დიტო გელოვანი: სამართლის პარამეტრები

დიტო გელოვანი: სამართლის პარამეტრები

აიღებ ცერცვს და ორად გააპობ. შემდეგ მეჭეჭს დანას დაუსვამ და როცა იქიდან სისხლი გამოვა, ცერცვის ერთ ნაჭერს წაუსვამ; შემდეგ ამოთხრო ორმოს და ამ ნახევარს მიწაში ჩაფლავ დაახლოებით შუაღამისას გზაჯვარედინზე, მთვარის დაბადებისას, მეორე ნახევარს კი დაწვავ. საქმე იმაშია, რომ ის ნახევარი, რომელსაც სისხლი აცხია, თანდათან მიიზიდავს მეორე ნახევარს, სისხლი კი ამასობაში მეჭეჭს მიიზიდავს და მეჭეჭიც მალე გაქრება.

(მარკ ტვენი, „ტომ სოიერის თავგადასავალი“)

თემები არც ისე ბევრი იყო და რაც იყო, ფაქტობრივად, ყველა პარლამენტს უკავშირდებოდა – შოთა მალაშხიამ რაღაც წამოიკნავლა, კაკო ბობოხიძემ ბრძნული რჩევების დარიგებას მიჰყო ხელი, მწვანე გაჩეჩილაძეს საკუთარი სიბრიყვე მწვანე ხახვივით შერჩა, გოგა ხაჩიძე ჯერ გადაირია, შემდეგ დაწყნარდა, ნუკრი ქანთარია კი ლამის დაიჭირეს და მკლავი მოჭრეს, „რატომ კარგი აგიგიას“ პონტში.

არადა, რა თქვა ნუკრიმ იმისთანა, ასეთი ამბავი რომ ატყდა? თქვა, პოლიტიკური სუტენიორები ხართო, ნაციონალებს უთხრა, და თავიდან კი ვერ გავიგე, რა ეწყინათ ამ უაღრესად უკანასკნელებს, მაგრამ შემდეგ, ღრმად რომ ჩავფიქრდი და ფსიქოანალიზი რომ მოვიშველიე, ყველაფერს მივხვდი.

ნაცებს ეწყინათ, ასაკზე რომ მიუთითეს. ახლავე ორი სიტყვით აგიხსნით – ამდენი წელი მათ ნაცბოზბანდას უწოდებდნენ და ახლა ნაცსუტბანდად მოიხსენიეს. ანუ, დაბერდით და ბოზობაზე ვეღარ ქაჩავთო. არადა, ქაჩავენ. ხომ გაგიგიათ, ჩიჩოლინა ისე არ დაეცემა, ვირისა რომ არ ზიდოსო, მაგრამ გინდა ვირისა გიზიდია და გინდაც უახლოესი წინაპრისა მიგირთმევია დიდი კოვზით.  

ამ ორი კვირის წინ ერთ–ერთი მედია–ექსპერტი (მედია–ბაზარზე რვა წელი რომ მოღვაწეობს და რვა მკითხველის გული რომ ვერ მოიგო) ერთ ჟურნალისტს სხვისი ბიოგრაფიის გამოქვეყნებას უკრძალავდა, ხოლო გასულ კვირაში უკვდავმა დეპუტატმა, კაკო(იე) ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ფიქრი აუკრძალა – პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე ფიქრს თავი დაანებეთო. რაღაცეებს მიედ–მოედო, რაღაცეებს წამოედო და წამოეგო და არც რჩევის მიცემა დაიზარა: ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის, განვითარების მიმართულებით მუშაობა დაიწყეთო.

ახლა, იმ ციტატას გაახლებთ, რომელიც მე „ინტერპრესნიუსმა“ მაახლა: ”გული მწყდება, რომ საქართველოს მოსახლეობა არ უფიქრდება, რა ხიფათი ელოდება თბილისს რეგიონების განუვითარებლობის შემთხვევაში, რა ხიფათი ელით და ზოგადად, რა ხიფათი ელოდება ქვეყანას, თუკი საქართველო კვლავ ერთი ქალაქის - თბილისის ამარა დარჩება“.

კაკოიეს გული წყდება და... აი დარდი!!! „აი დარდი“ იმიტომ, რომ კაკო აგრძელებს: ”სადმე წერია, რომ საქართველოს პარლამენტში მხოლოდ თბილისელები უნდა იყვნენ?! როგორ გგონიათ, რატომ ახერხებენ ხონელი ან წალენჯიხელი დეპუტატები თბილისში ყოფნას და რატომ ვერ ახერხებენ თბილისელი დეპუტატები ქუთაისში ყოფნას?!“

კაკოიე აღშფოთებული და... აი, დარდი. თუმცა, ერთი შეკითხვა მეც მებადება – სადმე წერია, რომ კაკო ბობოხიძე სულ დეპუტატი უნდა იყოს? ამხელა მთავარსარდალი კაცი ხარ, ჟურნალისტი გიცემია, წაგებული ომის შემდეგ შუა რუსთაველზე გახარებულს გიცეკვია, „მიშა მაგარია“ გიმღერია... წადი, რა, გოგა ხაჩიძე ნახე, გურამ დონაძე გააგორე და გუბაზ სანიკიძეს მოუსმინე.

მოდით, გუბაზ სანიკიძეს ჩვენც მოვუსმინოთ: „დღეს პარლამენტში ოპოზიცია არ არსებობს. თქვენ ოპოზიციაში ყოფნის მორალური უფლება უნდა მოიპოვოთ. აღიარეთ დანაშაული და მოიპოვეთ უფლება, რომ ოპოზიციაში იყოთ. საქართველოში სამართალმა პური ჭამა, სახელმწიფო წინ მიდის და ამას ვერავინ შეაჩერებს“.

ამბობენ, პური ასუქებსო. სამართალმა პური რომ ჭამა ეს კარგია, მაგრამ ზედმეტი პური არის ზედმეტი წონა, ხოლო ზედმეტი წონა იწვევს ნაადრევ სიკვდილს. პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სიას რომ გადავხედე, მივხვდი, რომ სამართალს საჭიროზე მეტი პური აქვს ნაჭამი. ამაზე საპარლამენტო უმრავლესობის სიაც მეტყველებს და... არ მინდა, ბატონო, გასუქებული და აქოშინებული სამართალი, 90–60–90 სამართალი მინდა. ამ პარამეტრებზე კი, რატომღაც კახა ბენდუქიძე და ხათუნა გოგორიშვილი გამახსენდა.

ამ ორი კვირის წინ, შორენა შავერდაშვილის გადამკიდე ლამის კახა ბენდუქიძის ფანი გავხდი, ხოლო გასულ კვირაში მწვანე გაჩეჩილაძის წყალობით, პირველად მოხდა, ხათუნა გოგორიშვილს რომ დავეთანხმე.

ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის წინ გია (მწვანე) გაჩეჩილაძემ სხვის მაგივრად მისცა ხმა, სხვის ნაცვლად დააჭირა პულტს თითი.ჰოდა, გასულ კვირაში „სხვის მაგივრად ხმის მიცემის“ ფაქტთან დაკავშირებული საკითხი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და აღმოჩნდა, რომ გაჩეჩილაძემ „არ იცის“ ვის მაგივრად მისცა კენჭისყრის დროს ხმა.

არ იცის და, ჰა!!!

შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა თქვა, რომ დაუდგენელი დარჩა იმ დეპუტატის ვინაობა, ვისი პულტიც გაჩეჩილაძემ გამოიყენა.

დაუდგენელი დარჩა და, ჰა!!!

და ამ დროს ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რაღაც ეჭვი მეპარება, ან იმან არ იცოდეს და ან ამან ვერ დაადგინოსო. ამ ხნის კაცი მოვიყარე და ვერ წარმომედგინა თუ როდესმე, რამეში ხათუნა გოგორიშვილს დავეთანხმებოდი.

ამიტომ ვამბობ, რომ სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად აუცილებელია დაგინების ინსტიტუტის შექმნა–ჩამოყალიბება და განვითარება, ხოლო პარლამენტში – დაგინების კომიტეტის შექმნა. დაიგინებ და ბურუსიც გაიფანტება. აბა ის ჯობს, რომ სხედან დეპუტატები და რომ მკითხაობენ, ვის მაგივრად მიცა გაჩეჩილაძემ და, საერთოდ, ვინ ვის მაგივრად იძლევა?!

და მაინც, ვის მაგივრად მისცა გია (მწვანე) გაჩეჩილაძემ? ამის გარკვევა მარტივად შეიძლება – ჩამოიარონ ქუთაისის რესტორნები და გაარკვიონ, ვინ უკისრა იმ დღეებში მაღარიჩი გაჩეჩილაძეს. ასევე, ჩამოიარონ რესტორნები და გაარკვიონ, სად და ვისთან ერთად დახარჯა გაჩეჩილაძემ სადეპუტატო ხელფასის ის 20 პროცენტი, რომელიც, წესით, უნდა დაკავებოდა.

კიევში კი ძებნილთა 25 პროცენტი დააკავეს, რაც ერთ კაცს შეადგენს. „სამი პირის – დათა ახალაიას, სოსო თოფურიძისა და გერონტი ალანიას – საერთაშორისო ძებნა გრძელდება“ – აცხადებს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა ალექსანდრე არაყიშვილი და რასაც აცხადებს, კარგად აცხადებს, მე კი, რაც ვთქვი, ვთქვი ცუდად. შემეშალა – ასეთი ოთხი ძებნილის 25 პროცენტი ერთი კაცი არ არის, ერთი პირი უნდა მეთქვა და, ისე, პირზე მეტად ხახა უფრო სწორი იქნებოდა. მოკლედ, კიევში ძებნილი ხახა დააკავეს – ოლეგ მელნიკოვი.

ეს ისე, ცნობისთვის, თორემ ჯერ ისევ პარლამენტში ვიმყოფებით და ისევ პარლამენტის ამბებს მიმოვიხილავთ. თუ ატყობთ, ცოტა არ იყოს მიჭირს და რომ მიჭირს – მიკვირს. თუმცა, ახსნა ყველაფერს მოეძებნება.

„ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ჟანგბადის მაჩვენებელი საკმარისზე დაბალია, ნახშირორჟანგის მაჩვენებელი კი აწეულია, ჰაერის შემადგენლობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის, კერძოდ, ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის რაოდენობა ჰაერის საშუალო შემადგენლობის მაჩვენებელს არ პასუხობს. "ნახშირორჟანგის მაჩვენებელი აწეულია, ჟანგბადი კი დაწეულია, ასე 19%-ის ფარგლებში. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო განიცდიან თანამშრომლები დისკომფორტს, უსიამოვნო შეგრძენებებს, გულის რევას, თავის ტკივილს“, - აი, ასეთი დასკვნა დაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის ექსპერტიზა ჩატარდა.

როგორც ხედავთ სიტუაცია ერთდროულად შემაშფოთებელიც არის და აღმაშფოთებელიც. სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ძალიანაც მადარდებს ჩვენი პარლამენტარების ჯანმრთელობა. კარგად თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ დეპუტატები რაღაცნაირად მიმკვდარებულები და მიკნავლებულები არიან და შოთა მალაშხია რომ არის, იმაზე უარესად გამოიყურებიან. თავად შოთა მალაშხია თავს კარგად გრძნობს – პარაზიტებისა და ბაქტერიებისთვის ასეთი გარემო პირდაპირ მისწრებაა, მაგრამ რა ქნას მარიამ საჯაიამ? ლამაზი გოგოა, აზროვნებს კიდეც და სულაც არ მინდა, რომ ნინა წკრიალაშვილს დაემსგავსოს – შემაშფოთებლად დაბერდეს და აღმაშფოთებლად გამოჩერჩეტდეს.

აი, ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული სიჩერჩეტის საუკეთესო მაგალითი –  „ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით დარჩიაშვილის მტკიცებით, ახალი ხელისუფლების მიერ დაპატიმრებულ ადამიანთა რაოდენობა მნიშვნელოვანად აჭარბებს 2003 წელს, რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლების მხრიდან დაპატიმრებულთა რიცხვს“.

სიჩერჩტე კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი რაოდენობა კი არ არის, მთავარი ხარისხია – 2003 წელს ნაცები წვრილმან და მსხვილმან ყალთაბანდებს იჭერდნენ, ახლა კი დიდი და პატარა ნამეძავარების (ხალხურად – ნაბოზრების) დრო დადგა. და, საერთოდ, ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანას ჭირს, ყალთაბანდებისა და ნამეძავარების კოჰაბიტაციის შედეგია.

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად მომწონს ეს სიტყვა – კოჰაბიტაცია. ადამიანებმა უნდა შეძლონ კოჰაბიტაცია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მოახერხებს ამას. რაც მეტი – უკეთესი. ისტორიას ახსოვს კოჰაბიტაცები –26 კომისარი, სამი ახალაია, ორი გაბაშვილი და ა.შ. გასულ კვირაში კი... მოდით, ჯობს ნიუსი ჩავიკითხოთ: „ლაგოდეხის გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში 106 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას

რადიო "ჰერეთი" ავრცელებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ გამორიცხავენ, რომ კანდიდატთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საკონკურსო განაცხადების მიღება 7 დეკემბერს უნდა დასრულდეს“.

ერთი, იმ 106 კანდიდატის თავში ჩამახედა... მაგრამ არ მეგონა ამ პატარა რაიონში ამდენი ხალხი თუ ცხოვრობდა, მაგრამ იქნებ სულ 106 კაცი ცხოვრობს და ყოველ მათგანს გამგებლობა სურს? რა თქმა უნდა 106–ზე მეტნი იქნებიან. რა თქმა უნდა, ყველა თავისი გუნდით აპირებს მოსვლას, ანუ მთელი ლაგოდეხი გამგეობაში მუშაობაზე ოცნებობს. ყველაზე სწორი იქნება, თუ ლაგოდეხის რაიონს 106 ტოლ ნაწილად დავყოფთ და ყველა კანდიდატს დავაკმაყოფილებთ. ერთად აიხდენენ ლაგოდეხურ ოცნებას და იქნებ სწორედ ამას ნიშნავს კოჰაბიტაცია?

„პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პრაქტიკულად „ჰამასის“ ცნობას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მალაშხიამ განაცხადა. მისი თქმით, „ჰამასი“ ის ორგანიზაციაა, რომელმაც ცნო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა“.

აკი, მიცვალებულები არ ლაპარაკობენო? ლაპარაკობენ და მერე როგორ! აკი, ვირი დაიღალაო? დაიღალა, დაისვენა და ალაპარაკდა კიდეც – „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი პარტია „მომავალი საქართველოსთვის“ დაბრუნებისთვის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. როგორც ნოღაიდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ბრძოლის დაწყებისა, ის პოლიტიკურ აქტივობას ამ ეტაპზე არ აპირებს“.

რაღაც ვერ გავიგე... თუ პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებს, მაშ პარტია რა თავში სახლელად უნდა? რაღაცაშია საქმე, ეგ ისეთი ჟუკია, ნამდვილად რამე ექნება მოფიქრებული. ნაცებს ემუქრებოდა, ძვლებს დაგამტვრევთო და, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პუტინს ხერხემალი დაუზიანებია, ლავროვს ხელი მოუტეხია... კისერიც უტეხიათ, მაგრამ რა შუაშია აქ ნოღაიდელი? ფაქტია, რაღაც შუაში ნამდვილად არის, მაგრამ ჩემი მოკლე ჭკუით ამას ვერ ჩავწვდები, სერიოზული ანალიტიკური გონებაა საჭირო. აი, მიშა რომ არის, თავხელიძე და ქეთა გაბიანი თავის თეათუთბერიძითურთ. მაგრამ ამათ არ ეცალათ, პეტიციას წერდნენ.

„გვჯერა, რომ ახალი მთავრობისა და თქვენს პირად ინტერესში არ შედის ახალაიასთან ფიზიკური ანგარიშსწორება. მაგრამ, მიუხედავად თქვენი დაპირებისა, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს აბსოლუტური გარანტია, რომ „ქურდულმა სამყარომ“, რომლის გავლენაც საქართველოს ციხეებში სწორედ ბაჩო ახალაიამ აღკვეთა, მასზე არ იძიოს შური“ – იმ სამეულმა ამ პეტიციაზე 47 ადამიანს მოაწერინა ხელი. ბევრი ირბინეს, მაგრამ ორმოცდარვამდე ვერ გაქაჩეს. მიშა პოლონეთში იყო, გია ბარამიძე – ვაშინგტონში, ნიკა ჩიტიძე – პირდაპირ ეთერში, ხოლო შალვა ნათელაშვილს, როგორც ერთმა ნიჭიერმა დაწერა „ფეისბუქში“, ბუჩქებში შეუსწრეს, სადაც ღარიბებს აძლევდა.

ისე, იმ ხელმოწერებს კარგად თუ დავათვალიერებთ, არ გამოვრიცხავ, რომ მწვანე გიას (გაჩეჩილაძეს) ვინმეს მაგივრად ჰქონდეს ხელი მოწერილი.

პრინციპში, ეს ყველაფერი სულ ჩვეულებრივი ამბები იყო, ახლა კი ერთი ცუდი ამბავი უნდა გითხრათ – შპს „სკაინეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შპს „სკაინეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა კომისიის დღევანდელ სხდომა მიენიჭა.

და რა არის აქ ცუდი? – იკითხავთ თქვენ. კითხვაზე გიპასუხებთ:

ძალიან მიყვარს ჰოლივუდის ფილმები, განსაკუთრებით – ბლოკბასტერები. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ორმა ფილმმა – „ტერმინატორი – 3“ და „2012“. „ტერმინატორში“ კომპიუტერული პროგრამა „სკაინეტი“ თავს აიშვებს და იწყება მესამე მსოფლიო ომი, ხოლო „2012“–ში ნაჩვენებია წარღვნა, რომელიც ხდება 21 დეკემბერს.

ახლა, კინოებს ნუ მომაყოლებთ...

მეგობრებო, ახლა 2012 წელია, შპს „სკაინეტმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო და 21 დეკემბერიც ახლოვდება.

ალბათ, მიმხვდით...

„დემოკრატიის კლასიკური ფორმულაა ის, როდესაც ქვეყანას ჰყავს ერთი პრეზიდენტი, ერთი პრემიერ-მინისტრი, ბევრი ყოფილი პრეზიდენტი, ბევრი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და არც ერთ მათგანი ციხეში არ არის, არც მოკლული ან გაუჩინარებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა“.

ალბათ, მიუხვდით.

„ქართული ოცნების" რეიტინგი კოსმოსშია ასული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

როგორც ვხვდები, წარღვნას მხოლოდ „ქართული ოცნების“ რეიტინგი თუ გადაურჩება.

როგორ დავიფანტეთ და დავიქსაქსეთ – სააკაშვილი პოლონეთში, ბარამიძე ამერიკაში, მელნიკოვი კიევში, დათა სოსო და გერონტი ჯანდაბაში, „ოცნების“ რეიტინგი კოსმოსში...

„თქვენც ვენაში წასული გეგონეთ არა? დეპარტამენტი ისევ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. უბრალოდ ეს პრესას აღარ აინტერესებს“, - აღნიშნა ნათია მოგელაძემ ჩემი მეგობარი სააგენტოს აგენტთან საუბრისას და რაც შეეძლო ნაზად გაიღიმა.

უჟასებიც მიყვარს.

შ.ნ. (შორს, ნაცებო) თუმცა, უმჯობესია, ცერცვის ნახევრის მიწაში ჩაფვლის დროს ზედ დააყოლო: „შორს, მეჭეჭო, ცერცვო, ძირს! ჩემკენ ნუღარ იზამთ პირს“.

(მარკ ტვენი, „ტომ სოიერის თავგადასავალი“)