ჩინეთის ქალაქ უხანში კარანტინის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ კორონავირუსის პირველი ახალი კლასტერი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უხანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა ინფიცირებული ერთი საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეა. ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი 89 წლის მამაკაცის მეუღლეა, რომელსაც კორონავირუსი წინა დღით დაუდასტურდა. ეს 3 აპრილის შემდეგ ქალაქში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო.
უხანის შემთხვევების ჩათვლით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება სულ 17 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 28 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ შემთხვევებიდან შვიდი იმპორტირებულია.
ამასთან, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გირინის პროვინციის ქალაქ შულანში გასული კვირის ბოლოს კარანტინი გამოცხადდა, მას შემდეგ რაც ქალაქში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა.