„სამწუხაროდ, ქართველობა ცოტა სნობური საზოგადოებაა“

„სამწუხაროდ, ქართველობა ცოტა სნობური საზოგადოებაა“

ბოლო დროს მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია გარკვეული ძალების ე.წ. საპილოტე აქტივობად აფასებს, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. მისი თქმით, რამდენიმე ქართული ფსევდოუფლებადამცველი ორგანიზაცია ცდილობს საზოგადოებაში შექმნას მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სხვა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას ხელი ეშლება, რაც მიზანმიმართული ცრუ საინფორმაციო პროპაგანდაა.

For.ge ესაუბრა არჩილ გამზარდიას.

თქვენ აღნიშნავთ, რომ რელიგიური დაპირისპირება გარკვეული ძალების .. საპილოტე აქტივობაა. ვის ინტერესში უნდა შედიოდეს ეს საპილოტე აქტივობა?   
- საინტერესოა, ნუთუ ნებისმიერ, თუნდაც 200 ქართველს ასე მარტივად შეუძლია, არაქართულ მიწაზე გახსნას პატარა ეკლესია და იქ ზარი დარეკოს?! ამიტომ, როგორც წესი, მსგავსი საკითხები ზოგჯერ პოლიტიკური შეთანხმების საგანია. ადრეც იყო მსჯელობა თურქეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა საკითხზე. რა და როგორ გაგრძელდა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ეს არის ქვეყნის ლიდერებს შორის, მათ რელიგიურ წარმომადგენლებს შორის მსჯელობის საგანი. უბრალოდ, ჩვენს შემთხვევაში, საზოგადოების წევრებს ხშირად ეშლებათ, რა არის რწმენის თავისუფლება - ადამიანი საკუთარ სახლში ილოცებს ან აქვს თუ არა უფლება, ჩვენს გვერდით ცხოვრობდეს სხვა რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანი. მე მგონი, ეს საკითხი საქართველოში არც კი დაფიქსირებულა, ამის არცერთი შემთხვევა არ არსებობს. პირიქით, საქართველოს გარკვეულ ნაწილებში წინა წლებში ხშირად ხდებოდა ხოლმე, როდესაც ბერებს მცდელობა ჰქონდათ, დასახლებულიყვნენ სამხრეთ საქართველოში, მათ მიმართ ადგილობრივი სხვა აღმსარებლობის პირები ნეგატიური ფორმით გამოდიოდნენ, იყო კონფლიქტების მცდელობა და ძირძველ ქართულ მოსახლეობას უშლიდნენ ხელს საკუთარი აღმსარებლობის უფლებაში. ახლაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, იგივე „ჰუმან რაითსის“ კვლევები, რომლებიც აზერბაიჯანის ქართულ მოსახლეობას ეხება, რომ ამ სასაზღვრო რეგიონის ქართულ მოსახლეობას ეკრძალება ქართული სახელების დარქმევა, ქართული მართლმადიდებლური ან, ზოგადად, ქრისტიანული რწმენის უფლება. მსგავს შემთხვევებს კი საქართველოში არასდროს ვხვდებოდით, ასეთი შემთხვევები არც ახლა არის. გარკვეულწილად, ჩვენ შეგვიძლია, მცირე რეკომენდაციები და შენიშვნები მივცეთ იმ მოსახლეობას, რომლებიც ცოტა უხეშად გამოდიან ხოლმე, მაგრამ სათქმელს საკმაოდ მკაცრად და გასაგებად გამოხატავენ. იგივე მოხდა ნიგვზიანშიც. ამდენად, სამლოცველოს ან მეჩეთის აშენება ცოტა სხვა რანგის შეთანხმების საკითხი უნდა იყოს და ასე მარტივად არ უნდა გადაწყდეს.

ჩვენს უფლებადამცველებთან მიმართებით რადიკალურად კრიტიკული აზრი მაქვს, ისინი ხშირად გამოდიან გაუგებარი უფლებადაცვითი მექანიზმებით და ძირითად პრობლემას არ აქცევენ ყურადღებას. ერთია, ადამიანის უფლება, იცხოვროს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ, თუკი ის არ უშლის ხელს სხვას (ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის უმცირესობას, მათ იდენტურ მახასიათებლებს, კულტურას, ორიენტაციას, რწმენას) და მეორეა, თუ რამდენად აქვთ მათ უფლება, უფრო მაღალი რანგის შეთანხმების გარეშე დააარსონ რელიგიური ინსტიტუტები.

რა იგულისხმეთ ტერმინსაპილოტე აქტივობისმიღმა და რამდენად საეჭვოდ ემთხვევა ეს დაპირისპირება ახალი ხელისუფლების მოსვლას?

- რაც შეეხება ტერმინს „საპილოტე აქტივობა“, ჩემი შეფასებისას განზრახ არ ვახსენე სიტყვა „პროვოკაცია“, რადგან ზოგიერთებმა ივარაუდეს, რომ საპილოტე პროგრამა მაინცდამაინც პროვოკაციას ნიშნავდა. საპილოტე პროგრამა ნიშნავს, რომ, გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, გარდამავალ პერიოდში, ქაოსის პერიოდში, ეს თემა შეიძლება წინა პლანზე გადმოვიდეს, როდესაც არაადექვატური მიდგომები არის იმავე თავისუფლებასთან, იმავე უფლებადაცვით საკითხთან მიმართებით. ამიტომ, ძალიან ცუდად ემთხვევა ეს დინამიკა. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ფსევდო შეხედულებებმა ისე წამოიწია წინ, რომ მათთვის სასურველად დამთავრდა და ძირითადი მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებულ არ იქნა. ახლა კიდევ უფრო მაღალი რანგის მოთხოვნებმა წამოიწია, რაც ძალიან საეჭვოა და დინამიკაში უფრო და უფრო ეს მოთხოვნები იმატებს და უბრალო ლოცვის უფლებიდან დაწყებული, სამლოცველოს გახსნის უფლებით გაგრძელებული, შემდგომ უკვე მათი რელიგიური კერების შექმნის უფლებით შეიძლება დამთავრდეს. ეს ყველაფერი საკმაოდ საეჭვო ჩანს, ამიტომ დავარქვი ამ ყველაფერს „საპილოტე მცდელობა“. ნებისმიერ სფეროში ხდება ხოლმე, როცა საპილოტე ვერსიას რაღაცნაირად „ჩავუშვებთ“ და მერე ვაკვირდებით, რა და როგორ მიმდინარეობს, შემდგომ უკვე ვაყალიბებთ ახალ-ახალ გეგმებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენთვის საინტერესო საკითხი. ამიტომ საკმაოდ საეჭვოდ ჩანს, რომ ასე მოკლე ხანში რელიგიური დაპირისპირების ორი კერა შეიქმნა, რაღაცით მსგავსი და რაღაცით განსხვავებული კერები, რაც საკმაოდ დამაფიქრებელია.

პირდაპირ ვთქვათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყოფილი ხელისუფლების ინსპირირებულია?

- გამორიცხულად ნამდვილად არ უნდა ჩავთვალოთ ეს საკითხი, თუმცა ამის უტყუარობის დასამტკიცებლად უფრო მეტი დაკვირვება და შესწავლაა საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულწილად, წინა ხელისუფლება ცოტა არაადექვატურ საზომს ნერგავდა საზოგადოებაში უფლებადაცვით საკითხებთან მიმართებით, ამიტომ, გამორიცხული არ არის, მსგავს შემთხვევაში, საქმე გვქონდეს სხვადასხვა პირის ინტერესებთან ან ძველი ხელისუფლების სურვილთან, საკითხები არაადექვატურად წამოსწიოს. ამ ეტაპზე ამის მყარი შეფასების გაკეთება, რომ ეს ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია და მათი მხრიდან არის ირიბად მოწოდებული, ცალსახად გაჭირდება. თუმცა გამორიცხული არ არის.

ისიც ხომ ფაქტია, რომ ძველი ხელისუფლების დროს ასეთი ცხელი კერები არ იყო და აქამდე ნიგვზიანის, წინწყაროს მუსლიმანი მოსახლეობა არ გააქტიურებულა. ალბათ, ესეც რაღაცას მიანიშნებს.

- დიახ, და ჩვენ უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ძველი ხელისუფლების პირობებში საქართველოში არაფრის კერა არ არსებობდა. ახლა კი ძალიან ბევრი რამის გაპროტესტება დაიწყეს. საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს, როგორც იქნა, მიეცა უფლება, საკუთარი თვალსაზრისი წინა პლანზე გადმოსწიოს და თუნდაც უხეში ფორმით გამოაცხადოს სათქმელი ისე, არ შეეშინდეს, რომ საღამოს შს სამინისტრო დაარბევს ამ ჯგუფს, დააპატიმრებს და ათას პრობლემაში გახვევს. ადამიანებს ბოლო ორი თვის განმავლობაში უფლება მიეცათ, გამოხატონ პრეტენზიები, თორემ აქამდე ამ ხალხს სოფლებში საკმაოდ ეშინოდათ, რომ საკუთარი აზრი გამოეთქვათ. ეს ხალხი იქ ცხოვრობდა, ლოცულობდა, შესაძლებელია, იქ ნამდვილად გაიზარდა გარკვეული მოძრაობები და მცდელობები, რომ სხვა რწმენის მქონე ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი უფლება მოიპოვოს, მათ შორის, იმაზე მეტი უფლებაც მოიპოვონ, ვიდრე იქაურ ავტოქტონურ მოსახლეობას გააჩნია. მაგრამ ის, რომ წინა ხელისუფლების დროს ამ მხრივ გააქტიურება არ შეინიშნებოდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მაინცდამაინც ახლანდელ პროცესებს მოჰყვა. სავსებით შესაძლებელია, ის ვერსიაც დავუშვათ, რაც თქვენ თქვით, რომ სწორედ ამით აჩვენებენ ნაციონალები, თუ როგორი სტაბილურობა იყო მათ დროს მიღწეული საქართველოში და ახლა რამდენი არეულობაა.

ნებისმიერი კონფლიქტი, რაც კი ჩვენთან არსებობს, დაწყებული რელიგიური საკითხებით, გაგრძელებული ნებისმიერი სხვა საკითხით, გარკვეულწილად, იმის მემკვიდრეობაა, რაც ბოლო ცხრა წელიწადში ადამიანის უფლების შელახვის მხრივ ხდებოდა. ახლა კი ადამიანებს ამ ყველაფრის წინა პლანზე გამოტანის უფლება მიეცათ.

იმ შემთხვევაში, თუკი ამ ვერსიას მივყვებით, რომ ე.წ. რელიგიური დაპირისპირების გამოყენებით ძალების მოსინჯვა ყოფილი ხელისუფლების ინტერესშია, მაშინ საინტერესოა, სხვა კუთხით რამდენად წარმატებულად მუშაობენ ისინი, თუნდაც ახალი ხელისუფლების სახელის გასატეხად, როცა პოლიტიკურ დაჭერებად აღიარებენ ბოლოდროინდელ დაკავებებს და ახალი ხელისუფლებისთვის უცხოეთში სახელის გატეხვას ცდილობენ? 

- იცით, რაშია საქმე? მე, როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, გეტყვით, რომ ნებისმიერი შედეგი, რასაც შეიძლება ცალკეულმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა მიაღწიოს, შესაფასებელია. როდესაც ლაპარაკია ისეთ რთულ შედეგზე, რომ დროის მოკლე მომენტში მიაღწიონ დიდი წარმატებით მოსული ახალი ხელისუფლების რეიტინგის დაცემას საზოგადოების შიდა მიზნობრივ აუდიტორიაში (საქართველოს მაცხოვრებლებში) და, ასევე, გარე მიზნობრივ აუდიტორიაში (საზღვრებს მიღმა), მათ უნდა დაუმტკიცონ, რომ ეს ხელისუფლება თურმე საშიში და არასასურველია ყველასთვის. ეს საკმაოდ რთული მიზნების დასახავას მოითხოვს. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფის საგანი, რაც ნიშნავს, რომ ყველა სივრცეში კომპლექსურად უნდა მოხდეს ამ პროცესების მართვა. ცხადია, მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, ოპონენტებს შორის დავებზე, გადასახადებზე არ არის საუბარი, არამედ საუბარია ყველა მიმართულებაზე, რაშიც სოციალური შრეები შეიძლება მოვნახოთ. ამიტომ ისინი ცდილობენ, ყველგან შექმნან მაქსიმალური პრობლემა, რათა მოხდეს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია ყველა მიმართულებით.

გულისხმობთ ახალ ხელისუფლებაზე ერთობლივ დარტყმას, ყველა მიმართულებით?

- დიახ, ეს არის კარგად გააზრებული, სერიოზული, პროგრამული უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მოხდეს ახალი ხელისუფლების მაქსიმალური დისკრედიტაცია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი ხელისუფლება ხშირად, ხან გამოუცდელობით, ხან უძლურებით მათ ბევრ მიზეზს აძლევს იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის ბრძოლის დინამიკა გააძლიეროს.

თქვენ შეცდომები ახსენეთ, ამ მოკლე პერიოდში, კონკრეტულად რა გეჩვენებათ ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებულ მიუტევებელ შეცდომად?

- გარკვეულწილად, საზოგადოებასთან ურთიერთობის წყვეტა მოხდა. ყოველდღიურად, რიგითი ადამიანის დონეზე არ მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის საინფორმაციო მხარდაჭერა, რაზეც ახალი ხელისუფლება მუშაობს. ეს არის ახსნა-განმარტებითი მუშაობა, გააზრებული პროცესების ანალიზი, ალტერნატიული აზრის ნაკლებობა. ანალიტიკოსების დონეზე ვგულისხმობ და არა მაინცდამაინც პოლიტიკური მხარის დონეზე. კიდევ უფრო მეტად გასაშლელია ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენამდე მოდის და მკითხაობა გვიწევს ხოლმე.

თუმცა წინა ხელისუფლებას საერთოდ არ ჰქონდა მედიასთან ურთიერთობა, როგორც ამ ხელისუფლებას.

- მაგრამ წინა ხელისუფლებას არ ჰყავდა ისეთი ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი მოწინააღმდეგე, როგორც ამ ხელისუფლებას ჰყავს. დღეს თვალს ვადევნებდი და რამდენიმე ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დადო ასეთი კომენტარი, რას მოვესწარით, ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაველაპარაკეთ პირადად გენერალურ პროკურორსო და მეორემ დაწერა, პრესცენტრმა მიპასუხა, ბოლო ცხრა წელიწადში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილაო. ეს ფაქტია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, როგორ უნდა შეაფასო მოწინააღმდეგის ძალები, რომელიც დღეს არსებობს. მით უმეტეს, როდესაც თავისუფლების საზომი ჩვენთვის ცოტა დამაბნეველი აღმოჩნდა. რიგითი ადამიანიდან დაწყებული - დევნილი იყო ეს, სოციალური პრობლემის მქონე თუ სხვა დანარჩენი, ყველამ თავისუფლება და წნეხისგან მოშორება გამოხატა იმით, რომ უკანონობისკენ გადაიხარა, ზოგი რომელ შენობაში შევარდა, ზოგმა რა მოიმოქმედა, ზოგი კი კარვებში შიმშილობს პრემიერ-მინისტრის სახლის მისადგომებთან. სახელისუფლო მხარდაჭერამ პატიმრებიც დააბნია, თავისუფლება მათ ვერ გაიგეს და ორ დღეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები და არაადექვატური მოთხოვნები გაისმა ციხეებიდან. იმის გამო, რომ გადაჩვეულნი ვიყავით, რომ ხელისუფლების კრიტიკა თურმე შეიძლებოდა, რაღაც მომენტში, მედიამაც ვერ გაიგო ეს  თავისუფლება და დღეს უკვე გვესმის ახალი ხელისუფლების კრიტიკა და არა გარკვეული მხარდაჭერითი ღონისძიებები.

საქართველოზე რა უნდა ვთქვათ, როცა ყველაზე მეტად დასავლეთმა ვერ გაიგო ან არ გაიგო ის, რაც საქართველოში ხდება. ამას წინათ თქვენ განაცხადეთ, რომ უცხოურ მედიაში მიმდინარე საინფორმაციო ბრძოლის მიზანი ქართული საზოგადოების დეზორიენტირებაა. რეალურად რა არის უცხოურ პრესაში მიმდინარე საინფორმაციო ბრძოლის მიზანი?

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პირადი კონტაქტების საფუძველზე წინა ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობდა გარე აუდიტორიაზე. ახალი ხელისუფლების თითქმის არცერთ წარმომადგენელს (ორს ან სამს თუ არ ჩავთვლით), არ გააჩნია ამდენი ურთიერთობა დასავლეთთან. დააკვირდით ჩაბრძანდა ბატონი პრეზიდენტი პოლონეთში და პოლონეთის ერთ-ერთმა ხელისუფალმა უკვე ჩვენი საზოგადოებისგან არაადექვატური კომენტარი გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ მათ არასწორი ინფორმაცია დამაჯერებლად, ორგანიზებულად მიეწოდებათ და ისინიც გაუგებარ პოზიციებს გამოხატავენ. მოხდა ის, რაც არ მომხდარა ბოლო წლებში, რადგან დღემდე საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო პოზიციები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. ახლა კი ისე ხდება, რომ საქართველოს საზოგადოებას დაშორდა გარეშე პირთა პოზიციები. შესაძლებელია, საქართველო, როგორც მოკავშირე, დაიკარგოს და აქ ლაპარაკი არ არის ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ ორიენტირებზე. საუბარია, რომ საქართველოს საზოგადოებას ყოველ წუთში ახალი აღშფოთების მიზეზი ეძლევა, რადგან საზღვარგარეთული მედია და უცხოეთის ოფიციალური პირები ისეთ რამეს გამოხატავენ, რაზეც ელემენტარული მეთოდისტიც კი, ვინც ამ დარგს იცნობს, იტყვის, რომ ასეთი რამ სხვა შემთხვევაში არ ხდება. სამწუხაროდ, ქართველობა ცოტა სნობური საზოგადოებაა. ჩვენ გვიყვარს, ვუსმინოთ ვიღაცას გარედან და ავტორიტეტები, (არსებობს ასეთი ტერმინი - „აზრთა ლიდერები“), აზრთა ლიდერები ჩვენთვის ხშირად არიან არა ჩვენი ანალიტიკოსები, ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ძალიან გატეხილი აქვთ საქართველოში სახელი, არამედ გარეშე ადამიანები, მედია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაუკვეთო პოლიტიკური სტატია.

გაიხსენეთ, ერთ-ერთი რიგითი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელის განცხადება იყო რამდენიმე კვირის წინ აქტიურად დატრიალებული ქართულ მედიაში. ასეთი რიგითი პარტიები საქართველოში რამდენია და საზღვარგარეთ, მით უმეტეს, რამდენია. ამ ყველაფრის მიზანი კი ის არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს ეს შეფასებები, როგორც ფაქტი, და კრიტიკული აზრი კი არ მომწიფდეს ახალი ხელისუფლების მიმართ, რაც პირიქით, საჭიროცაა და უნდა დაეხმაროს მათ წინსვლაში, არამედ ნეგატიური პოზიციები წამოვიდეს საზოგადოებაში ახალი ხელისუფლების მიმართ.

საუბარი რომ შევაჯამოთ, როგორ ფიქრობთ, ყოფილი ხელისუფლების გათვლა ამ ეტაპზე რა არის, ექვსთვიან ციკლში ხელისუფლებაში ისევ დაბრუნება?

- ვფიქრობ, ყოფილ ხელისუფლებას პირდაპირ დაგეგმილი გათვლა არ აქვს. ამჟამად მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რათა, თუ მოხერხდება, უახლოეს ორ-სამ თვეში რადიკალურად შეუმცირონ იმიჯი ახალ ხელისუფლებას საკუთარ საზოგადოებაში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, რასაც წყალგამყოფს ვუწოდებთ, ექვსი თვის შემდეგ კითხვის ნიშნები გაჩნდეს, თუ რა მოხდება პარლამენტთან მიმართებით. დღევანდელი გათვლით, ბევრი სპეციალისტი დამაჯერებლად ამბობს, ხვალვე რომ ჩატარდეს არჩევნები, ახალი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მომხრე დაკარგა ამ უხერხული პროცესების გამო, მაინც უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე ოქტომბრის არჩევნებში მიიღო, რადგან ნაციონალების წნეხისგან გათავისუფლდა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, IRI-ის კვლევამაც დაამტკიცა ეს. ძალიან დინამიურად ვითარდება პროცესები. ჩვენ რომ დავუკვირდეთ, თუ რა ხდება ამ ორ თვეში, ზოგიერთ ქვეყანას ათი წელი მაინც ჰყოფნის ამდენი ფაქტი. ამიტომ, თუკი მოხერხდა, რომ უახლოეს სამ-ოთხ თვეში, როცა ექვსთვიან ციკლს მიუახლოვდებიან, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მაქსიმალურად დაიძაბოს პროცესები, შეიქმნას მაქსიმალური უხერხულობის კერები და კონფლიქტებმა მაქსიმალურად იმატოს, ბუნებრივია, მაშინ ვიფიქრებთ იმაზე, რომ სწორედ ექვსი თვის თავზე მოსახდენ შესაძლო შედეგზე იყო ორიენტირებული ნებისმიერი ეს ფაქტი და ნაციონალები უმრავლესობით მოსვლას გეგმავდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე ისიც ფაქტია, რომ უხერხულობის რამდენიმე კერა შეიქმნა, შემდეგ ისევ ჩაქრა ეს კერები, იმავე მაღაროელებთან, იმავე დევნილებთან მიმართებით. ასე რომ, აფეთქდება რაღაც, მერე ისევ წყნარდება.