საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლებისთვის გაუგებარია, ვის ინტერესებში შედიოდა დიღმის ტერიტორიაზე წმინდა ნინოს მემორიალის შემოგარენში საძმო სასაფლაო „გმირთა სავანე“-სთვის გამოყოფილი მიწის 3459 კვ.მ. მიწის ჩამოჭრა, მაშინ, როცა შესაბამისი დადგენილებებით, აღნიშნული ტერიტორია აფხაზეთიდან მოგვიანებით გადმოსვენებული გმირების დასაკრძალად იყო განკუთვნილი.
უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მშობლებისთვის ეს ადგილი თავისებური სიმწრის გორაა, სადაც სამი ნაკვეთი უკვე ათვისებულია და იქ სოხუმიდან, ბაბუშერადან და ოჩამჩირიდან ჩამოსვენებული გმირები არიან დაკრძალულნი. გაგრაში დაღუპულთა მიწის ნაკვეთი კი აღდგომის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოს ფარგლებში აღმოჩნდა და ამ ადგილას ეკლესიასა და ძმათა სასაფლაოს შორის ყრუ გალავანი აიგო.
აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლები არანაირად არ ეწინააღმდეგებიან ეკლესიის აშენებას, თუმცა მიიჩნევენ, რომ დაუშვებელი იყო დიღმის ტერიტორიაზე ე.წ. გაგრის საფლავის მონაკვეთის ვიღაცისთვის გადაცემა ისე, რომ მათთვის, როგორც მიწის მეპატრონეებისთვის, არაფერი ეკითხათ. მათთვის გაუგებარია ამ ადგილზე ეკლესიის ღობის აშენება, მაშინ, როცა მათ არწმუნებდნენ, რომ ეკლესია აფხაზეთში დაღუპულთა სულის საოხად შენდებოდა.
მშობლების აზრით, 2007 წელს თბილისის მერიის რომელიღაც ჩინოვნიკმა ჩათვალა, რომ ამ მიწის ნაკვეთის გასხვისება მეპატრონეებისგან დამოუკიდებლად შეიძლებოდა.
ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლები ამ უკანონობის მიღმა გიგი უგულავას მოიაზრებენ, რომელიც თავიდან უარყოფდა მიწის ნაკვეთის გასხვისებას, მაშინ, როცა ეს ნაკვეთი უკვე გასხვისებული იყო. ამდენად, დაზარალებული მშობლები საქმის გასარკვევად პროკურატურისთვის მიმართვას აპირებენ.
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა. საერთო ტკივილით მოცული მშობლები 1993 წელს გაერთიანდნენ და შექმნეს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი „მოლოდინი“. ფონდის მიზანი იყო, საკუთარი ძალებით მოეძიებინა ინფორმაცია დაკარგულების შესახებ და გარდაცვლილების ნეშტის გადმოსვენებაზე ეზრუნა.
1996 წელს ფონდ „მოლოდინში“ გაერთიანებულ მშობელთა მცდელობით შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რამაც შესაძლებელი გახადა იმ დროისთვის მოძიებულ დაღუპულ მებრძოლთა ნეშტების გადმოსვენება. გაიხსნა დიღმის ძმათა სასაფლაო „სავანე“, სადაც დაიკრძალა გადმოსვენებული ცხედრები.
2003 წლის 30 აგვისტოს „მოლოდინის“ ძალისხმევით გაიხსნა მუზეუმი, სადაც დაცული იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, მებრძოლების ცხოვრების ამსახველი მასალები. აქ ხშირად იკრიბებოდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, თუმცა, სამწუხაროდ, მუზეუმი დღეს დანგრეულია.
„ამ ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მემორიალური სასაფლაო უნდა ყოფილიყო, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 7 თებერვლის მე-60 დადგენილების საფუძველზე (ფაცაციასა და შევარდნაძის დროინდელი დადგენილებებით) ვფლობდით. სწორედ ამიტომ გავასუფთავეთ აღნიშნული ტერიტორია, შევადგინეთ გეგმა, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთის ერთი მონაკვეთი უნდა ყოფილიყო გაგრის, მეორე - სოხუმის, მესამე - ბაბუშერის გმირებისთვის, რომლებსაც იქიდან ჩამოვასვენებდით და დავასაფლავებდით. ვის ჩამოსვენებასაც ვერ შევძლებდით, მათთვის მემორიალური სასაფლაო უნდა გაკეთებულიყო. ეს უნდა ყოფილიყო დაკარგულთა საფლავი.
