ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს კორონავირუსის ეპიდემიაზე გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის ლიდერს ზეპირი შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც მას უპრეცედენტო ეპიდემიის წინააღმდეგ ომში გამარჯვება მიულოცა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია არ აზუსტებს, თუ როდის და რა ფორმით გადაეცა ჩინეთის ლიდერს აღნიშნული მესიჯი.
7 მაისს ჩინეთის ყველა რეგიონში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონემ იკლო. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხებში ეროვნულ კომიტეტში განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არ დარჩა რეგიონი, სადაც ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე საშუალო ან მაღალია.