ახალი მთავრობა შეინარჩუნებს კავშირებს დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს განამტკიცებს კავშირებს მოსკოვთანაც
ვაშინგტონი – საეტაპო არჩევნების შემდეგ საქართველოში მთავრობას იმის შესაძლებლობა მიეცა, რომ ხელისუფლების პირველი, წარმატებული კონსტიტუციური გადაცემა შემდგომი განვითარებისთვის გამოიყენოს. ქვეყანას წინ უამრავი გამოწვევა ელის, ამიტომ შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა გამოიყენოს კიდეც თავისი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, რათა დაეხმაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებას და მხარი დაუჭიროს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების სტრატეგიას.
1 ოქტომბერს მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც სათავეში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას. მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს ძალაუფლების კონსტიტუციური გადაცემის პირველი პრეცედენტია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები არც იდეალური იყო და არც კარგი, ახლად გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ძლევამოსილი და ფესვგადგმული „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება კონკურენტულ პოლიტიკურ ასპარეზობაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან საჯაროდ აღიარა მარცხი და ძალაუფლება გამარჯვებულს გადასცა, რაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძირეულ გარდატეხას წარმოადგენს კავკასიის რეგიონისთვის.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობას რთული მემკვიდრეობა დაუტოვა. თავისი მმართველობის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოდერნიზაციის რეფორმების სერია გაატარა: თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა წვრილმანი კორუფცია, ბიუროკრატიული აპარატი გაჯანსაღდა, ორგანიზებული დანაშაული შემცირდა, საჯარო მომსახურება მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გზები და ინფრასტრუქტურა განახლდა და ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდა. თუმცა რეფორმები ხანდახან სათანადო სამართლებრივ პროცედურებთან სრულ შესაბამისობაში არ მოდიოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მართვის თვითნებური სტილით, როგორც ჩანს, თავს კანონზე მაღლა აყენებდა. ეს თემა ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა, როდესაც ქვეყნის გაბერილი პენიტენციარული სისტემიდან აშკარად სისტემატური წამების მტკიცებულებამ გამოჟონა. იმ დროისთვის, როდესაც არჩევნები მოახლოვდა, „ნაციონალური მოძრაობა“ სულ უფრო კარგავდა კავშირს რეალობასთან და სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა უხეში საჯარო დისკურსით გატაცების ტენდენციას.
წინასაარჩევნო კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მარიონეტად წარმოაჩენდა, რასაც სასტიკად უარყოფდა „ქართული ოცნება“. შედეგად, ახალ მთავრობას სერიოზულად აკვირდებიან: მან უნდა დაამტკიცოს არა მხოლოდ ის, რომ შეუძლია დაეყრდნოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველ პრეცედენტს, არამედ ისიც, რომ ნამდვილად სანდო პარტნიორია დასავლეთისთვის და შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჭეშმარიტი კანდიდატია.
ჯერჯერობით, სიგნალები, რომლებიც თბილისიდან საგარეოპოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მოდის, პოზიტიურია. თბილისი არა მარტო შეინარჩუნებს თავის ისედაც მნიშვნელოვან წვლილს ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების სამხედრო ძალებში, არამედ ახალი მთავრობა გეგმავს თავისი 1500-იანი კონტინგენტის გაორმაგებას ჰელმანდის ურჩ პროვინციაში, იქ, სადაც ქართველი სამხედროები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად იბრძვიან.
პრემიერმინისტრი ივანიშვილი პირველი უცხოური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, მან დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან გამოხატა სურვილი იმისა, რომ დაჩქარდეს საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზების ლიბერალიზაციაზე.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ივანიშვილმა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების პირობა დადო. მართალია, რუსულ-ქართულ დაძაბულობაში ძირეულად ვერაფერი შეიცვლება, მაგრამ ორ ყოფილ მებრძოლ მხარეს შორის შესაძლებელია ურთიერთობათა ინტონაციის გამოსწორება მაინც. ის, რომ ახალი მთავრობა საგარეო პოლიტიკაში უფრო თავშეკავებულ მიდგომას ამჟღავნებს, ალბათ, რეზონანსს იქონიებს ევროპაშიც, რადგან ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს აშფოთებდა წინა მთავრობის კონფრონტაციული პოზიცია.
ახალი მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით კიდევ ბევრი კითხვაა დარჩენილი, თუმცა ჯერჯერობით ის ასრულებს თავის პირობას პროდასავლური ორიენტაციის შესახებ. როგორ და რამდენად ინტენსიური იქნება პროცესი, ბევრად არის დამოკიდებული აშშ-ის როლზე, იმაზე, თუ რამდენად დაეხმარება ის საქართველოს სანდო თავდაცვის სისტემის შექმნაში და რამდენად უხელმძღვანელებს საქართველოს ისეთ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, როგორიცაა ნატო.
ამდენად, აშშ-ის დახმარება და კონტროლი იმაზე, თუ როგორ ვითარდება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, გახდება რეალური ტესტი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში შექმნა დემოკრატიული განვითარების დიდი წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობა, გასაგებია ის შეშფოთება, რომელიც გაჩნდა პოსტსაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დაპატიმრებათა ტალღის გამო. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ღირს კომუნიკაცია ახალ მთავრობასთან.
მაგრამ, ამავე დროს, შეერთებული შტატები ფრთხილად უნდა იყოს, რათა ჩათრეული არ აღმოჩნდეს შიდა პოლიტიკურ კონკურენციაში ამჟამად ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. მიჩნეულია, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას საქართველოში ეპიდემიური ხასიათი ჰქონდა (ეს გახდა მთავარი მიზეზი „ქართული ოცნების“ სრული გამარჯვებისა), ამიტომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად მოქმედება ლეგიტიმურია იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ტრანსპარენტულობა, სამართლებრივი ნორმები და ადამიანთა უფლებების დაცვას დიდი ყურადღება ექცევა.
შეერთებულ შტატებს ყველაზე კარგად შეუძლია ამ პროცესის მონიტორინგი და წინა მთავრობის მიერ ჩადენილი თითოეული შეცდომის გამოსასწორებლად მან უნდა განსაკუთრებულად წაახალისოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს მშვიდობიანი არჩევნები დემოკრატიზაციის ნიმუშია სხვა ჰიბრიდული რეჟიმებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დარჩა გასაკეთებელი.
არჩევნებიდან ექვსი კვირა გავიდა, ახალმა მთავრობამ შინ და გარეთ მოქმედება იწყო და თბილისიდან ურთიერთგამომრიცხავი და დამაბნეველი სიგნალები მოდის. მაგრამ მეგობრის პოზიციიდან დასავლეთის უწყვეტმა ჩართულობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭეშმარიტ სვლას დემოკრატიზაციისკენ. იმ დროს, როდესაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი და პოლიტიკური განვითარება, არსებითად დინამიკური სამიზნეებია, საქართველოს ეკონომიკური განვითარება უნდა იქცეს აშშ-საქართველოს უშუალო თანამშრომლობის სფეროდ. ახალმა მთავრობამ მანდატი ძირითადად იმისთვის მიიღო, რომ განავითაროს ეკონომიკა და შეარბილოს სიღარიბე, ამიტომ ახალი მთავრობისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა აშშ-ის დახმარება საქართველოს გაპარტახებული სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის შესაძლებლობათა განახლებაში.
ამავე დროს, აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ ევროკავშირისა და საქართველოს მოლაპარაკებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ, არამედ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ-სა და საქართველოს შორის მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა განიხილოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განახლება ძალიან სასარგებლოა, ეს არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, თურქეთთან (თურქეთი ამჟამად საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია) ასეთივე ურთიერთობების ხარჯზე. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი – ახალმა მთავრობამ პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს კანონის უზენაესობა და შექმნას პროგნოზირებადი სტრუქტურული გარემო, რათა წაახალისოს უცხოელი ინვესტორები.
ახალ ქართულ მთავრობას ბევრი პრობლემა აქვს და აშშ-ს შეუძლია, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს. მას შეუძლია დაეხმაროს თბილისს ისეთი დიდი პრობლემების გადაწყვეტაში, როგორებიცაა ეკონომიკური განვითარება, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმა უნდა იმუშაოს ახალ მთავრობასთან თბილისში, რათა წაახალისოს კონსტრუქციული დამოკიდებულება წარსულის სავარაუდო დანაშაულებებისადმი. მართალია, წარსული მთავრობის მმართველობისას ჩადენილი დანაშაულებების აღნუსხვა გასაგები ამოცანაა, მაგრამ საქართველოს გრძელვადიანი გამოწვევები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე ზოგიერთების მიერ ჩადენილი დანაშაული და „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კაპიტალი შესაბამისად უნდა გამოიყენოს.
აშშ-საქართველოს მტკიცე კავშირებს წინა მთავრობამ ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ ახალ მთავრობას წარმატებული საპარლამენტო არჩევნებით შესაძლებლობა მიეცა, კიდევ უფრო მეტი მიიღოს და ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობა თანამშრომლობის ჭეშმარიტად ახალ საფეხურზე აიყვანოს. თუმცა საქართველომ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს, მან არ უნდა დაუშვას, რომ პოლიტიკამ დასავლურ დედაქალაქებთან ურთიერთობები გაუფუჭოს, უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ თავის პოლიტიკურ დღის წესრიგსა და ინსტიტუტებს საერთაშორისო ნდობა მოუპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელმა გაღიზიანებამ დაპატიმრებების გამო, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანა, ვაშინგტონსა და თბილისს უამრავი თანმხვედრი ინტერესი აქვთ და ამ ორმა ქვეყანამ ურთიერთობა ხშირი კონსულტაციებით და კოორდინაციით უნდა განამტკიცოს.
foreignpress.ge