წართმეული ბიზნესების მესაკუთრეები პროკურატურაში ჩივიან

წართმეული ბიზნესების მესაკუთრეები პროკურატურაში ჩივიან

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ე.წ. „ჭრელი აბანოსა“ და რიყის ტერიტორიაზე არსებული საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებზე საჩივრები შევიდა. საუბარია იმ ქონებაზე, რომელიც 2006 წელს ეკონიმიკის სამინისტრომ ზეწოლითა და იძულებით გადაიფორმა. შეგახსენებთ, ერთ დღესაც რიყის ტერიტორიაზე რესტორნების მფლობელებს ყველას ერთად „გაუჩნდათ სურვილი“, რომ მათ საკუთრებაში არსებული რესტორნები სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ. გადაფორმებაც ერთ დღეს მოხდა და ყველა საქმეში ერთი და იგივე სანოტარო ბიურო ფუნქციონირებს, რომელიც სპეციალურად ამისთვის ღამით გაიხსნა.

დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო ჭრელ აბანოებთან დაკავშირებითაც, რომელიც მესაკუთრეს იძულებითა და მუქარით სახელმწიფოსთვის გადააფორმებინეს. აღნიშნული ფაქტები ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის პერიოდში განხორციელდა. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით ადვოკატებმა არაერთხელ შეიტანეს საჩივრები პროკურატურაში, მაგრამ რეაგირება რა თქმა უნდა, არ მომხდარა. ამჯერად კი, ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატუტრაში „ჭრელ აბანოსთან“ დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

For.ge ერთ-ერთ მათგანს, ვახტანგ ქანაშვილს ესაუბრა.

ვახტანგ ქანაშვილი: „ყველა ეს ქონება, როგორც რიყის ტერიტორიაზე არსებული, ასევე ე.წ. ჭრელი აბანოებიც თავის დროზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა. ამ მიზნის მისაღწევად პროკურატურა ამ ქონების მესაკუთრეებზე ზეწოლას ახორციელებდა. ჭრელი აბანოების შემთხვევაში ეს არის გრიგოლ ხიზანეიშვილი, რომელიც ამ ტერიტორიაზე 800 კვ მეტრზე მეტს ფლობდა. მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ჭრელი აბანოები ჩამოართვეს, ეს ქონება აუქციონზე გავიდა და ჩემთვის უცნობია, აუქციონის წესით ვინ იყიდა ის და ახლა ვის საკუთრებაშია. აქვე აღვნიშნავთ, რომ გრიგოლ ხიზანეიშვილმა მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ მას ეს ქონება უკანონოდ ჩამოართვეს და გააფრთხილა პოტენციური მყიდველები, რომ ეს ქონება არ შეეძინათ. ამდენად, მათთვის, ვის საკუთრებაშიც ახლა ჭრელი აბანოები იმყოფება, მაშინვე ცნობილი იყო, რომ უკანონოდ ჩამართმეულ ქონებას ყიდულობდნენ. ამასთან დაკავშირებით მაშინ სახალხო დამცველმაც გააკეთა განცხადება.

როგორ მოხდა გრიგოლ ხიზანეიშვილისთვის ამ ქონების ჩამორთმევა

- იგი პროკურატურაში დაიბარეს და მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ გიორგი ხვედელიძე და ვინმე ვალერი ლაცუზბაია. მათ პირდაპირ უთხრეს პროკურატურაში მისულ ხიზანეიშვილს, რომ მის საკუთრებაში არსებული ჭრელი აბანოები უნდა დაეთმო. წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკის ჩადებითა და დაჭერით ემუქრებოდნენ. ამასთანავე, იმ პერიოდში ხიზანეიშვილის ვაჟიშვილი არასრულწლოვანი იყო და მისი დაპატიმრებითაც დაემუქრნენ. ასეთ პირობებში დაათმობინეს ხიზანეიშვილს ჭრელი აბანოები.

ანალოგიური სიტუაცია იყო რიყის ტერიტორიაზე არსებულ რესტორნებთან დაკავშირებითაც. ამ რესტორნების მესაკუთრეებიც, ნანა კალატოზიშვილი, ვალტერ შაკაია და დავით შაკაია პროკურატურაში დაიბარეს და მათაც შანტაჟითა და მუქარით ჩამოართვეს აღნიშნული ქონება. სამივე მათგანის ქონების ეკონომიკის სამინისტროზე გადაფორმება ერთ დღეს მოხდა.

ბატონო ვახტანგ, ამ ადამიანებს ქონება ისე ჩამოართვეს, რომ სანაცვლოდ არაფერი შეუთავაზებიათ?

- რიყის რესტორნების მესაკუთრეებს ყველაფერი ისე ჩამოართვეს, რომ სანაცვლოდ არაფერი შეუთავაზებიათ. რაც შეეხება ჭრელ აბანოებს, მას რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. მათგან რამდენიმეს სანაცვლოდ გარკვეული თანხა შესთავაზეს. გრიგოლ ხიზანეიშვილსა და კიდევ ერთ ადამიანს (რომლის ვინაობაც არ ვიცი) საერთოდ არაფერი შესთავაზეს და პირდაპირ ქონება დაათმობინეს.

რა ვითარებაში ხდებოდა ამ ადამიანების დაბარება, ვინ უკავშირდებოდა მათ, რომ პროკურატურაში მისულიყვნენ?

- უბრალოდ, პროკურატურიდან ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ისინი დაბარებულები იყვნენ. ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათზე იწყებოდა ზეწოლის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ რიყეზე რესტორნის მფლობელი ნანა კალატოზიშვილი პროკურატურამ ეჭვმიტანილად სცნო, თითქოს მას ეს ტერიტორია თაღლითური გზით ჰქონდა შესყიდული. ხოლო როდესაც ქონება ეკონომიკის სამინისტროზე გადააფორმებინეს, კალატოზიშვილის მიმართ აღძრული საქმე უკვალოდ გაქრა. რა თქმა უნდა, წარმოება შეწყდა, მაგრამ ამ საქმეზე არც დადგენილება ყოფილა გამოტანილი და არც რაიმე სხვა დოკუმენტი. აქვე გეტყვით, რომ როდესაც ვალტერ და დავით შაკაიებმა დაინახეს, რომ ნანა კალატოზიშვილი ეჭვმიტანილად სცნეს, ისინი მიხვდნენ, რომ მათ მიმართ საქმის აღძვრის რეალური საშიშროებაც არსებობდა. ამიტომაც, ისინი პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას დაემორჩილნენ და ყველაფერი უსასყიდლოდ გადაუფორმეს სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, რომ ამ ქონებების ჩამორთმევა აუცილებლად ღამის საათებში ხდებოდა. ამასთანავე, ჩემს ხელთ არსებული სამივე შემთხვევა ერთ ნოტარიუსშია გაფორმებული. ეს ნოტარიუსი არის ვინმე გინტური და ეს ადამიანები ქონების სახელმწიფოსთვის გადასაფორმებლად ამ ნოტარიუსთან შუაღამისას პირდაპირ პროკურატურიდან მიჰყავდათ.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით თქვენ საჩივრით მიმართეთ მთავარ პროკურატურას. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას ითხოვთ ამ საჩივრით?

- ჩვენ ვითხოვთ ქონების ჩამორთმევის ამ ფაქტებზე გამოძიების ჩატარებას და იმ ადამიანების დასჯას, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა. ასევე ვითხოვთ წარმთეული საკუთრების მათი კანონიერი მფლობელებისათვის დაბრუნებას.

ჭრელი აბანოების დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ რიყის ტერიტორიაზე ახლა სულ სხვა ინფრასტრუქტურაა და ამ ტერიტორიის მათი კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

- დიახ, რიყის ტერიტორიის სანაცვლოდ, შესაძლოა, ამ ადამიანებს რაღაც შესთავაზონ, ან სანაცვლო ფართი, ან ფულადი ანაზღაურება. ყოველ შემთხვევაში, ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს, დადგინდნენ და დაისაჯონ დამნაშავე პირები და ამაზე, ალბათ, უკვე შემდეგ ვიმსჯელებთ.

ბატონო ვახტანგ, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში როდესაც ადამიანებს პროკურატურაში ქონების ჩამოსართმევად იბარებდნენ, რომელიმე მაღალჩინოსნის სახელით ელაპარაკებოდნენ ხოლმე. ამ შემთხვევებშიც ასე მოხდა?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირდაპირ ასე ვინმეს სახელით საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ცხადია, პროკურატურის რიგითი თანამშრომლები ამის გაკეთებას თავისი ინიციატივით ვერ გაბედავდნენ. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ამ საქმეებში გარკვეული მაღალჩინოსნების ბრალეულობაც გამოიკვეთება.