„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მესვეურებს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ

„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მესვეურებს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ

 

„ცენტრ-პოინტის“ საქმე ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალს წარმოადგენს, რომელშიც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ათასობით დაზარალებული კლიენტი და მილიონობით გაფლანგული თანხა ფიგურირებს. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და დაიწყოს მისი სიღრმისეული და დეტალური გამოძიება“, - ნათქვამია „ცენტრ-პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში.

„ცენტრ პოინტი ჯგუფი“ წარმოადგენს 70 სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას, რომლებიც საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალში მონაწილეობდა. ის დაარსეს ყოფილმა პარლამენტარებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ჯგუფში შემავალ კომპანიებს. კვლევის თანახმად, დახვეწილი სქემის მეშვეობით „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ ათასობით კლიენტი დაარწმუნა , შეესყიდათ ჯერ კიდევ არაშენებული ბინები, შემდეგ კი მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. შედეგად, თითქმის, 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30 000 ადამიანი) დაკარგა მათ მიერ გადახდილი თანხები და ასევე ბინები, რომელთა უმეტესობაც ჯერ კიდევ აუშენებელი ან დაუსრულებულია.

„ამასთან, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლების სტატუსი და კავშირები წინა მთავრობაში, რომელიც გამყარებული იყო მსხვილი შემოწირულობებით იმ დროისთვის მმართველ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში, ბადებს ეჭვს, რომ ეს კავშირები მათ დაეხმარა თავიდან აეცილებინათ პირადი პასუხისმგებლობა კლიენტებისთვის მიყენებული ზარალისთვის“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

2005-2007 წლებში „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ საქართველოში უმსხვილეს სამშენებლო პროექტებს ახორციელებდა, რომლებიც ადგილობრივ მედიაში აქტიურად შუქდებოდა,

თუმცა, 2008 წელს გამოაშკარავდა „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ ფინანსური პრობლემები, რამაც კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა და ბევრი მისი მიმდინარე პროექტი შეაჩერა. უმეტეს შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა ან საერთოდ ვერ დაიწყო. შედეგად, 6 200-მდე ოჯახი დაპირებული ბინებისა და ანაზღაურების გარეშე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმრავლესობამ წინასწარ გადაიხადა ამ ბინების სრული ან ნაწილობრივი საფასური (საერთო ჯამში 310 მილიონი აშშ დოლარი).

პრობლემის გადასაჭრელად, 2010 წლის სექტემბერში „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ საკუთარი ქონებისა და შეჩერებული პროექტების მართვა მაშინ ახლადშექმნილ კომპანია „დექსუსს“ გადასცა და პირობა დადო, რომ უკანასკნელის მეშვეობით კლიენტებისადმი ნაკისრ ვალდებულებებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეასრულებდა. თუმცა „დექსუსმა“ კლიენტებს საგრძნობლად დაუმძიმა მდგომარეობა და მხოლოდ შენობების კედლების მშენებლობის ვალდებულებით შემოიფარგლა, ხოლო მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დაფარვა თავად დაზარალებულ კლიენტებს დააკისრა. გარდა ამისა, დასრულებულ ბინებზე საკუთრების რეგისტრაციისთვის „დექსუსმა“ კლიენტებს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდა მოსთხოვა, რაც თითოეული ბინის საერთო ღირებულების 18 პროცენტს შეადგენს. ამის გამო ათობით დაზარალებულმა ოჯახმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც ითხოვდნენ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გაუქმებას, დაუსრულებელ ბინებზე საკუთრების რეგისტრაციას, გადახდილი ფულის უკან დაბრუნებასა და ზარალის შესაბამის კომპენსაციას. ამასთან, ისინი „დექსუსისგან“ ითხოვდნენ, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ თავდაპირველი ხელშეკრულებების პირობები ამ პირობების გაუარესების გარეშე შეესრულებინა.

გურამ ზარნაძე ერთ-ერთი ასეთი დაზარალებულია. 2005 წელს მან შეიტყო რომ თბილისში, ხოშარაულის ქ. 29-ში, „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ განვადებით ყიდდა ჯერ კიდევ არაშენებულ ბინებს და გადაწყვიტა თავადაც შეეძინა ერთი ბინა. ზარნაძემ 43 000 აშშ დოლარი გადაიხადა 105 კვადრატულ მეტრიან ბინაში, რომლის მშენებლობა ხელშეკრეულების მიხედვით სამ წელიწადში, 2008 წლის თებერვალში, უნდა დასრულებულიყო, თუმცა შპს „ცენტრ პოინტ სიტიმ“, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამშენებლო სამუშაოებზე ხოშარაულის ქუჩა 29-ში, მშენებლობის პროცესი შეაჩერა, რითაც დაარღვია თავისი ვალდებულება უზრუნველეყო ზარნაძე ახალი ბინით.

