ახალი ეტაპი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, თუ „ჟენევა2“?

ახალი ეტაპი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, თუ „ჟენევა2“?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიმდინარე კვირას ევროპის ერთ-ერთ ქალაქში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს შეხვდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერეციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

„ეს იქნება ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. ჩვენ მისგან კონკრეტულ შედეგს არ ველით, თუმცა, თავად ის ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრა იმართება, უკვე დადებითია“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას. დავამყარებთ მასთან კონტაქტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რაღაცას გაარკვევს“, - აღნიშნა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსული მხარე პრინციპში მზად არის განიხილოს რეგულარული ავიამიმოსვლის საკითხიც. 

„ცოტამ თუ იცის, რომ რამდენიმე წელია უკვე აღდგენილია ჩარტერული ავიამიმოსვლა. ცოტა ხნის წინ ასეთი რეისები გაიზარდა კიდეც“, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი მზადაა აღდგეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში შეტანა და აღნიშნა, რომ არ უნდა დავივიწყოთ, საქართველოში ელექტროენერგია რუსული კომპანიის მონაწილეობით რომ შედის.

მოგვიანებით, განცხადება თავად ზურაბ აბაშიძემაც გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში წინ გადადგმულ ნაბიჯად რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გადახედვას მიიჩნევს. მისი თქმით, ასევე სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება პირდაპირი დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.

„ეს არის ელემენტარული ნაბიჯები, რაც ყველას წაადგება. თუმცა დღის წესრიგში ჩვენ რუსეთთან განსახილველი ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს და მოგვიანებით მოლაპარაკებების პროცესში რთული თემების განხილვაც მოგვიწევს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია რუსული მხარის განცხადებაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და რეგულარული რეისების აღდგენის შესახებ, თუმცა საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც მოსკოვს მეზობლებთან და მათ შორის, საქართველოსთან ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ავალდებულებს.

„ამ მოლაპარაკებების პროცესს და ინიციატივას მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდება ძირითადი საორგანიზაციო ტექნიკური საკითხები, მათ შორის დიალოგის გაგრძელებასა და პერიოდულობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა აბაშიძემ.

მასთან, როგორც სპეციალურ წარმომადგენელთან საუბარს მიესალმება რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი. ამის შესახებ განცხადება მან რუსული მედიისთვის გააკეთა. შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კარასინს შეხვდება ამ კვირაში ზურაბ აბაშიძე.

„მეც არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარე კვირაში შედგება. აბაშიძე არ არის საქართველოს დელეგაციის წევრი ჟენევის დისკუსიებში, არამედ ის არის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში და ამ რანგში ჩვენ მივესალმებით მასთან საუბარს“, - განაცხადა კარასინმა.

რას ნიშნავს ლავროვის და საერთოდ რუსული მხარის პოზიცია და რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრიდან, რომელსაც სავარაუდოდ სხვა შეხვედრებიც მოჰყვება. ამასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვანაირი მოსაზრებები არსებობს.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ეიფორიის ტყვეობაში არ უნდა მოვექცეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჟენევაში რაღაც გარღვევა მოხდება, მაგრამ ის, რომ პროცესი დაიწყო, უკვე იმედის მომცემია. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა წინაპირობებს წამოაყენებს რუსული მხარე.

„მოგეხსენებათ, ჩვენი მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრის, ანუ მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის მხრიდან კი ეს საქმე თავის თავზე საგარეო უწყებამ აიღო. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ რუსეთი პოლიტიკური ჭრილში წინაპირობებს წამოაყენებს. წინასწარ, ჯერჯერობით, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, დანარჩენზე შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ“, - აღნიშნავს სოსო ცინცაძე.

რუსეთის მხრიდან დიალოგის დაწყების მზაობას იგი დადებითად აფასებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ეს ხანრგძლივი და რთული დიალოგი იქნება. ამასთანავე სოსო ცინცაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს მოლაპარაკება ჟენევის ფორმატს არ დაემსგავსება და „ჟენევა2“-ად არ იქცევა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ შეფასებისას მთავარი ზომიერებაა, რადგან არც ის არის საჭირო, რომ ზედმეტად დიდი შეფასება მივცეთ ამ ფაქტს და არც ის იქნება სწორი, მივიჩნიოთ, თითქოს არაფერი ხდება. ექსპერტი ამბობს, რომ ეს უდავოდ ახალი მოვლენაა, ყინული გალღვა და ახლა უნდა ვნახოთ, ეს ერთი მერცხალი მოიყვანს თუ არა გაზაფხულს. საყვარელიძის თქმით, რუსეთთან პრეტენზიები ბევრი მიმართულებით გვაქვს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ უნდა დარეგულირდეს, მაგრამ ყველა მიმართულებით წამოვა თუ არა რუსეთი პარტნიორობაზე, კითხვა სწორედ აქ ჩნდება.

„რაც ლავროვმა თქვა, ანუ, ძირითადი მიმართულებები (ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, ასევე ავიამიმოსვლა) ალბათ, სწორედ პირველი ეტაპის თემა იქნება. უფრო სერიოზულ თემებზე უფრო დიდი ხნის შემდეგ მოგვიწევს ურთიერთობა. ასევე სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ჩვენგან ოკუპაციის კანონის შეცვლას, ან გაუქმებას მოითხოვს. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს პოზიციის შემუშავება მოუწევს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ როგორც ჩანს, მრავალთვიანი დუმილის შემდეგ რუსეთის მთავრობამ საკუთარ თავში იპოვა ძალა, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოეხატა და ასეთი შეხვედრისთვის მზაობა გამოაცხადა. ექსპერტის თქმით, რუსეთისთვის ეს მარტივი არ იყო, რადგან რუსეთის ფედერაციის მესვეურები ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე საქართველოსთან უბრობის მიზეზად ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ფიგურა ჰქონდათ.

