ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმე კვლავ აქტუალობას იძენს

ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმე კვლავ აქტუალობას იძენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი განახლდა. ასლან აბაშიძეს ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობაში, ხიდების აფეთქებაში და უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში ედება ბრალი. სასამართლო პროცესის განახლების პარალელურად, ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს აბაშიძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი, ნატო იმნაძე აცხადებს, რომ მისი ოჯახისთვის აბაშიძის საქართველოში ჩამოსვლა პრობლემა არ არის. უფრო მეტიც, ნატო იმნაძის თქმით, დაზარალებული მხარე მზად არის მოუსმინოს აბაშიძეს, რით აპირებს იგი თავის მართლებას.

ნატო იმნაძე აბაშიძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას - განზრახ მკვლელობა, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრალდების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს. დაზარალებულის განცხადებით ეს იყო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით. ამასთანავე, ნატო იმნაძე ამბობს, რომ მისი მამის მკვლელობიდან უკვე 22 წელი გავიდა, სამი ხელისუფლება შეიცვალა და არც ერთ მათგანს საქმე ობიექტურად არ გამოუძიებია. მისი თქმით, მართალია, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქმის წარმოება განაახლეს, მაგრამ საქმეზე ორი მოწმის (მურმან ომანიძის და ნატო იმნაძის) დაკითხვის გარდა, არაფერი გაკეთებულა.

For.ge გთავაზობთ ინტერვიუს ნატო იმნაძესთან.

ნატო იმნაძე: „მამაჩემის მკვლელობის შემდეგ თითქმის 22 წელი გავიდა. საქართველოში სამჯერ შეიცვალა ხელისუფლება. ყოველი ხელისუფლება ამ საქმეს პოლიტიკური ვაჭრობისა თუ პოლიტიკური გარიგებისთვის იყენებდა. ვაჭრობდა ყველა, ვისაც კი ხელი მიუწვდებოდა ამ საქმესთან. ჩემი ოჯახი კი მორალურად განადგურებული და ღირსებააყრილი იმის მოლოდინშია, რომ ამჯერად მაინც დადგინდება სიმართლე და ყველაფერს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცემა.

ქალბატონო ნატო, იქნებ მოკლედ მოგვიყვეთ ამ საქმის შესახებ, რადგან როგორც ცნობილია, საქმე ძალიან მოცულობითია და მასში უამრავი გაყალბება და დარღვევაც ფიქსირდება.

- დიახ, საქმე მართლაც ძალიან მოცულობითია და ვეცდები შეძლებისდაგვარად მოკლედ მოვყვე მომხდარის შესახებ. 1991 წლის 30 აპრილს აჭარის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შენობაში მოკლეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ იმნაძე.

აჭარის პროკურატურაში საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და იმავე დღეს საქმე გენპროკურატურამ გადაიბარა. საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ მერაბ აბაშმაძეს დაეწერა. ძალიან მალე თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. 1992 წლის ივნისიდან მერაბ აბაშმაძის ძებნა დავიწყე და გავარკვიე, რომ ის მარნეულის პროკურორად მუშაობდა. მარნეულში ჩემს მეუღლესა და დედაჩემთან ერთად ჩავედი და ერთი მეგობარიც გვახლდა. შევხვდით მარნეულის პროკურორ აბაშმაძეს და ვკითხეთ, რა ბედი ეწია ჩვენს საქმეს. მან გვიპასუხა, რომ საქმე მიმდინარე მოვლენების გამო დროებით შეჩერებული იყო და იმ მოტივით, რომ გენპროკურატურიდან საქმე ვინმეს არ გაექრო, აბაშმაძეს ის თან ჰქონდა წაღებული და სეიფში ინახავდა. მან ასევე განგვიმარტა, რომ საქმე ისევ მას ეწერა, სეიფიდან გამოიღო და გვაჩვენა საქმის მასალები. საქმის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმ პერიოდისთვის საქართველოს გენპროკურორმა ვახტანგ რაზმაძემ 1993 წლის 27 თებერვალს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.

როდის განახლდა საქმის წარმოება?

- სამი წელი ველოდით გენპროკურატურაში ჩვენს გამოძახებას, რადგან ვფიქრობდით, რომ შეჩერებული საქმე განახლდებოდა. 1996 წლის 12 სექტემბერს მივედი გენპროკურატურაში და ვეცადე მამაჩემის მკვლელობის საქმის შესახებ ინფორმაცია მიმეღო. იქ განმიცხადეს, რომ საქმე მათ არქივებში არ ირიცხებოდა. დაახლოებით ორ თვეში დამიბარეს პროკურატურაში და მითხრეს, რომ აბაშმაძემ საქმე გენპროკურატურაში დააბრუნა, სადაც ის სისხლის სამართლის დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა მანანა ცაავამ შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა დადო. ამ დასკვნის თანახმად, საქმის განახლება გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ დასკვნის ტექსი პროკურორმა რამაზ ჟღენტმა წაგვიკითხა. მან ასევე დასძინა, რომ ვინაიდან აჭარაში სიტუაცია დაძაბული იყო, ამ საქმის გამოძიება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებდა და შესაძლო იყო საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მისულიყო. ამიტომ, გენერალური პროკურატურის პირველი პირები გვთხოვდნენ, რომ საქმე რამდენიმე თვის შემდეგ განეახლებინათ. მაშინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე შეჩერებული კი არა, არამედ წარმოებით შეწყვეტილი იყო.

რამდენადაც ცნობილია, ამ საქმეში გარკვეული დოკუმენტები გაყალბდა.