მართლაც, მებრძოლთა ნეშტები მოვიძიეთ და დავასაფლავეთ. ომის შემდეგ ჩვენი ხელით გადმოვასვენეთ ეს მებრძოლები, ძმათა სასაფლაოზევე აშენდა მუზეუმი, სამლოცველო, მაგრამ შემდეგ დაინგრა ერთიც და მეორეც. როგორც ჩანს, ვიღაცის ინტერესი იყო. ჩვენ არც კი გვითხრეს, ისეთნაირად შეადგინეს საკადასტრო რუკა და მიწის ნაწილი ჩამოგვაჭრეს. მანამდე კი ეკონომიკის სამინისტრომ გასცა ნებართვა, რომ აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის ვიღაც კერძო პირს, თუმცა ვის ეკუთვნის, არ წერია“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ნინელი ანდრიაძე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების საქველმოქმედო ფონდ „მოლოდინის“ დამფუძნებელი.
ამის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მშობლებმა იჩივლეს საქართველოს პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან. თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ 2008 წლის 18 ნოემბერს გიგი უგულავას მისწერა წერილი, საქმის ვითარებით დაინტერესდა და იკითხა, ნამდვილად დაგეგმილი ჰქონდა თუ არა თბილისის მერიას დიღომში მდებარე ძმათა სასაფლაოს გაყიდვა-გასხვისება?! გიგი უგულავა 2008 წლის 1-ელ დეკემბერს დავით ბაქრაძეს პასუხობს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისება დღის წესრიგშიც არ დგას:
„თქვენი 2008 წლის 18 ნოემბრის მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაქტი, თითქოსდა მერიას დაგეგმილი აქვს დიღმის „ძმათა სასაფლაოს“ გაყიდვა-გასხვისება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მეტიც – აღნიშნული საკითხი საერთოდ არ დასმულა დღის წესრიგში“.
ამ დროს, ჯერ კიდევ, 2008 წლის 29 სექტემბერს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო-მეთოდურმა საბჭომ განიხილა და შეითანხმა დიღმის ძმათა სასაფლაოზე ასაშენებელი ეკლესიის პროექტი (ავტ. დ.სვანიძე), რომელსაც ხელს აწერს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ მემორიალური სასაფლაოს პატრონებს არაფერი შეატყობინეს.
„დააკვირდით თარიღებს. უგულავა აცხადებს, არ გასხვისდებაო, ამ დროს კი, წინა რიცხვით უკვე გაცემული აქვს ნებართვა. უფრო მეტიც – ეს საკითხი განიხილა საპატრიარქოს სამხატვრო საბჭომ, რომ იქ უნდა აშენდეს ეკლესია და ეს ტერიტორია მათ სჭირდებათ. ეკონომიკის სამინისტროსაც გაცემული ჰქონდა ნებართვა, თუმცა რის საფუძველზე, ვისი მითითებით გაიცა ეს ბრძანებები, ჩვენ არ ვიცით. ამდენად, ჩვენი პრეტენზიები ჯერჯერობით მერიის მიმართაა. თუ ამაზე რეაგირება არ მოხდება, მივმართავთ პროკურატურას, რამდენადაც არ არსებობს არანაირი ბრძანება დანგრევის შესახებ.
ან აშენება რა დაჯდა და რა დაიხარჯა, სად წავიდა, ან როგორ ჩამოიწერა ეს თანხები, ასე წყალში იყრებოდა თანხები? დანგრევასაც თავისი თანხები სჭირდება. თანაც, სამლოცველო იყო ბოლნისის ქვით მოპირკეთებული, ვიტრაჟები ჩასმული იყო ძვირადღირებული შუშით. ამხელა თანხები სად წავიდა, სად გაფორმდა? მე თანხები არ მაინტერესებს, კონტროლის პალატამ მოკითხოს პასუხი, თუ სად არის გახარჯული თანხები. ფაქტია, რომ ჩვენს მიერ აგებული შენობები დანგრეულია და იქ ახლა „ჰერმესია“ აშენებული. ვისი ბრძანებით და რის საფუძველზე აშენდა „ჰერმესი?!“ - კითხულობს ნინელი ანდრიაძე.
მისივე თქმით, ეკლესიის აშენების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა ისინი აპროტესტებენ, რომ ძმათა სასაფლაოზე ღობე ააშენეს, მაშინ, როცა არსად იყო ნათქვამი, რომ სამმეტრიანი ყრუ კედლის აშენებას აპირებდნენ და მხოლოდ დაბალი ათსანტიმეტრიანი რკინის გამჭვირვალე ფილიგრანული ღობის აშენების პირობას იძლეოდნენ, რომელიც იქაურობას არც კი შეეტყობოდა. უფრო მეტიც – უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მშობლებს არწმუნებდნენ, რომ მარტო ეკლესია აშენდებოდა და ეკლესია ერთიანობაში იქნებოდა ამ ბიჭების საფლავებთან. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეკლესია ძმათა სასაფლაოსგან გამოყვეს, შემდეგ კი სენაკებიც მიაშენეს მაშინ, როცა სენაკები, დაპირებისამებრ, სრულიად სხვა მიმართულებით უნდა აშენებულიყო. ამის შემდეგ კი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლებს წერილი მისწერეს, ეკლესიაში მომლოცველი რომ შევა, საფლავებს რატომ უნდა შეხედოს ან ჯვარს რომ დაიწერს, საფლავებზე გამოვიდესო?! დაკარგულთა მშობლებს კი მიაჩნიათ, რომ, პირიქით, როგორც წესი, ჯვარდაწერილები სწორედ გმირთა საფლავებზე მიდიან და ფიცს დებენ, რომ ერთგული ოჯახები ექნებათ და გაზრდიან სამშობლოსთვის ერთგულ შვილებს.
ამის შემდეგ მშობლებმა წერილი მისწერეს პატრიარქს, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ მათ მიერ დაწერილი წერილი პატრიარქამდე არ მისულა კანცელარიის უფროსის იოანეს გამო. ამიტომ 2010 წლის 6 დეკემბერს ფონდ „მოლოდინის“ სახელით მშობლებმა განმეორებით მიუტანეს წერილი იოანეს, თუმცა ამაზეც არ გასცეს პასუხი. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი წერილები იბლოკება საპატრიარქოში და პატრიარქმა ამის შესახებ არაფერი იცის.
რაც შეეხება პატრიარქისადმი მიწერილ წერილს, თავის დროზე მშობლები ითხოვდნენ, რომ საპატრიარქოს საკუთარი პატრონაჟის ქვეშ აეღო ქართველ მეომართა მემორიალური სასაფლაო, რათა წმინდა ეკლესიის, მამულის, ენისა და სარწმუნოებისთვის თავშეწირული მეომრების საფლავებსა და აღდგომის სახელობის მშენებარე ეკლესიას შორის არ აღმართულიყო არანაირი გამყოფი ზღუდე და მტერსა და მოყვარეს დაენახა, რომ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები სათანადოდ იყვნენ დაფასებულნი.
პატრიარქისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ:
„საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიების სახელმწიფო კომისიის მოთხოვნით საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 7 თებერვლის №60 დადგენილებით ქ. თბილისში დიღმის ტერიტორიაზე წმინდა ნინოს მემორიალის შემოგარენში საძმო სასაფლაო „გმირთა სავანე“-სთვის ტერიტორიის გამოყოფას, რასაც თბილისის მერიამ დადებითად უპასუხა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო კომისიას, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, შპს. „ჰერმესის“ განკარგულებაში გამოგვიყო მიწის ნაკვეთი. გამოიყო კომისია არქიტექტორების, მშენებლების, ფინანსისტების შემადგენლობით, სადაც საპატრიარქოდან ჩართული იყო მამა არჩილ მინდიაშვილი და მშენებლობის სამინისტროდან - მერაბ ჩხენკელი. შედგა პროექტი (ავტორი-არქიტექტორი პავლე ძინძიბაძე).
აფხაზურ მხარესთან ინტენსიური მოლაპარაკებების და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გადმოსვენდა 165 მებრძოლი. პროექტით, საძმო სასაფლაოს ტერიტორია დაიყო ნაკვეთებად, თუ რომელ ნაკვეთში საიდან ჩამოსვენებული მებრძოლი უნდა დასაფლავებულიყო. ამ ნაკვეთებიდან ათვისებულია სამი: სოხუმის, ბაბუშერას და ოჩამჩირის ნაკვეთები. გაგრაში დაღუპულთა ნაკვეთი კი მოხვდა აღდგომის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში. 2007 წელს მერიის რომელიღაც ჩინოვნიკმა ჩათვალა, რომ მაინც ვერ ჩამოასვენებენ ამდენ ბიჭებს თუ რა... არ ვიცით, რა მიზნით ჩამოგვაჭრა მიწა. როგორც ჩანს, ამავე წელს მერიამ დაამტკიცა შემცირებული სახით მემორიალური სასაფლაო.
