ვინ დაარღვია შეთანხმება? – საარჩევნო სისტემა ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება

ვინ დაარღვია შეთანხმება? – საარჩევნო სისტემა ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება

სენატორი, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება. აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ელოდება მარტის ხელშერულების სრულად შესრულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს.

8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს აშშ–ის საელო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება ორ ნაწილიანია. ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. საელჩო პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებს, რომ სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.

„მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან. 8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუკი 8 მარტის შეთანხმების ორივე მთავარი ნაწილი არ შესრულდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან დიპლომატებისადმი მიმართვისა და შემდგომ, უცხოელი მედიატორების განცხადების შედეგად, დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია.

„9 მარტიდან ოპოზიცია ყოველთვის ამბობდა, თუ არ შესრულდება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ორივე მთავარი ნაწილი, რომელიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობაში და მეორე – თუ არ გამოვლენ პოლიტიკური პატიმრები ციხეებიდან და არ შეწყდება სასამართლო პროცესები გვარამიასი, მელიასი და ა.შ. ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ბოლოს და ბოლოს, არ გვიტოვებს ხელისუფლება სხვა გამოსავალს, რომ მივმართოთ კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროტესტის უკიდურესად მწვავე ზომებს“, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს ორივე ნაწილში, როგორც საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების კუთხით, რადგან ეს განმსაზღვრელია ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის. დეპუტატის თქმით, შეთანხმება იმაზე კი არ იყო, ვინ რა ტერმინს გამოიყენებს, პირიქით, ხაზგასმული იყო შეთანხმებაში, რომ მხარეებს სხვადასხვა შეხედულება აქვთ, ოღონდ, ციხიდან უნდა გამოუშვან – უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა.

„თუ არ გამოუშვეს, არჩევნებს მაინც წააგებენ, არსებული სისტემაც რომ დარჩეს. ეს ცუდია ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ივანიშვილმა დამატებითი კიდევ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ საზოგადოებას, „გადააგდოს“ პარტნიორები, ჩაიდინოს ისეთი რამე, რომ მერე სანქციები დაეკისროს. თუ კითხვაა, შეიძლება თუ არა სანქციები ავტორიტარულ რეჟიმებს დაეკისროს, გეტყვით, დიახ შეიძლება. ეს ხდება და მომხდარა. არავის ვურჩევდი, რომ ისეთ რისკზე წავიდეს. მას ჯერ კიდევ აქვს დრო, ეს რისკი შეამციროს. სიტყვა რომ დაიდო, უნდა შესრულდეს. თუ დავუშვებთ, რომ ასე შეიძლება მოგვექცენ და ამას ვეგუებით პოლიტიკურად, ეს დამანგრეველია ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის. არ ვურჩევდი შეთანხმების დარღვევას, ეს მათ ვერ გადაარჩენს, დაღუპავს, ოღონდ, ეს ქვეყნისთვისაც ცუდია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს.

„არ გამოგივათ რუსული ე.წ. სუვერენული, დემოკრატიის გზით სვლა. არ გამოგივათ ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც თქვენ ეწევით ახლა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი იმიჯი, თქვენი სახე თავიდან ბოლომდე იცის ცივილიზებულმა სამყარომ. მივმართავ არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს – ნუთუ, არ გრცხვენიათ, რომ მოლაპარაკებებზე ერთს საუბრობთ, როცა კამერები არ არის, ერთს ლაპარაკობთ, გამოდიხართ და ცრუობთ, იტყუებით. ელემენტარული მორალი მაინც ხომ უნდა გქონდეთ? ასე შეიძლება გეშინოდეს ადამიანს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების? შეიძლება სახელმწიფო ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო? მინდა, მივმართო მოსახლეობას , ვიყოთ ერთიანები, ძლიერები და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმებაში სიტყვა პოლიტპატიმარი არ ჩაწერეს, რადგან მთავრობა, რომელიც თვითონ ამბობს და ხელს აწერს, რომ პოლიტპატიმარი ყავს, პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთანავე მიდის სახლში. უსუაფაშვილის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ საკადრისი პასუხიც მიიღო და არა მხოლოდ დიპლომატებისგან. კერძოდ, უსუფაშვილის განმარტებით, აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ თქვა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და საარჩევნო სისტემა შეიცვალოს.

„ხელისუფლება იმდენს იზამს, რომ საკუთარ თავს კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს. ის უტიფარი მიმართვა, რომ, ელჩებო, აბა, ერთი დაგვიდასტურეთ რა ხდებოდა იქ და დიპლომატები მოწმეებად მოჰყავთ, ეს იმდენად ამოვარდნილია საერთაშორისო ცივილიზებული ურთიერთობის კონტექსტიდან, რომ საკადრისი პასუხი მიიღეს არა მხოლოდ ელჩების მხრიდან, არამედ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

ხელისუფლებამ თავისი უგუნურობით იმას მიაღწია, რომ ტერმინი – პოლიტიკური პატიმრები გაჩნდა უკვე ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გამოგზავნილ წერილში. საქართველოში პოლიტიკური პატიმრების ფაქტი ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან დადასტურდა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას შეთანხმების დარღვევის საფუძველი არ აქვს, თუ არა მათი შიში არჩევნებზე და სურვილი, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაში მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება.

„ოპოზიციას მოვუწოდებთ, თავი დაანებოს მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელიც არის წერილობითი, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მხარემ, სადაც გარკვევით წერია შეთანხმება 120/30–ზე საარჩევნო სისტემაზე. ასევე, მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება.

ის, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმის მცდელობა, რომ მოახდინონ მართლმსაჯულების პოლიტიზირება, რაც შეურაცხყოფაა სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების სისტემის და მთლიანად სახელმწიფოს მთავარი პრინციპების. ამ შემთხვევაში, მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, შეთანხმება დაარღვიონ, თუ არა მათი შიში არჩევნებზე და მათი სურვილი, რომ მოსახლეობა მოატყუონ და საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, ვიცე–სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი ასეთ განცხადებას გააკეთებს, საქმე დეტალურად უნდა შეისწავლოს და შემდეგ გადაწყვიტოს, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს. ვოლსკის თქმით, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევა შესაძლებელია.

„არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ საკმაოდ პოზიტიურად არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე. არსებობს გარკვეული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის დამტკიცებას კონკრეტული პიროვნებების მიმართ და ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სტრუქტურა – არც სამთავრობო, არც საპარლამენტო და არც პარტიული, რომელიც მიუთითებს, როგორ უნდა იმოქმედოს, არ არსებობს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომ გააკეთო ისეთი რევერსი, როგორსაც მოგვიწოდებენ. იმის მოთხოვნა, რომ პარტიულმა, სამთავრობო ან საპარლამენტო სტურქტურამ სასამართლოს მიუთითოს, როგორ მოიქცეს ან იუსტიციის სამინისტროს, რომ გააღოს საკნის კარები და გამოუშვას კონკრეტული პირები – არ არსებობს“, - განმარტა გია ვოლსკიმ.

 

 

ზურაბი ეს სამარცხვინო ურეიტინგო ოპოზიცია, პირდაპირ შანტაჟზეა გადასული. აბა ჩქარა გამოუშვით ე.წ. პოლიტპატიმრებიო თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასაო... მაგრამ მოვა მონადირე (ქართველი ხალხი) და მიუჩენს ადგილს სკამებისთვის და საბიუჯეტო დაფინანსებისთვის გაგიჟებულ ვითომ ოპოზიციას. თან უსუფაშვილი იძახის რომ აღიარონ პოლიტპატიმრები, უნდა წავიდნენ სახლშიო. ელჩებმა რა იციან ვინაა საქართველოში კანონიერად დაპატიმრებული და ვინ არა? შეისწავლეს საქმეები და დარწმუნდნენ განაჩენის აბსურდულობაში, თუ ქართველი პოლიტიკოსის მიერ ჩემოდნით მიტანილი ფული მუშაობს.
4 წლის უკან
Katana . ე.ი. სენატორი ჯიმ რიში მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ დაიკიდოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები და გაათავისუფლოს ციხიდან "პლიტპატიმრები":)))
ბრავო!
ვინმემ შეახსენოს ბ-ნ რიშს, რომ ერთ-ერთ "პოლიტპატიმარს" 48 000 000 - ის გაფლანგვა ედება ბრალად და ამისათვის მხოლოდ 3 წელი მიუსაჯა ჩვენმა ერთობ ლმობიერმა სასამართლომ... და ეს მაშინ, როცა ა ლ კ ა პ ო ნ ე ს , რომელიც გადასახადების დამალვისთვის დააპატიმრეს, სულ რაღაც 388 ათასი დოლარის გადაუხდელობის გამო, 11 წელი მიუსაჯა აშშ ფედერალურმა სასამართლომ... (რომლის დიდი ნაწილიც ალკატრაზის ციხეში მოიხადა).
წარმოიდგინეთ, ვინმეს რომ "ებრძანებინა" ოკეანის გაღმიდან ამერიკის ხელისუფლებისათვის, - პოლიტპატიმარი ალ კაპონე გაათავისუფლეთ, თორემ თქვენს არჩევნებს არ ვცნობთო! :)))))
4 წლის უკან
ლაზი ეს შეთანხმება, მაშინ, მგონი ფრაგმენტულად გამოაქვეყნეს. გამოაქვეყნეთ სრული ტექსტი და მორჩით ამ ჭიდაობას.
რა ტექსტია ისეთი, ორივე მხარე რომ თავს მართლად წარმადგენს?
ვიღაცამ თუ სიტყვიერად რაღაც თქვა, მაგრამ არსად წერია, მაგას ახლა ვერავინ დაამტკიცებს.
რაც წერია, ის უნდა შესრულდეს. ყველა არა მკითხე მოამბე ჭკუის მასწავლებელი გახდა.
დავიღალეთ.
4 წლის უკან