„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კიდევ ერთი დაზარალებული არის დარეჯან ბარბაქაძე. 2006 წლის ნოემბერში ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ასაშენებელი ბინის საფასურად მან 36 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ორი წლის შემდეგ, როდესაც ნახა, რომ ბინის მშენებლობის პროცესში წინსვლა არ იყო, ბარბაქაძემ პასუხისმგებელ კომპანიას, ამხანაგობა „ღრმაღელეს“ მოსთხოვა მისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა სხვა ადგილას. იმ დაპირებით, რომ მას მისცემდნენ უფრო დიდ ბინას ქ. თბილისში მდებარე სხვა მშენებარე კორპუსში, კერძოდ გელოვანის გამზირზე, დარეჯან ბარბაქაძეს ამხანაგობა „ღრმაღელემ“ დამატებით 29 000 აშშ დოლარი გადაახდევინა. თუმცა, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები გელოვანის გამზირზეც შეჩერდა და ბარბაქაძე ბინის გარეშე დარჩა.

„2010 წლის 10 სექტემბერს, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ ვერ შეძლებდა მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოსვლას გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, მათ „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კომპანიებისა და სამშენებლო პროექტების მმართველობის უფლება კომპანია „დექსუსს“ გადასცეს. „დექსუსი“ 2010 წლის 23 აგვისტოს დაფუძნდა, რჩეულიშვილების ზემოხსენებულ განცხადებამდე ორი კვირით ადრე. ოფიციალური სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად, კომპანიის საწყისი კაპიტალი მხოლოდ 100 ლარს შეადგენდა და მას სამი დამფუძნებელი ჰყავდა: გიორგი ქანანაშვილი, ირაკლი კილაურიძე და ივანე ცაგურია. „დექსუსის“ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით კომპანიას მაღალკვალიფიციური მმართველები ჰყავს, რომლებსაც უძრავი ქონების მართვის ცნობილ ქართულ კომპანიებში მუშაობის სათანადო გამოცდილება გააჩნიათ.

„ცენტრ პოინტი ჯგუფსა“ და „დექსუსს“ შორის 2010 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უკანასკნელი ვალდებულებას იღებდა დაესრულებინა ყველა შეჩერებული სამშენებლო პროექტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამავე დროს, „დექსუსის“ დამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი ქანანაშვილი ირწმუნებოდა, რომ კომპანიას გააჩნდა ყველა შესაბამისი რესურსი მშენებლობების დასასრულებლად და საჭირო იყო მხოლოდ კლიენტებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. ამ განცხადებას მხარს უმაგრებდა რამდენიმე მედია-საშუალებით გავრცელებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც „დექსუსმა“ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში 350 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ისეთი დონორებისგან, როგორებიც არიან მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“, - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

აქვე ვკითხულობთ, რომ 2013 წლისთვის ყველა შეჩერებული პროექტის დასრულების ვალდებულების აღების პარალელურად „დექსუსმა“„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ თავდაპირველი ხელშეკრულებების პირობები კლიენტების მდგომარეობის საზიანოდ შეცვალა. კერძოდ, თავდაპირველი ხელშეკრულებების თანახმად, კლიენტი კომპენსაციას მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია ვერ უზრუნველყოფდა მას ბინით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულების ვადიდან ექვსი თვის განმავლობაში. კომპენსაცია ყოველი დაგვიანებული თვისთვის იქნებოდა კლიენტის მიერ იმ დროისთვის ბინის მთლიანი ღირებულების გადახდილი თანხის 0.2%, თუმცა კომპანია თავისუფლდებოდა კომპენსაციის გადახდისგან, მას შემდეგ, რაც მისი ოდენობა ბინის საერთო ღირებულების 10%-ს მიაღწევდა.

„დექსუსმა“ კლიენტებს დღგ-ს გადახდა მოსთხოვა, რაც თითოეული ასაშენებლი ბინის საერთო ღირებულების 18 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, კომპანიამ უარი განაცხადა შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე, როგორიც არის ახალი შენობების კედლების გაჯით გალესვა, რაც ეწინააღმდეგება „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ იმ თავდაპირველ პირობებს, რომელსაც კლიენტები დათანხმდნენ. „დექსუსის“ დამფუძნებლის, ქანანაშვილის თქმით, ერთობლიობაში 2 მილიონი კვადრატული მეტრის კედლების გაჯით გალესვა „დექსუსისთვის“ ლოჯისტიკურად რთული ამოცანაა მაშინ, როდესაც კლიენტებისთვის აღნიშნული სამუშაოების ცალკე წარმოება თავიანთ ბინებში არ იქნება ძალიან ძვირი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის ანგარიშში ასევე „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მესვეურების მიერ თანხების არამინზობრივად ხარჯვის მაგალითებიც არის მოყვანილი. მაგალითად, კომპანიის შვილობილი ამხანაგობა „ღრმაღელეს“ მისმა კლიენტებმა 6.29 მლნ დოლარი გადაუხადეს, მაგრამ ვერ მოხერხდა იმის დადგენა, აქედან რამდენი მოხმარდა მშენებლობას, რადგან გურამიშვილის N64-ში არსებულ 6 300 კვ მეტრ ფართობზე, მხოლოდ ორი სართულის კარკასია აშენებული და ეს ამხანაგობა „ღრმაღელეს“ ერთადერთი ქონებაა.

„ღრმაღელეს“ შემთხვევისაგან განსხვავებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოახერხა კიდევ ერთი პრობლემური პროექტის, „ჯიქიას“ საქმეზე აუცილებელი დოკუმენტაციის მოძიება, რომელიც ამტკიცებს, რომ კლიენტების მიერ ბინების მშენებლობისათვის გადახდილი თანხა (6.84 მილიონი ლარი) არამიზნობრივად იქნა გახარჯული შპს „ჯიქიას“ მფლობელის მაია რჩეულიშვილის მიერ. ამის შედეგად, 165 ოჯახი დაპირებული ბინების გარეშე დარჩა. როგორც აღმოჩნდა, მაია რჩეულიშვილმა შპს „ჯიქიას“ თანხების მნიშვნელოვანი ოდენობა (3.28 მილიონი ლარი) თავის სასარგებლოდ გამოიყენა. კერძოდ, 2009 წლის 6 იანვარს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ჯიქიას უბანზე სამშენებლო სამუშაოები გრაფიკს ჩამორჩებოდა, რჩეულიშვილმა შპს „ჯიქიას“ ანგარიშიდან 1.38 მილიონი ლარი გაიტანა. ერთი თვის შემდეგ, რჩეულიშვილის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიქიამ“ 1.9 მილიონ ლარად შპს „წყნეთი ჰაუსი“ შეიძინა. კვლევის თანახმად, მთლიანობაში მაია რჩეულიშვილმა კომპანიის („ჯიქიას“) თანხებიდან 3.7 მილიონი ლარი თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენა, რითაც კლიენტებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ეს „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ მხოლოდ ერთი შვილობილი კომპანიის საქმეა. საერთო ჯამში კი საუბარია მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე.

„ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კლიენტები მოითხოვენ, რომ კომპანიის მფლობელებმა მათ კომპენსაცია პირადი ქონებიდან გადაუხადონ, მაგრამ რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, ის და მისი დის ოჯახი არ ფლობენ არანაირ სხვა ქონებას, გარდა იმ ქონებისა, რომელსაც ამჟამად „დექსუსი“ მართავს. თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში რუსუდან კერვალიშვილისა და ვახტანგ რჩეულიშვილის ქონებრივ დეკლარაციებზეა საუბარი, რომელთა მიხედვით, ისინი როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ძვირფასი ნივთების სახით, საკმაოდ სოლიდურ ქონებას ფლობენ. კვლევაში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მაგალითი, რომლის დამფუძნებელსაც შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მას 800 000 ლარს ედავებოდნენ. „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მილიონობით არამიზნობრივად გახარჯულ თანხებზეა საუბარი და მიუხედავად ამისა, მისი მესვეურების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, რადგან ისინი წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირები იყვნენ და გარკვეულ პერიოდში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზეც მუშაობდნენ. კერძოდ, ვახტანგ რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი 1994-2004 და 2008-2012 წლების საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იყვნენ.

და ბოლოს, როგორც ცნობილია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლის შედეგად, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ საქმის გამოძიება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. კერძოდ, 2012 წლის 7 ნოემბერს ახალი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დაზარალებულ კლიენტებს შეხვდა და დაპირდა მათ, რომ მათი საქმის შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.