შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები რომ გამოვრიცხოთ კიდეც, საქართველოს ახალ ხელისუფლებას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი - ის, რისთვისაც აირჩია ხალხმა და რაც ევალება ძალას, რომელსაც ხალხი ქვეყნის ბედს ანდობს. როგორც ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო საგარეო პოლიტიკის ის მიმართულებები და გამოწვევებია, რომელსაც თანაბარი შანსი აქვს იქცეს გამოწვევად, ან შანსად ქვეყნის განვითარებისა. ექსპერტი თვლის, რომ არის საკითხები, სადაც ძალზე დიდი წილი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე, კერძოდ, როგორ შეძლებს ხელისუფლება დიდი გეოპოლიტიკური პროექტების ქვეყნისთვის შანსად ქცევას და არა პირიქით - ამ პროექტებისგან რისკების მომრავლებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ძალზე ბევრი აქვს სამუშაო და კონცენტრაცია ხელისუფლებამ სწორედ ამაზე უნდა გააკეთოს. არის თემები, რომელიც ხშირად ყოველდღიური, სენსაციური ინფორმაციით არის გადაფარული, თუმცა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
რა მნიშვნელოვან საკითხებზე მოუწევს საქართველოს ახალ ხელისუფლებას სერიოზული მუშაობის ჩატარება ამ თემებზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც საგარეო და საშინაო საკითხებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე მიანიშნა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ სააკაშვილისთვის საგარეო ფაქტორი ბევრად მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად შეიძლება მოჰყვეს გაგრძელება ამ იდეას?
- სააკაშვილს რომ საგარეო პოლიტიკა აინტერესებს, ამაზე მოწმობს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, როდესაც მან, ფაქტობრივად, სერიოზული გაყოფა შესთავაზა პრემიერს, რაც გულისხმობდა, რომ შიდა სფეროებიდან „ხელს დავიბან“ და სამაგიეროდ, საგარეო პოლიტიკა დამითმეო.
ვფიქრობ, სააკაშვილის ამ შეთავაზების მიღმა ხომ არ იმალება დასავლეთის გარკვეული წრეების ინტერესიც იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის გაცილებით უფრო ცნობადი და მარტივი პარტნიორია სააკაშვილი და თუ ივანიშვილი ამ შეთავაზებაზე წავიდოდა, ერთი წლის განმავლობაში, მათთვის გაცილებით მარტივ პარტნიორთან ექნებოდათ ურთიერთობა.
იმედი მაქვს, რომ ეს შეთავაზების დონეზე დარჩება და იგივე დასავლეთისგან ამას დამატებით არაფერი მოჰყვება.
რამდენად მოსალოდნელია, რომ დასავლეთი ასე ღიად და აქტიურად ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში?
- დღეს დასავლეთს უნდა აფიქრებდეს და დარწმუნებული ვარ, მათთვის სასიამოვნო შედეგი არ იქნებოდა, რაც IRI-ს კვლევამ აჩვენა, როცა გამოკითხულთა 83%-მა სურვილი და მზაობა გამოთქვა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისა.
მაისში საქართველოში ჩამოსული საარჩევნო დამკვირვებლებისთვის მიწევდა ლექციების ჩატარება. ძალზე კვალიფიციური ხალხი იყო, იმაზე მეტადაც, ვიდრე ეს საარჩევნო პროცესს სჭირდებოდა. მათი მთავარი ინტერესი იყო, რამდენად შეიძლებოდა, საქართველოში რუსული პოლიტიკური ძალების აღზევება და ამისათვის ნიადაგი რამდენად არსებობდა საზოგადოებაში. მე მაშინ ვუთხარი,რომ ეს პირდაპირ იქნებოდა მიბმული არჩევნების შედეგზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ გაიგივებულია დასავლეთთან და თუ საქართველოს მოსახლეობა ჩათვლის, რომ არჩევნების შედეგი გაყალბდა, ის ამაში თანაბრად დაადანაშაულებს სააკაშვილს და დასავლეთს. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ძალზე სერიოზული იმედგაცრუება, რის შემდეგაც საზოგადოების დიდი ნაწილი დაიწყებდა გადანაცვლებას რუსეთისკენ.
ეს ფაქტორი, რომელზეც მათი წარმომადგენლები ამ საკითხით შეშფოთებას ღიად გამოთქვამდნენ, როგორც ჩანს, დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებშიც განიხილებოდა და ამანაც სერიოზულად იმოქმედა იმაზე, რომ დასავლეთმა უაპელაციოდ ცნო საქართველოს არჩევნების შედეგები. აღარაფერს ვამბობ სხვა პერიპეტიებზე, მთავარი, რაც ამას შედეგად მოჰყვებოდა, იქნებოდა სრული იმედგაცრუება დასავლეთის მიმართ.
არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის ინტერესები მათთვის თვალსაჩინო უნდა იყოს.
თუმცა, იგივე რუსეთთან ურთიერთობების დალაგება თავად დასავლეთის ინტერესებშიც შედის...
- როდესაც რუსეთთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემო, რაც საქართველოს გარშემოა შექმნილი. ანუ, მიუხედავად 5 წლის წინანდელი ოკუპაციისა, როცა საქართველოს მოსახლეობა მზად არის რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად, ამის საპასუხოდ რას ამბობს რუსეთი.
ჯერჯერობით, რუსეთის მხრიდან, ფაქტობრივად, ისევ ულტიმატუმების ენით მიდის საუბარი. განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა სერგეი მარკოვის კომენტარი, სადაც მან თქვა, რომ სააკაშვილს ივანიშვილი გაანეიტრალებს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვეში და ამის შემდეგ რუსეთი უკვე მზად იქნება საქართველოსთან ურთიერთობების გააქტიურებისთვის.
თუმცა, იმისთანა ულტიმატუმები დააყენეს, კარგად იციან, რომ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება თავისი ნებით არ წავა ამაზე. იგულისხმება, რომ ამით რუსეთი უარს აცხადებს საქართველოსთან ურთიერთობის განახლებაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის საბოლოო პოზიცია ასეთი იქნება.
რუსეთი ძალიან კარგად ხვდება, რა რეალობაა საქართველოში, რამდენად დიდი ინტერესი გადის რუსეთისა საქართველოზე და ისიც, რომ ასე იოლად არ შეელევა ამ ინტერესებს.
იმის გარდა, რაც უკვე მიიღო რუსეთმა, რა ინტერესები რჩება?
- საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა ყველაფერი, რაც უნდოდა, მიიღო, გადაჭარბებულად მიმაჩნია. ამის პარალელურად რა ხდება საქართველოს გარშემო? - ცნობილი ნაბუკოს პროექტი, ფაქტობრივად მირაჟად იქცა საქართველოსთვის. რამდენიმე დღის წინ გერმანიამ გააკეთა განცხადება, რომ ნაბუკოს პროექტიდან გადის მისი მთავარი დამპროექტებელი გერმანული კომპანია. სტატიაში, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, სერიოზული წუხილი იყო გამოთქმული - რამდენად უსუსურია ევროპა, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები რუსეთთან მიმართებაში.
თუმცა, როდესაც ეს პროექტი იქმნებოდა, მის რეალიზებაზე მაშინაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა...
- რა თქმა უნდა, გარკვეული ქვეყნების მხრიდან ასე იყო, თუმცა დასავლეთისთვის, როგორც ჩანს, ეს სერიოზული მნიშვნელობის იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა.
გერმანიის კანცლერი თუ ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში აცხადებდნენ, რომ სერიოზული ინტერესი არსებობდა, პროექტის განსახორციელებლად. თუმცა, ამას აქვს მეორე მხარე - პროექტი თუ არ დაფინანსდება ბიზნესის მხრიდან, მხოლოდ პოლიტიკოსების სურვილით ვერ განხორციელდება.
კიდევ ერთი საკითხია ამ ეტაპზე ყურადსაღები - ბაქო-ყარსი-ახალქალაქის პროექტის ფარგლებში მარაბდა ახალქალაქის მონაკვეთის აღდგენა. როგორც რკინიგზის დეპარტამენტის საიტზეა საუბარი, საქართველო აზერბაიჯანი და თურქეთი სარკინიგზო მაგისტრალით უკავშირდება ერთმანეთს. ამ გზაზე, როგორც ირანის ალტერნატიული გადაზიდვების ხაზზე, დიდ იმედებს ამყარებენ, რომელიც დიდი რაოდენობით ტვირთებს გამოატარებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. პერსპექტივაში მოიაზრება ბოსფორის სრუტეში გვირაბის გახსნა, რომელიც ასევე საზღვაო გზის გარეშე გადაზიდვებს გულისხმობს.
ამ პროექტზე ბევრს ლაპარაკობდა სააკაშვილის მთავრობაც, თუმცა მის მიმართ გარკვეული კითხვები დარჩა...
- ეს არის პროექტი, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობისთვის, ასევე მისი უსაფრთხოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ სერიოზულად აკავშირებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ინტერესებს, რაც ასევე საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებსაც წაადგება, რადგან უფრო მკვეთრად გამოიხატება საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში.
ამის პარალელურად, რკინიგზის დეპარტამენტის საიტზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის მითითებული, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის შემდეგ საზღვაო გადაზიდვების საჭიროება ამოვარდება დღის წესრიგიდან.
ამის ირგვლივ ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, იმიტომ, რომ საქართველოს საზღვაო პორტები ფაქტობრივად, უფუნქციოდ რჩება. ანუ, ის, ვინც თავის დროზე ამ პროექტის შედგენაში მონაწილეობდა საქართველოს მხრიდან, რატომ არ დაფიქრდა იმაზე, რომ რეალურად ეს პროექტი საქართველოს პორტებს ანეიტრალებს?
უფრო ღრმად თუ წავალთ, რასაც უნდა მომსახურებოდა მსგავსი პროექტები, ანუ საქართველოს ფუნქციის კიდეც უფრო გაზრდას რეგიონში, ფაქტობრივად, ვერ ხორციელდება და საქართველოს აკნინებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პროექტი შენდება აზერბაიჯანული ფულით. საკითხავია, რა უნდა მიიღოს საქართველომ იმდენი ამ გადაზიდვებიდან, რომ ეს 700 მილიონი დაფაროს. მეორე მხრივ, თუ პორტებს მოაკლდება ტვირთბრუნვა, ესეც სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს მოიტანს საქართველოსთვის.
მეორე მხრივ, ამ პროექტებისთვის ნებისმიერი დაბრკოლების შექმნა პირდაპირ დაარტყამს საქართველოს ინტერესებს - გააუარესებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობას, ამის გარდა, უსაფრთხოების ის ბერკეტები, რაც შეიძლებოდა ამოქმედებულიყო, ვერ ამოქმედდება. ანუ, მივიღებთ უარეს შედეგს.
პროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება, რომ პორტები უფუნქციოდ რჩებოდა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ ეს ასე არ იყო. თვლით, რომ დღეს შესაძლებელია გარკვეული საკითხების გადახედვა?
- ვინც რეალურად მონაწილეობდა ამ პროექტის შედგენაში, ფაქტობრივად, იგნორირება გაუწია საქართველოს ინტერესებს, მაშინ, როდესაც ეს პროექტი, შეიძლებოდა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასაყრდენი ყოფილიყო, იგივე საერთაშორისო პოზიციების გასამყარებლად.
ალბათ, ამ ეტაპზე მაინც უნდა დაიწყოს ამ თემების საჯაროდ განხილვა, თუნდაც იმიტომ, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს საქართველოს ინტერესები.
ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა, მეორე მხრივ, მეზობლებთან კარგი ურთიერთობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს საქართველოს თამაშგარე დატოვება.
ძალიან რთული ეტაპი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას გასავლელი და ფაქტობრივად, წინა ხელისუფლების მიერ ჩადებული ნაღმების ამოქმედების საშიშროების წინაშე დგას. ეს ის საკითხია, რომელმაც შეიძლება, პირდაპირ დაარტყას ქვეყნის ინტერესებს, ან პირიქით, მისი მდგომარეობის გამყარებას შეუწყოს ხელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, ნატო და ევროკავშირია. როგორც ახლახანს მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი მზად იყო „მაპის“ მისაღებად, მაგრამ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. თუმცა, ნატოს წარმომადგენლები არ ადასტურებენ, რომ საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭება იგეგმებოდა...
- რომელ „მაპზეა“ ლაპარაკი, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის კომენტარი, სადაც სიტყვასიტყვით წერს, რომ იმედია, ნატო გაითვალისწინებს, რომ საქართველოს ნატოსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის პროცესი პირდაპირ აისახება არა მხოლოდ ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე, არამედ ევროპის უსაფრთხოებაზეცო. ამ ტიპის მუქარა რუსეთისგანაც კი იშვიათად გაჟღერებულა.
„ნატო“ დეტალურად აანალიზებს და წონის ნებისმიერი გადაწყვეტილების პლუსებს და მინუსებს. ამ ეტაპზე რომ „მაპზე“ საუბარი არ იქნებოდა და არც იყო „ნატო“ ამისათვის შემზადებული, ცხადია.
ასეთი გადაწყვეტილებები ორ კვირაში და ერთ თვეში არ მიიღება. საქართველოს არჩევნების შედეგი იმდენად მოულოდნელი იყო იგივე დასავლეთისთვის, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლასთან დაკავშირებით გარკვეული ადაპტაციის პროცესი სჭირდება და ასე ხელაღებით საქართველოს „მაპს“ არავინ არ მისცემდა.
სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისას იტყუებოდა და ახლა, როდესაც მისი პასუხისმგებლობები მინიმუმ, განახევრებულია, რომ მოიტყუოს, ამაში რა არის გასაკვირი? მაშინ პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო, ტერორისა და შიშის პირობებში ვის ჰქონდა ათი თავი ამისი ტყუილები აღენუსხა და მერე პასუხი მოეთხოვა. ამჯერად, ეს ვერ გათვალა, რომ დღეს ის დრო აღარ არის და პასუხი იქნებოდა ცოტა უფრო მეტად მკაცრი, ვიდრე პირველ ოქტომბრამდე.
საქართველოს ხელისუფლებას შესასრულებელი აქვს როგორც საგარეო ასევე საშინაო ვალდებულებები. ის საკითხი, რომ ყოფილი ხელისუფლება მასთან არ თანამშრომლობს, ვერ იქნება არგუმენტად მიღებული, იმისათვის, რომ მან რაღაც ვერ გააკეთა ან რაღაც შეეშალა. უკვე დავრწმუნდით, რომ დასავლეთის ახალ ხელისუფლებასთან მიმართებაში ამ ეტაპზე საკმაოდ მკაცრია...
- აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ - ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან. ეგვიპტეში მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს, როგორ ექცევა ამერიკა თავისთვის არასასურველ ხელისუფლებებს სტრატეგიულად მოკავშირე ქვეყნებში.
როდესაც „არაბული რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლება შეიცვალა, როგორც ჩანს, მაშინ ამერიკამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, შედეგად ეგვიპტის სათავეში მოვიდა ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ამერიკისთვის და სულ რაღაც მოკლე დროში მივიღეთ სიტუაცია, როდესაც იმ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს მაშტაბური გამოსვლები. ამერიკულ ინტერესს ნათლად უსვამს ხაზს ელ ბარადეის ფიგურა, რომელიც არის ფაქტობრივად ამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერი. თუმცა, ეგვიპტის ვარიანტში ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლება ძველისგან არაფრით განსხვავდება. პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა კონსტიტუცია - ხელისუფლების ყველა შტო კარგავს დამოუკიდებლობას და ერთი პირის, პრეზიდენტის ხელში იყრის თავს. რაც ეგვიპტეში დაიწყო, ამის საფუძველი თავად ეგვიპტის ხელისუფლების ქმედებაშია, მაგრამ ხალხის უკმაყოფილებას ამერიკა ძალზე ეფექტურად იყენებს.
პერსპექტივაში გასათვალისწინებელია ეს სიტუაცია აშშ-ს ნებისმიერი პარტნიორი ქვეყნისათვის - როფორი ფორმები აქვთ ამერიკელებს იმ ხელისუფლებებთან ურთიერთობისას, რომელიც მათ არ აწყობთ. ასე რომ, სულ ცოტა ხნის წინ მოსულ ხელისუფლებას ძალიან ბევრი გამოწვევა ხვდება და იმედია, შეძლებს საგარეო პოლიტიკური მიზნების სწორად გაანალიზებას, შემდეგ კი უკვე მის სტრატეგიულ დაგეგმვას და წარმართვას.