კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ქიტოშვილი ადასტურებს, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის „ჯეოსელის“ გახმაურებულ საქმეზე ოქრუაშვილისა და მისივე თავის წინააღმდეგ ჩვენება მისი და ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მიაცემინეს.
„ამასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას უკვე მივმართე. ასევე ვაპირებ, რომ სასამართლოს მივმართო. ჩვენება, რომელიც თავის დროზე საკუთარი თავისა და სხვა პირების წინააღმდეგ მივეცი, მიცემული იყო ძალადობით, ზეწოლით, მუქარითა და ა.შ. ამას ახორციელებდა გენერალური პროკურატურის, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალი თანამდებობის პირები“, - აღნიშნა ტელეკომპანიასთან საუბარში ქიტოშვილმა.
5 წლის წინ ქიტოშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ „ჯეოსელის“ ერთ-ერთი მეწილე ჯემალ სვანიძისგან ირაკლი ოქრუაშვილი, მისი დახმარებით, კომპანიის 2,5 %-ის გადაფორმებას 250 ათასი დოლარის სანაცვლოდ, მუქარით მოითხოვდა. სწორედ ქიტოშვილი იყო ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, ამჟამად ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით არის აღძრული. ესენია უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა, ქრთამის აღება, სამსახურებრივი გულგრილობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ ოქრუაშვილს 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას და ამ გზით ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებდა. სამსახურებრივი გულგრილობა ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება და ბრალდების ამ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ მან სამინისტროსთვის შეიძინა იარაღი, რომელიც გამოსაყენებლად უვარგისი იყო. ქრთამის აღების ეპიზოდი „თელასის“ აქციებს უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, დიმიტრი ქიტოშვილმა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის რანგში, ”ჯეოსელის” აქციონერი ჯემალ სვანიძე აიძულა მინიმალურ ფასად 250 ათას დოლარად დაეთმო კომპანია ”არტის” წარმომადგენელ გურამ გოგუასთვის 2,6%-იანი წილი, რომლის რეალური ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარს აღწევდა. ოქრუაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება ამ გამოძალვის ფაქტს უკავშირდება. სწორედ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით 2008 წლის 28 მარტის განაჩენით აქვს ოქრუაშვილს 11 წლიანი პატიმრობა შეფარდებული. დაბოლოს, ოქრუაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მეოთხე ეპიზოდს, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ეხება და რომელსაც ფინანსური პოლიცია იძიებს, ადვოკატები ჯერ არ გასცნობიან, რადგან უბრალოდ ამის საშუალება არ მიეცათ.
დიმიტრი ქიტოშვილის აღიარება ოქრუაშვილის საქმეს „ჯეოსელის“ აქციებთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდების ნაწილში პრაქტიკულად თავდაყირა აყენებს. ქიტოშვილი ამბობს, რომ მზად არის სიმართლე სასამართლოზეც დაადასტუროს. For.ge ქიტოშვილს ესაუბრა.
დიმიტრი ქიტოშვილი: „საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართე და მოვითხოვე ზეწოლის, მუქარისა და ჩვენების მიცემის იძულების თაობაზე გამოძიება დაიწყოს. მინდა გითხრათ, რომ ის გარიგება, რომელიც თავის დროზე გურამ გოგუასა და ჯემალ სვანიძეს შორის „ჯეოსელის“ წილის გადაცემის თაობაზე გაფორმდა, აბსოლუტურად კანონიერი და სამართლიანი გახლდათ. არანაირი დაფარული ტექსტი იქ არ იყო, მაგრამ ვინაიდან გოგუა გახლდათ ჩემი კარგი ნაცნობი და ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი, გადაწყვიტეს ეს გარემოება ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით გამოეყენებინათ. მოხდა ჩემი და გოგუას დაკავება და მოგვთხოვეს, ჩვენება მიგვეცა იმის თაობაზე, რომ ვითომ მე და ოქრუაშვილმა აღნიშნული წილი ჯემალ სვანიძეს გამოვძალეთ და შემდეგ ეს წილი ფიქტიურად გოგუას სახელზე გაფორმდა. რა თქმა უნდა, ასეთი ჩვენების მიცემაზე მეც და გოგუამაც უარი განვაცხადეთ და ჩვენება მივეცით იმის თაობაზე, თუ სინამდვილეში ეს ყველაფერი როგორ მოხდა. ამის შემდეგ მოხდა ჩვენი დაპატიმრება და სხვადასხვა სახის ზეწოლა დაიწყო. ეს იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და ა.შ. ამიტომ რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენ უკვე განსხვავებული, იძულებით გამოძალული ჩვენება მივეცით, რომელიც პრინციპში, სამართალდამცავების მიერ იყო შეთითხნილი. ამ ჩვენებით თითქოსდა ჩვენი და სხვა პირების ბრალეულობას ვადასტურებდით.
აქედან გამომდინარე, დღეს, როდესაც საშუალება მომეცა, მივმართე მთავარ პროკურატურას და სასამართლოს, რათა ამ ყველაფრის გამოძიება მოხდეს და სიმართლე დადგინდეს.
ბატონო დიმიტრი, თქვენ იყავით ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ
- დიახ, ისევე, როგორც საკუთარი თავის წინააღმდეგაც
დღეს თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ჩვენება, რომელიც ბრალდებამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა, იძულების შედეგად იყო მიღებული. გამოდის, რომ ოქრუაშვილის ბრალდების ეს ნაწილიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოქრუაშვილს ამასთან დაკავშირებით ისედაც სააპელაციო საჩივარი ჰქონდა სასამართლოში შეტანილი (აპელაციაში საჩივრის შეტანის საშუალება მას აქამდე არ მიეცა, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა) და ალბათ ამასთან დაკავშირებითაც სასამართლო სხდომა გაიმართება.
თქვენ ამბობთ, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად თქვენზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. იქნებ ცოტა უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, კონკრეტულად ვისი მხრიდან ხორციელდებოდა ეს ზეწოლა?
- დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან ჯობია ამასთან დაკავშირებით დეტალური ჩვენება სასამართლოს და გამოძიებას მივცე. თუმცა გეტყვით, რომ ესენი იყვნენ გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები.
ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვთ?
- მე ვითხოვ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრას საქმე და შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება ამ საქმეში.
აქამდე თუ გქონიათ მცდელობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგემართათ?
- ლოგიკურია, რომ აქამდე ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან მთავარი პროკურატურა თავისივე მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავდა. ახლა კი იმედი მაქვს, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება.“