვის?
- საერთაშორისო პოლიტიკა შეიძლება კეთდებოდეს ლობისტური ორგანიზაციების და დაქირავებული პიარ-კომპანიების დახმარებით, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკა მაინც კეთდება სახელმწიფო მოხელეების დონეზე. რაც უფრო ხშირი იქნება დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უფრო ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნების და საქართველოს წარმომადგენლები, ეს ყველანაირ ეჭვებს გააქარწყლებს.
თუ რომელიმე ვულგარული მემარჯვენე პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს მხარს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალა. ნებისმიერი დასავლელი პოლიტიკოსი თვალს გაუსწორებს საქართველოში მომხდარ ცვლილებებს და დამთავრდება ზრუნვა და ფიქრი იმაზე, რამდენად უჭერს დასავლეთი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს.