ავიაციაში უამრავი რამ შეცვლება – ბილეთის ფასიდან მოყოლებული, მგზავრობის წესების ჩათვლით

ავიაციაში უამრავი რამ შეცვლება – ბილეთის ფასიდან მოყოლებული, მგზავრობის წესების ჩათვლით

პანდემია მსოფლიოში დასასრულს უახლოვდება, თუმცა სამომავლოდ ბიზნესში ბევრი შეზღუდვა დარჩება, რომელიც გლობალურმა საფრთხემ მოიტანა. განსაკუთრებით დიდი დაკვირვების ქვეშაა ავიამიმოსვლა, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს გვერდს ვერ აუვლის.

ავიაბაზრის ამერიკული გამოცემა პანდემიის დასრულებისა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენის შემდგომ სატრანსპორტო კომპანიების სრულიად ახალი მოდელის შესახებ რეპორტაჟს აქვეყნებს. ფრენის განახლების შემდეგ თვითმფრინავში ჩასასხდომად მგზავრებს შესაძლოა, მრავალსაათიანი პროცედურების გავლა მოუხდეთ.

ბოლო პერიოდში აქტიური საუბარი მიდის ცვლილებებზე, რომლებიც, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, მგზავრებს ელოდებათ. მათ აეროპორტში შესაძლოა, 4-საათიანი ლოდინიც კი მოუხდეთ, რათა, საბოლოო ჯამში, საჰაერო ხომალდზე მოხვდნენ. საჭირო იქნება ისეთი პროცედურების გავლა, რომლებიც აქამდე სავალდებულო არ იყო და, თავის მხრივ, დამატებით დროს საჭიროებს. საუბარია თერმოსკრინინგზე, ზოგიერთ შემთხევაში - მგზავრის ტესტირებაზე და ა.შ. გარკვეულ დროს წაიღებს ასევე სოციალური დისტანციის დაცვა და ასევე თვითმფრინავში მგზავრების ჩასხდომის შეცვლილი პროცედურები.

სავარაუდოდ, ახლო მომავალში ფრენებისთვის თვითმფრინავის სალონში, სამადგილიან რიგებში, გადანაწილება ისე შეიცვლება, რომ დისტანცირება მგზავრებს შორის შუა ადგილების დაცარიელებით იქნას მიღებული. ასეთი სურათი ავიახაზებისთვის ფულის გამომუშავებას შეუძლებელს გახდის. საერთაშორისო საჰაერო გადაადგილების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდ დე ჟუნიაკის თქმით, ავიაკომპანიებს მგზავრობის გაძვირება მოუწევთ.

„ამ პირობებში არ არსებობს ავიაკომპანია, რომელიც შეძლებს, იფრინოს და თან მოგება მიიღოს ბიზნესიდან. ორი გამოსავალია - ან არ უნდა ვიფრინოთ, ან უნდა გავზარდოთ ბილეთების ფასი 50-დან 100 პროცენტამდე. ეს არის ბიუჯეტური მოგზაურობის დასასრული ყველასთვის“, - განაცხადა დე ჟუნიაკმა.

გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ მგზავრებს შორის ბარიერის ფუნქციას დასაჯდომი ადგილების სპეციალური ფარებით გამოყოფა შეასრულებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ავიაინდუსტრია ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც აქამდე იყო.

„ჰაბ ჯორჯიის“ დამფუძნებლის, გიორგი კოდუას აზრით, ფიზიკური დისტანცირება თვითმფირნავებში ვერ მოხდება, რადგან ეს კოლოსალურად გააძვირებს ბილეთის ფასს და აზრს დაუკარგავს მას.

„არ მგონია, სიმართლეს შეესაბამებოდეს ის, რომ შესაძლებელია მგზავრების სოციალური დისტანცირებით ბორტზე განთავსება. ეს, უბრალოდ, არარეალურია და ნიშნავს, რომ „ვიაიპი“ თვითმფრინავით უნდა იფრინოს ყველა ადამიანმა. ამ შემთხვევაში იმდენად გაძვირდება და არარეალური იქნება ბილეთის ფასი, რომ აზრი დაეკარგება ფრენას. უფრო ახლოს ლოგიკასთან არის სცენარი, რომ მოხდეს ნიღბებით, ფარებითა და სხვა ამგვარი აღჭურვილობით მგზავრობა“, - განაცხადა კოდუამ.

რა სტრატეგია აქვთ ქართულ ავიაკომპანიებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გაძვირდება თუ არა ბილეთის ფასი დაბალბიუჯეტიან ავიარეისებზე, ამასთან დაკაშირებით თითქმის არაფერია ცნობილი. საავიაციო დარგის ექსპერტი თამუნა თანდაშვილი აღნიშნავს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი.

„არაფერი გვსმენია ჯერჯერობით ქართული ავიაკომპანიების სტრატეგიაზე და ეჭვი მაქვს, რომ არც აქვთ კონკრეტული გეგმა. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე თქვა, რომ არ აპირებს ავიაბილეთების გაძვირებას. მათ შეიძლება შედარებით დაბალფასიან ხომალდებზე გააკეთონ აქცენტი, რადგან შეიცვლება სავარძლების რაოდენობა. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს იმდენად კარგად აქვთ ბიზნესმოდელი აწყობილი, რომ ეს კრიზისი მათზე ისე მძიმედ არ აისახება, როგორც სხვაზე. ვფიქრობ, არც თუ ისე დრამატულია მდგომარეობა. ამიტომ წინასწარ დასკვნების გამოტანა არასწორი იქნება.

საქართველოში უცხოური ავიაკომპანიების სტრატეგია დამოკიდებულია საჯარო სექტორთან მოლაპარაკებებზე. თუ საჯარო სექტორი ეფექტურად მოელაპარაკება საერთაშორისო ავიაკომპანიებს და ისინი გახსნიან საქართველოში ფრენას, ეს სასარგებლო იქნება ჩვენთვის“, - განუცხადა „კომერსანტს“ თანდაშვილმა.

რომელ ბაზარზე უნდა გაკეთდეს აქცენტი შემოსავლებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით და მოიტანს თუ არა შიდა ტურიზმის აღდგენა მოგებას საავიაციო დარგისთვის, თანდაშვილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ისრაელის ბაზარი, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე ხელსაყრელი სწორედ ისრაელთან მიმოსვლის აღგენა იქნება.

 

Aburjga Tasmanieli ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება, ადრე რომ იყო დაახლოებით აი ისე. მათ შორის ბილეთის ფასიც!
4 წლის უკან