საკონტროლო სალარო შესყიდვის დროს გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შემცირდება. ამ კუთხით ცვლილებები მზადდება, რასაც შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს მეწარმეებიც ძალიან ფრთხილობენ. 3-დღიანი კონტროლის შედეგად მხოლოდ 50-მდე კანონდარღვევა გამოვლინდა.
“გადასახადის შემცირების მიმართულებით მზადდება ცვლილებები. თქვენ იცით, რომ ახლა გადამხდელის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. სამომავლოდ თუ გადამხდელის დაჯარიმება მოხდება პირველად და თუ ის მიმართავს შემოსავლების სამსახურს, ჯარიმა 200 ლარით შეიცვლება. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკვე აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადდება ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სანქციების ოპტიმიზაციას გულისხმობს”, - აცხადებს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი.
იგი ასევე გამოეხმაურა ე.წ. ხოფას ბაზრობასა და ელიავას ბაზრობაზე თანამშრომლების გაფიცვას. მათ გააპროტესტეს საკონტროლო შესყიდვები და აქვთ მოთხოვნა საკონტროლო სალარო აპარატების გაუქმებასთან დაკავშირებით. “ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მათი გულისტკივილი, თუმცა მეორეს მხრივ, შემოსავლების სამსახური ვერ დაუშვებს ადმინისტრირების შესუსტებას. ვერ იარსებებს გაუმჭვირვალე თეთრი ლაქები, ანუ გაუკონტროლებელი მიმართულებები”, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხოფისა და ელიავას ბაზრობებზე სიმშვიდეა.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საკონტროლო შესყიდვები არის საგადასახადო კონტროლის მექანიზმი, რომელიც განკუთვნილია სალარო საკონტროლო აპარატების გამოყენების წესის გასაკონტროლებლად. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის მოტივირებული, რომ გამოვლინდეს სამართალდარღვევის მეტი შემთხვევა.
“პირიქით, მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ გააქტიურება ადმინისტრირების, ჩვენ შევატყობინეთ მედიის საშუალებით გადასახადის გადამხდელებს და ვამცნეთ მათ თარიღიც. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ - უკანონობა ჩვენი თანამშრომლების მიერ თითქმის გამორიცხულია. მზად ვართ, ყველა შენიშვნა მივიღოთ და ყველა განაცხადი განვიხილოთ.
არ ვართ ჩასაფრებული, არ ვართ ორიენტირებული რაც შეიძლება მეტი დარღვევის გამოვლენაზე. ჩვენი მიზანი პრევენციაა და არა ვინმეს დასჯა. სხვათა შორის, გადამხდელები უმეტეს შემთხვევაში ცდილობენ, საქმიანობა სწორად წარმართონ. პირველ სამ დღეში 2 ათასამდე ობიექტი შემოწმდა და მხოლოდ 50 სამართალდარღვევა გამოვლინდა”, - აცხადებს მოისწრაფიშვილი.
მცირე მეწარმეები კი კარგა ხანია ჩივიან, რომ 500 ლარი ჯარიმისთვის ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ ისინი საჯარიმო განაკვეთის შემცირებას პერმანენტულად ითხოვენ.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის თემურ კოპალეიშვილის განცხადებით, სალარო-აპარატებისა და ქვითრების პრობლემა დიდ საწარმოებში პრაქტიკულად არ დგას, ის ძირითადად ინდმეწარმეებსა და მცირე მეწარმეებს ეხება. თანაც ამ ფენას ძალიან აღიზიანებს, რომ დაბეგვრის რეჟიმი მათთვის მეტისმეტად მკაცრია.
“სასიხარულოა, რომ 500-ლარიანი ჯარიმის შემცირებაზე დაიწყეს ლაპარაკი. ჩვენთან ჯარიმები ისევე მაღალია, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მცირე მეწარმეებს შემოსავალიც მეტი აქვთ. ჩვენი მეწარმეების შემოსავალი კი იმდენად მწირია, რომ საჯარიმო სანქციები ნამდვილად შესამცირებელია”, - აცხადებს კოპალეიშვილი.
მისი აზრით, დაბალშემოსავლიან პირს ისეთი ჯარიმები არ უნდა დაეკისროს, რომ მან საერთოდ დაანებოს თავი მეწარმეობას. “საგადასახადო კულტურას მხოლოდ სიმკაცრე ვერ მოიტანს. ის თანდათან მკვიდრდება, მაგრამ არა საჯარიმო სანქციების წყალობით”, - აღნიშნავს კოპალეიშვილი.
ჯარიმა-სანქციების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაც და მზადაა, ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან კონსულტაციები აწარმოოს. . ასოციაცია ახლაც აგრძელებს მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ჯარიმები და სანქციები შემსუბუქდეს და სახელმწიფოს მხრიდანაც არის მზადყოფნა, რათა ბიზნესს მუშაობა გაუმარტივდეს და ამავე დროს, ჯარიმები დარღვევის ადეკვატური იყოს.
“ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, ასოციაცია მზადაა კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ მეწარმეს და მიაწოდოს ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნების თაობაზე. კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ასოციაცია ასევე მოუწოდებს მეწარმეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ყოველთვის გამოიყენონ სალარო აპარატი, რაც მათ დაჯარიმების საფრთხეს აარიდებს”, - აღნიშნულია მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის განცხადებაში.