საჩივრით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, რომელმაც ქალაქის მერს ჩვენი საჩივრის საფუძველზე გაუგზავნა შეკითხვა, რაზეც გიგი უგულავამ უარყო ნაკვეთების ჩამოჭრის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არც კი დამდგარა. დღეს კი ფაქტის წინაშე დაგვაყენეს და მშენებარე ეკლესიას, ისევ, ვითომ გაუქმებული 2007 წლის პროექტის საფუძველზე (რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გაკეთდა), გაგრაში დაღუპულთათვის გამოყოფილი ნაკვეთი ეკლესიის ეზოს მიუერთეს, ტრანშეა გაჭრეს და ძმათა სასაფლაოს ერთი მესამედი დაგვიტოვეს, სადაც გაგრიდან ჩამოსვენებული ბიჭების საფლავებისთვის ადგილი აღარ არის, მაინც ვერ ჩამოასვენებთო. ავიწყდებათ, რომ ეს სასაფლაო მემორიალურია და, თუ ვერ ჩამოვასვენებთ (ესეც ხელისუფლების ბრალია), ჩვენი შვილების სახელზე დადგმულ ქვასთან მაინც მივალთ და იქ ვესაუბრებით მათ სულებს. ეს ჩვენი „სიმწრის გორაა“.
ნინელი ანდრიაძე აცხადებს, რომ სწორედ ვიღაცის ინტერესებს შეეწირა საძმო სასაფლაო, სადაც დაანგრიეს სამლოცველო, რომელიც თავის დროზე ისევ საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით იყო აშენებული, მამა არჩილ მინდიაშვილისა და ქაშუეთის ეკლესიაში მოღვაწე მამა ელიზბარის უშუალო მონაწილეობით. ამასთან, მისთვის, ისევე, როგორც სხვა მშობლებისთვის, გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი, ეკლესიისთვის გაკეთებულიყო შიდა მესერი. ეს ხომ ძმათა სასაფლაოა, სასაფლაოზე აშენებული ეკლესიები კი, თუ ისინი მესერის შიგნითაა აგებული, არ არიან გამოყოფილი დამატებითი შიდა მესრით. ამის მაგალითია კუკიაზე - წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია; საბურთალოზე - ძმათა სასაფლაოზე აშენებული ეკლესია, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე აშენებული ეკლესია. ამდენად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლებს აინტერესებთ, რა დააშავეს საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობისთვის გაგრის ბრძოლებში გმირულად დაღუპულმა ბიჭებმა, რომ მათ სახელზე საქართველოში, თბილისში, სამთავრობო დადგენილებით გამოყოფილ საძმო სასაფლაოზე, მათი გადმოსვენებისთვის გამოყოფილ ადგილს ართმევენ ისე, რომ წინა დადგენილებები არავის გაუუქმებია.
„ნუთუ ეს გმირი ბიჭები კანონგარეშედ გამოაცხადა საზოგადოებამ? რა დავაშავეთ, რომ უსამარო შვილები ახლა ხელახლა მოგვიკლან და სასაფლაოს გარეშე დაგვიტოვონ, სადღაა წინაპართა საფლავების, გმირთა საფლავების მიმართ კდემა და მოწიწება“, - აცხადებს ნინელი ანდრიაძე.
ამის მიუხედავად, იგი მადლიერია „ჰერმესის“ დირექტორისა და მოადგილის, რომლებიც მათ გვერდში უდგანან. დანგრეული მუზეუმის სანაცვლოდ, „ჰერმესის“ შენობაში გამოყოფილ 105 კვ.მ. დარბაზში მაინც გაიხსნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მუზეუმი, სადაც ომის შესახებ შეგროვილი მასალები განთავსდა. აქ თავმოყრილია მასალები საბრძოლო მოქმედებების, რუსული ოკუპაციის შესახებ, თუ როგორი სიმწრით გარბოდნენ ლტოლვილები, რა ბრძანებები გაიცემოდა და, როგორ ულუკმაპუროდ იბრძოდნენ ბიჭები, რომლებიც ფსიქოლოგიურად დაავადდნენ. მაღლობებს ან დასახლებულ პუნქტებს აიღებდნენ და ამ დროს კი სიტყვიერი ბრძანება გაიცემოდა უკან დაბრუნების თაობაზე. საამისო ვიდეომასალები არსებობს.