- დიახ, მაგრამ თავიდან იმის შესახებ გეტყვით, რა გარემოებებში მოხდა ეს. მოგეხსენებათ, 1999 წელს საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად „აღორძინების კავშირის“ რეიტინგი საქართველოში სწრაფად გაიზარდა და დიდი შანსი იყო, რომ მას საპარლამენტო არჩევნები მოეგო. ამიტომ, „მოქალაქეთა კავშირმა“, ზურაბ ჟვანიას მეთაურობით მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და 1999 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „რეზონანსში“ გამოაქვეყნებინა სტატია („რატომ არ წაუყენა გამოძიებამ განზრახ მკვლელობის ბრალდება ასლან აბაშიძეს?“), რომელშიც ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ დადგენილების სრული ტექსტი გამოქვეყნდა. მასში ჩანდა აბაშიძის ბრალეულობა და ისიც, რომ საქმე უკანონოდ იყო შეწყვეტილი.

ჩვენთვის სიახლე იყო ის, რომ ამ დადგენილების ტექსტი ამ რვა წლის განმავლობაში პირველად ვნახეთ და ისიც გაზეთში. ჩვენ სტატიის ავტორს დავუკავშირდით,  მან კი გვითხრა, რომ დადგენილების ტექსტი გენპროკურატურაში მოიძია, სადაც ის ზურაბ ჟვანიამ გენპროკურორის მოადგილე, ანზორ ბალუაშვილთან გააგზავნა. ბალუაშვილმა კი გამომძიებელ რეზო ზარანდიასთან გაუშვა, რომელსაც სავარაუდოდ, ეს საქმე ეწერა. ჟურნალისტის თქმით, ზარანდიამ საქმე სეიფიდან გამოიღო, ჟურნალისტმა კი დადგენილების ტექსტი ამოიწერა. ამ სტატიას მოჰყვა გენპროკურატურის პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსის, შემდგომ უშიშროების საბჭოს თანამშრომლის, ჟურნალისტ თემურ კვირკველიას სტატიები. მისი სტატიები ზუსტად ასახავდა საქმეზე მოძიებულ მასალებს და „რეზონანსის“ მიერ გამოქვეყნებული დადგენილების ტექსტის იდენტური იყო. მე ისევ მივმართე გენპროკურატურას, სადაც მითხრეს, რომ საქმე აუცილებლად განახლდებოდა.

ამ რვა წლის განმავლობაში (1991-1999 წლები) ჩემსა და ჩვენს ოჯახზე ქართულ მედიაში არაერთი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური მასალა დაიბეჭდა. რაც შეეხება ასლან აბაშიძის და მურმან ომანიძის ინტერვიუებს, ისინი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, მათი სირცუე და ცილისწამება ჩემი ოჯახის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათი ინტერვიუები გაზეთ „რეზონანსში“ დაბეჭდილი დადგენილების ტექსტის გაქარწყლებისკენ იყო მიმართული, ვინაიდან აბაშიძე იმ დადგენილებით მკვლელი იყო.

აქვე შეგახსენებთ, 2001 წლის შემოდგომაზე არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ოქტომბერში პოლიტიკური კრიზისის გამო თანამდებობიდან გადადგა შს მინისტრი კახა თარგამაძე, გენპროკურორი გია მეფარიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. დაიწყო პოლიტიკური ბრძოლა და ვაჭრობა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას რომელი პოლიტიკური გუნდი მოიპოვებდა. ჩემი ვარაუდით მოლაპარაკების შედეგად ჟვანია-სააკაშვილის გუნდსა და ასლან აბაშიძეს შორის პოლიტიკური გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, „აღორძინების კავშირის“ უმრავლესობა პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე მხარს დაუჭერდა ნინო ბურჯანაძეს, ჟვანია-სააკაშვილის გუნდი კი პასუხისმგებლობას იღებდა, რომ ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეში არსებულ დადგენილებას ახალი, ასლან აბაშიძის სასარგებლო დადგენილებით შეცვლიდა. 8 ნოემბერს ნინო ბურჯანაძე „აღორძინების კავშირის“ მხარდაჭერით პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და სავარაუდოდ, 2001 წლის ნოემბერ-დეკემბერში ნოდარ იმნაძის საქმეში ასლან აბაშიძის გამამართლებელი დადგენილება გაჩნდა.

რა მოხდა ამის შემდეგ?

- 2002 წლის 8 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო გადაცემა „ღამის კურიერში“ ასლან აბაშიძემ დამნაშავედ მე და მამაჩემი გამოგვიყვანა. ამ გადაცემას ჩემი და ჩემი ოჯახის შეურაცხმყოფელი სტატიები მოჰყვა. ჟურნალ „ინტერნეტ გაზეთში“ დაიბეჭდა ინტერვიუ საქმის გამომძიებელ აბაშმაძესთან, რომელმაც მე და მამაჩემს მკვლელები და ტერორისტები გვიწოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ გამომძიებელს დაავიწყდა მისი ხელით შეჩერებული საქმე, შემდეგ კი დადგენილება საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ და ახლა ინტერვიუში სულ სხვა დადგენილების ტექსტით საუბრობდა.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ გენპროკურატურაში მკვლელობის საქმეში ვიღაცას შეგნებულად შეცვლილი ჰქონდა დადგენილების ტექსტი, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული დადგენილების ტექსტისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მოგვიანებით ჩვენი ეს ეჭვი დადასტურდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თუ შეიცვალა ვითარება თქვენს საქმესთან დაკავშირებით?

- აბაშიძის რეჟიმის დამხობის შემდეგ საქმეზე გამოძიება განახლდა, მაგრამ ის არ იყო სრული და არ ჩატარებულა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. ამიტომ, ამჟამად, იმედს გამოვთქვამ, რომ ახლა მაინც საქმე მთლიანად იქნება შესწავლილი და ჭეშმარიტება დადგინდება.