„მთავარია, ასეთი შეხვედრის მიმართ რაიმე ზედმეტი მოლოდინებით არ აღვიჭურვოთ. რასაკვირველია, ეს პოზიტიური ნაბიჯია იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რასაც ქართულ - რუსულ ურთიერთობათა ნორმალიზაცია ჰქვია, მაგრამ პირველი შეხვედრა არ უნდა გახდეს რაიმე იმედგაცრუების საფუძველი. უნდა ვაცნობიერებდეთ ამ პირველი შეხვედრის ფორმატში ჩართული ადამიანების შესაძლებლობებს. თავისთავად დადებითია ის ფაქტი, რომ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს ამ შეხვედრაზე ერთმანეთის გაცნობა არ მოუწევთ“, - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ამიტომ ამ შემხვედრის ფორმალური მხარე ხანგრძლივი არ იქნება და შინაარსზე საუბარი არა მხოლოდ ოფიციალური პოზიციებიდან, არამედ პიროვნული ურთიერთობების გათვალისწინებითაც იქნება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მხარეებს ამ შეხვედრისთვის, ალბათ, რაიმე ასე ვთქვათ, საშინაო ნამუშევარი გააჩნიათ და ერთმანეთისთვის შემხვედრი წინადადებების წამოყენებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთერთობებთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გაკეთდა. აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა, ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა, რუსეთის მოკავშირე გახდეს, თუმცა ეს მას აშშ-სთან მეგობრობის ფასად დაუჯდება.

„საქართველო რუსეთთან ალიანსის შესაძლო კანდიდატი ხდება, რაც მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ბზეჟინსკიმ ევრაზიის კავშირის სავარაუდო წევრებზე საუბრისას.

სოსო ცინცაძე მისი განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ მართალია დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას გვირჩევს, მაგრამ ეს გარკვეული წითელი ხაზების ფარგლებში უნდა მოხდეს. კერძოდ, საგარეო-პოლიტიკური კურსი შეცვლას არ უნდა დაექვემდებაროს.

„როგორც ჩანს, ბზეჟინსკი მაინს ფრთხილობს. რუსეთთან მისი ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს გასაგებია“, - აღნიშნავს ექსპერტი.

რამაც საყვარელიძე აცხადებს, რომ ბზეჟინსკის ამ შეფასებამ მას ყური მოსჭრა, რადგან თვითონ ამერიკული მხარე არაერთხელ მიგვითითებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩვენ უნდა დავარეგულიროთ და ამას ამერიკა მიესალმება.

„თავად ბზეჟინსკის ეკუთვნის მოსაზრება (რაც 2008 წლის პერიოდში გამოთქვა ომის თემაზე), რომ რაც უფრო დაიძაბება ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, მით უფრო გართულდება რუსეთ - საქართველოს ურთიერთობა. ამდენად, ის, რომ რუსეთ - საქართველოს ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთის კავშირზეა მიბმული, ეს ბზეჟინსკიმ ყველაზე უკეთესად იცის. ასე რომ, თუ რუსეთ - საქართველოს ურთიერთობა დარეგულირდება, ეს აუცილებლობით არ გულისხმობს დასავლეთსა და რუსეთის ურთერთობის დაძაბვას. პირიქით, იმ გადატვირთვის პოლიტიკას (რომელიც დღევანდელი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ხაზია) ქართულ - რუსული კონფრონტაცია უფრო უშლის ხელს და ამერიკას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე ისეთი ხაზი, რომლის შედეგადაც ქართულ-რუსული ურთიერთობიდან ამერიკას პრობლემები არ გაუჩნდებოდა. ასე რომ, ჩემთვის ბზეჟინსკის ეს პოციზია მისივე ლოგიკიდან გამომდინარე, გაუგებარია“, - ამბობს საყვარელიძე.

სოსო ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ევრაზიის კავშირის საფრთხე ხელისუფლების შეცვლამდე აქტუალური იყო. საუბარია იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც ექსპერტის თქმით, ვერ გაერკვია, საით იყო მისი სტრატეგიურლი ვექტორი მიმართული - ევროპისკენ, თუ აზიისკენ და შესაბამისად, დიდი ალბათობა იყო, რომ ამ გაუგებრობაში ევრაზიულ კავშირში აღმოვჩენილიყავით.

„ამჯერად ორიენტირები სრულიად მკაფიოა, ახალი ხელისუფლების მიერ არაერთხელ დადასტურებული და რაც მთავარია, ეს ორიენტირები საქართველოს მოსახლეობის მოლოდინებსა და სურვილებს ემთხვევა. ამდენად, ბატონი ბზეჟინსკის განცხადება უნდა აღვიქვათ უფრო პრევენციად, ვიდრე რაიმე ტიპის მუქარად, რადგან სრულიად ცხადია, რომ თუ საქართველო ევრაზიის კავშირში აღმოჩნდა, ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, - აცხადებს ექსპერტი.